საგაზაფხულოდ ევროპულ და ამერიკულ ავტომობილებზე ფასები გაიზრდება

საქართველოში იმპორტირებულ ავტომობილებზე მოთხოვნა შემცირდა. ავტოდილერებს ჯერჯერობით უჭირთ სტატისტიკაზე საუბარი, თუმცა, მყიდველთა რაოდნეობის კლება მათი თქმით, თვალშისაცემია. რაც შეეხება ფასებს, როგორც “ჯორჯიან იმპორტის” წარმომადგენელმა ALLNEWS-თან საუბარში აღნიშნა, ცვლილება ამ მხრივ ბოლო პერიოდში საგრძნობი არაა.

“იმპორტირებულ ავტომობილებზე ჯერჯერობით ფასები იგივე რჩება. წესით უნდა გაძვირებულიყო, მაგრამ რადგან მყიდველთა რაოდენობა ძალიან მცირეა, ფასების გაზრდაც არ მომხდარა. ვფიქრობთ, საგაზაფხულოდ ევროპულ და ამერიკულ ავტომობილებზე მოთხოვნა და ფასებიც გაიზრდება. რუსთავის ავტომობილების ბაზრობაზე მეზობელი ქვეყნებიდან მომხმარებლის 80% ადგილობრივი რეგულაციების გამო, ისედაც აღარ ჩამოდიოდა. დღევანდელი მდგომარეობით კი მანათის გაუფასურების შედეგად, აზერბაიჯანელ მყიდველთა წილი დაახლოებით 2-3% ია”, -განაცხადა “ჯორჯიან იმპორტის” წარმომადგენელმა.

“რობანი მოტორსის” დირექტორის, ელგუჯა ჯამაგიძის თქმით, ავტომობილების რეალიზაცია გართულებულია. იგი აღნიშნავს, რომ იანვარ-თებერვალში მანქანების გაყიდვის ტემპი ზოგადად დაბალია და იმედოვნებს, რომ ვითარება გაზაფხულიდან შედარებით გამოსწორდება.

“ეს თვეები ავტომობილების ბიზნესისთვის საკმაოდ პასიურია. სადღესასწაულო დღეების, შეცვლილი კლიმატური პირობების თუ სხვა მიზეზთა გამო. მაგრამ მოთხოვნის შემცირება რომ თვალშისაცემია – ეს ფაქტია”, -აცხადებს “რობანი მოტორსის” დირექტორი.

საქართველოს საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტის შალვა ოგბაიძის განცხადებით, მოთხოვნის შემცირება რამდენიმე ფაქტორის ერთობლიობამ, მათ შორის ლარის გაუფასურებამ და მეზობელ ქვეყნებში საექსპორტო ბაზრების ჩაკეტვამ გამოიწვია.

“მოგეხსენებათ, საქართველოში ავტობიზნესის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი რეექსპორტია,

იმპორტირებული მანქანების კოსმეტიკური შეკეთება და გარკვეულ ვადაში, განუბაჟებლად მეზობელ ქვეყნებში გაყვანა არსებულ სიტუაციას საკმაოდ აბალანსებდა, თუმცა ეს ბაზრები ადგილობრივი რეგულაციების გამო, საქართველოსთვის თითქმის დაკეტილია. ლარის კურსის ვარდნისა და რეექსპორტის მნიშვნელოვნად შემცირების ფონზე კი მივიღეთ ავტომანქანებზე შემცირებული მოთხოვნა და გადავსებული ბაზარი. ამ ეტაპზე მიწოდება აშკარად ჭარბობს მოთხოვნას, რაც თავისთავად კარგი არ არის”, -აღნიშნავს ოგბაიძე.

მისივე თქმით, ხშირ შემთხვევაში ბევრი ადამიანი ავტომობილს თვითღირებლებაზე ნაკლებადაც კი ყიდის. ამასთან იგი მიიჩნევს, რომ ავტომობილებზე ფასები გაზაფხულიდან დარეგულირდება.
“მე ვფიქრობ, რომ რამდენიმე თვეში ეს სიტუაციაუნდა გამოსწორდეს. ბიზნესის შეჩერება შეუძლებელია, საქართველოში ზოგადად საკმაოდ მყარი მოთხოვნა არსებობს ავტომობილებზე, 50-60 ათასი ავტომობილი ყოველ წელს ეს სტატისტიკური მონაცემი საკმაოდ დიდი ციფრია”,-აღნიშნავს საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტი.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2015 წლის მონაცემებით, ავტომობილების იმპორტი უმსხვილესი საიმპორტო საქონლის წილში 6%-ს შეადგენს.

 

allnews.ge

მსგავსი სიახლეები
109 ნახვა