საქართველო და ქუვეითი თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას იწყებენ

საქართველო და ქუვეითი თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას იწყებენ. ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების გზები საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა და ქუვეითის თავდაცვის მინისტრმა, შეიხ ხალედ ალ-ჯარა ალ-საბამ მიუნხენის საერთაშორისო უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ქართველი სამხედროები ქუვეითის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯში მიიღებენ განათლებას.

ქუვეითის წარმომადგენლები კი საქართველოს ესტუმრებიან და ქვეყანაში არსებულ საწვრთნელ შესაძლებლობებსა და სამხედრო მრეწველობას გაეცნობიან. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების საკითხებზე.
ქუვეითის თავდაცვის მინისტრმა დაადასტურა, რომ ქუვეითი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და კვლავ აგრძელებს უღიარებლობის პოლიტიკას ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთთან მიმართებაში.

შეხვედრის დასასრულს შეიხ ხალედ ალ-ჯარამ საქართველოს თავდაცვის მინისტრი ქუვეითში მიიწვია. თავის მხრივ, თინათინ ხიდაშელმა ქუვეითელი კოლეგა 24-25 მაისს საქართველოში დაგეგმილ თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე დასასწრებად დაპატიჟა

მსგავსი სიახლეები
110 ნახვა