ქართული მხარე ირანთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას გეგმავს

ქართული მხარის ინიციატივით, საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
როგორც “ინტერპრესნიუსს” საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, გიორგი კვირიკაშვილმა და ჰასან რუჰანიმ ქართველი და ირანელი ხალხის მჭიდრო კულტურულ ურთიერთობებზე ისაუბრეს.

“გამოითქვა ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების იმედი. აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით ქართული მხარე გადადგამს კონკრეტულ ნაბიჯს, რაც ირანთან სავიზო რეჟიმის გაუქმებაში გამოიხატება”, – განაცხადეს პრესსამსახურში.

მათივე ინფორმაციით, საუბარი შეეხო საქართველოსა და ირანს შორის არსებულ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს და იმ უდიდეს პოტენციალს, რომელიც ქვეყნებს შორის არსებობს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირანის პრეზიდენტს აშშ-სა და ევროკავშირის მიერ სანქციების მოხსნა მიულოცა.
მხარეებმა ასევე რეგიონში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრეს და რეგიონის განვითარებისთვის საერთაშორისო უსაფრთხოების მნიშვნელობაზე ყურადღება გაამახვილეს.

 

,,ინტერპრესნიუსი”

მსგავსი სიახლეები
125 ნახვა