The Guardian – ბრძოლა ალეპოსთვის – საყვედური ამერიკას და მსოფლიოს

“The Guardian”-ის სარედაქციო სტატია

მთელი მსოფლიოს თვალწინ ინტენსიური ავიაეიერიშების შემდეგ, სირიის უმსხვილესი ქალაქი ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზე იმყოფება. ალეპო 20 წლის წინანდელ სარაევოს გვაგონებს.

ჯონ ქერი ასე იოლად არ ნებდება. სამშაბათს მიუნხენში შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ახალი დიპლომატიური წინადადებებით გამოვა, რომელთა მიზანი მშვიდობიანი მოლაპარაკებების წარმართვაა. მისი მიზანდასახულობის მიუხედავად, სირიაში ვითარება უკეთესობისკენ არ მიდის.

პირიქით, ასეთი სიტუაცია ამერიკულ და დასავლურ სტრატეგიას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. უკვე კვირაზე მეტია, რაც რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალებს ალეპოზე ავიადარტყმებს ახორციელებენ, რითაც ირანისა და სირიის სამთავრობო ძალების მხარდაჭერილ სამხედრო ფორმირებებს ეხმარებიან. განადგურებისკენ მიმართული ეს სტრატეგია სამომავლოდაც თუ გაგრძელდა, სირიის სამოქალაქო ომში ძალთა ბალანსი ფუნდამენტურად შეიცვლება.

ასეთ შემთხვევაში, ქერის შემოთავაზებული სამშვიდობო გეგმა ძალას დაკარგავს, რადგან აღარ დარჩება ძალა, რომელმაც მოლაპარაკებების მაგიდასთან ოპოზიცია შეიძლება წარმოადგინოს.

ალეპოში არსებულმა ჰუმანიტარულმა კატასტროფამ, მსოფლიოს ვითარების გადახედვის აუცილეებლობა უნდა დაანახოს. ათობით ათასი სირიელი სამოქალაქო პირი ზამთრის სიცივეში თურქეთის საზღვარზე იმყოფება. გაერო-ს მონაცემებით, ქალაქიდან შეიძლება კიდევ 300 ათასი მაცხოვრებელი გაიქცეს. ეს ხალხი თვლის, რომ უკვე იცის, თუ რა ბედი ეწევა მათ იმ შემთხვევაში, თუ ქალაქს სირიის სამთავრობო ძალები აიღებენ. გაერო-ს ანგარიშში ასადის რეჟიმის მიერ გამოყენებულ წამების მეთოდებს „გამანადგურებელი” ეწოდა.

ალეპო, რომელიც 2011 წელს რეჟიმის წინააღმდეგ ამბოხების სიმბოლოდ იქცა, 2012 წელს კი ოპოზიციური ძალების საყრდენი გახდა, ახლა ალყის, შიმშილისა და ხოცვა-ჟლეტის საფრთხის წინაშეა.   სირიაში რუსეთის ინტერვენციიდან ოთხი თვის შემდეგ, ამ ომში შეიძლება გადამწყვეტი მომენტი დადგეს, თუმცა ეს ადამიანების მდგომარეობას მხოლოდ გააუარესებს, „ისლამურ სახელმწიფოს” კი მხოლოდ სარგებელს მოუტანს.

დაჯგუფებები, რომლებმაც 2013-2014 წლებში „ისლამურ სახელმწიფოს” ალეპო დაატოვებიეს, თავად გახდნენ იერიშების მსხვერპლი.   სირიაში ვითარება, უარესობისკენ სულ რაღაც ერთ კვირაში შეიცვალა. ქერიმ ეს ძალიან კარგად იცის და სწორედ ამიტომაც ცდილობს მოლაპარაკებების ორგანიზებას. თუმცა, ამით ვერ გადაფარავ იმ ფაქტს, რომ ობამას ადმინისტრაცია საკუთარი სტრატეგიის ჩავარდნას აკვირდება.

იმ მეამბოხეებს, რომლებსაც ვითომდა შეერთებული შტატები უჭერს მხარს, ტანკსაწინააღმდეგო და საზენიტო შეიარაღება სჭირდებათ, მაგრამ არაფერი მიანიშნებს, რომ ამას მიიღებენ. თუკი არაფერი შეიცვლება, მათი განადგურება მხოლოდ დროის საკითხია.   კონფლიქტის ამ კრიტიკულ ეტაპზე, ალბათ ამერიკული პოლიტიკა ვეღარ შეიცვლება, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია აშშ-მ თავისი შეცდომები საჯაროდ აღიაროს. სირიაში „წითელი ხაზები” ჩნდებოდა და ქრებოდა, შედეგად კი უზარმაზარი მსხვერპლი მივიღეთ.

მოსკოვმა კი დაამტკიცა, რომ გაცილებით თანმიმდევრულად და რადიკალურად უჭერს მხარს ასადის რეჟიმს, ვიდრე დასავლეთი – ოპოზიციას. ასევე უცნობია რას გულისხმობდა ქერი, რომელმაც ამ კვირაში განაცხადა, რომ დიპლომატიური მარცხის შემთხვევაში, აშშ-ს „ზემოქმედების ბერკეტები” დარჩენილი აქვს. გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთი ავიაიერიშების შეწყვეტას 1 მარტს გეგმას. მაგრამ ასეთი ცინიკური წინადადება, ალეპოს ასაღებად და თავისი მიზნების განსახორციელებლად მას სამ კვირას აძლევს.   რეალობა ისეთია, რომ სირიაში რუსეთის სამხედრო ჩარევის გამო, აშშ-ს მოქმედების ცოტა ვარიანტი აქვს. ამ ინტერვენციამ აზრი დაუკარგა დასავლეთის ინიციატივას – მოსახლეობისა და მეამბოხეების დასაცავად „უპილოტო ზონის” შექმნის შესახებ. ეს ყველაფერი ომის უფრო ადრეულ ეტაპებზე უნდა მომხდარიყო, ამჟამად კი ამ ინიციატივის განხორიციელება რუსეთთან სამხედრო კონფრონტაციის რისკს ზრდის, რასაც ობამას ადმინისტრაცია, გასაგები მიზეზების გამო, ვერ დაუშვებს.

ის, რაც დღეს ალეპოში ხდება, 1990-იანი წლების სარაევოს გვახსენებს, იმ განსხვავებით, რომ ამჯერად დახმარება არსაიდან არ ჩანს, შედეგად კი, ევროპაში მიგრაციული კრიზისი გაცილებით მასშტაბური იქნება. ალეპოს მოვლენები ესაა ლაქა გაერო-ს რეპუტაციაზე. და როგორი კეთილი განზრახვებიც არ უნდა ჰქონოდა ამერიკის ადმინისტრაციას, ახლა უკვე, ეს ლაქა მის რეპუტაციასაც ემუქრება.

 

,,პოლიტკომერსანტი”

მსგავსი სიახლეები
578 ნახვა