2016 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაციის პროცესში მნიშვნელოვანი სიახლეა

2016 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის აბიტურიენტების რეგისტრაცია 9 თებერვლის 10:00 საათიდან 15 მარტის 18:00 საათამდე იწარმოებს.

აბიტურიენტთა ცნობარი (ინფორმაცია გამოცდებში მონაწილეობის საფასურის გადახდის, რეგისტრაციის პროცესის შესახებ, პროგრამების ჩამონათვალი და ა.შ.) გამოქვეყნდება 9 თებერვალს 09:00 საათზე.

რეგისტრაციის პროცესში მნიშვნელოვანი სიახლეა:
აბიტურიენტებს პირადი მონაცემების შეტანა, საგამოცდო ქალაქისა და ჩასაბარებელი საგნების არჩევა პირველ, ძირითად ეტაპზე, 9 თებერვლიდან 15 მარტამდე მოუწევთ. მათ ამ პერიოდში უნდა მიუთითონ ჩასაბარებელი საგნები – არანაკლებ 4 გამოცდისა (მხოლოდ სახელოვნებო/სასპორტო მიმართულების ფაკულტეტებზე ჩაბარების მსურველებმა -არანაკლებ 3 გამოცდისა, მხოლოდ მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ან ქართულ ენაში მომზადების პროგრამაზე სწავლის გაგრძელების მსურველებმა – არანაკლებ 1 გამოცდისა).

15 მარტის შემდეგ აბიტურიენტი ვეღარ შეცვლის საგამოცდო ქალაქს, თუმცა 1 ივნისამდე შეეძლება გამოცდის დამატება, საგნის შეცვლა; მაგ.: აბიტურიენტს არჩეული ჰქონდა ქიმია, მაგრამ გადაწყვიტა გეოგრაფიის ჩაბარება. ამ პერიოდის განმავლობაში შესაძლებელი იქნება ენის შეცვლაც (მაგ.: ზოგადი უნარები ქართულად შეიძლება ჩანაცვლდეს ზოგადი უნარების გამოცდით აზერბაიჯანულად ან სომხურად და ა. შ.).
ასეთი შესაძლებლობა ნაწილობრივ ელექტრონული ფორმატის დანერგვასთან ერთად გაჩნდა – წინა წლებში ტესტების უცხოეთში დასაბეჭდად დაზუსტებული ინფორმაცია თავიდანვე უნდა ყოფილიყო ცნობილი, 2016 წლიდან პროცესი ამ კუთხითაც გაცილებით მოქნილი გახდება.
რაც შეეხება საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალს, მათი არჩევა თუ შეცვლა აბიტურიენტებს სააპელაციო განაცხადების მიღების დასრულებამდე შეეძლებათ.
მეორე ეტაპის დასრულების შემდეგ (1 ივნისი) საგანთა ჩამონათვალში ცვლილება ვეღარ განხორციელდება.

2016 წლის გამოცდებს ნაწილობრივ ელექტრონული ფორმატით ჩააბარებენ:

  • აბიტურიენტები;
  • პედაგოგები (პედაგოგობის მსურველები);
  • სტუდენტები;
  • მაგისტრანტობის კანდიდატები.
ფორმატის ცვლილება მხოლოდ ტესტის (და არა პასუხების ფურცლის) ელექტრონულად მიწოდებას ითვალისწინებს. ახალი ფორმატის დანერგვის შედეგად მონაწილე დავალებას მისთვის განკუთვნილი კომპიუტერის ეკრანზე დაინახავს, პასუხებს კი, ჩვეულებრივ, პასუხების ფურცელზე მონიშნავს ან დაწერს.
მსგავსი სიახლეები
185 ნახვა