გიორგი კვირიკაშვილი ფატუ ბენსუდას შეხვდა

მიუნხენში ვიზიტის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრმა სამუშაო შეხვედრა გამართა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორ ფატუ ბენსუდასთან.
საუბარი შეეხო 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიებასთან დაკავშირებულ ტექნიკურ საკითხებს. ქართულმა მხარემ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოს მთავრობის მზაობა, ღიად და გამჭვირვალედ ითანამშრომლოს პროკურორის ოფისთან და ზოგადად ჰააგის სასამართლოსთან, რათა ბოლომდე იქნეს გამოძიებული ეთნიკური წმენდისა და სამხედრო ტყვეების წამების ფაქტები, ასევე კულტურული მემკვიდრეობის განზრახ განადგურების დანაშაული.
ფატუ ბენსუდას განმარტებით, ჰააგის პროკურორის ოფისი ადგენს გამოძიების სქემას, სადაც გაწერილი იქნება ერთწლიანი და მრავალწლიანი სამოქმედო გეგმა. მანვე მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრს მაღალი დონის შეხვედრისთვის და აღნიშნა, რომ თებერვლის ბოლოს ელოდება პასუხს საქართველოსგან, პროკურატურის გამოძიების კუთხით. ჰააგის პროკურორი ასევე ელოდება პასუხს რუსული მხარისგან, თუ როდის იქნება მოსკოვი მზად მასთან შეხვედრისთვის.
სამუშაო შეხვედრას საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე დაესწრნენ.

მსგავსი სიახლეები
95 ნახვა