საქართველოში შრომის ბაზარზე ორიენტირებული განათლების სისტემა ყალიბდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დღევანდელ სამუშაო შეხვედრაზე განათლების სისტემის ცვლილებებზე იმსჯელეს. რეფორმა შრომის ბაზარზე და საქართველოში არსებულ მოთხოვნებზე ორიენტირებული პროფესიული და უმაღლესი განათლების სისტემის ჩამოყალიბებას გულისხმობს.
ამ მიზნის მისაღწევად განიხილება პროფესიული განათლების გერმანული, დუალური სისტემის დანერგვა. დუალური მოდელი გულისხმობს დამსაქმებლის ჩართულობით საგანმანათლებლო პროცესის წარმართვას, საწარმოო პრაქტიკის კომპონენტის გაძლიერებას, შრომის ბაზარზე ორიენტირებული მიმართულებების/პროფესიების გამოკვეთასა და განხორციელებას, რაც საბოლოო ჯამში სტუდენტების დასაქმებას უზრუნველყოფს. რეფორმის წარმატებით განსახორციელებლად დაწყებულია მოლაპარაკება გერმანულ მხარესთან.
რეფორმის ფარგლებში, უმაღლესი განათლების შრომის ბაზრის მოთხოვნებთან დაახლოება განხორციელდება, რაც გულისხმობს სახელმწიფოს რესურსების მიმართვას ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის აუცილებელი პრიორიტეტული პროფესიების დასაუფლებლად. მნიშვნელოვანია, რეფორმამ უზრუნველყოს სტუდენტების დასაქმების მაჩვენებლის ზრდა შესაბამისი პროფესიების მიხედვით.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის შეფასებით, რეფორმა მნიშვნელოვანია, რათა საქართველომ ახალ რეალობას და ეკონომიკურ მდგომარეობას უპასუხოს.
„პროფესიული განათლების გერმანული მოდელი და დუალური სისტემა არის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს დასახული მიზნის მიღწევას. დღევანდელი პროფესიული განათლების სისტემა და ინფრასტრუქტურა მზად არის რეფორმის განსახორციელებლად. საუბარია იმაზე, რომ უმაღლესი განათლების სისტემაც გავხადოთ შრომის ბაზარზე ორიენტირებული“, – განაცხადა თამარ სანიკიძემ.

მსგავსი სიახლეები
107 ნახვა