იან კელი – საქართველომ კიდევ ერთი ნაბიჯი უნდა გადადგას წინ და საერთაშორისო სტანდარტების მორიგი არჩევნები ჩაატაროს

ქვეყანამ კიდევ ერთი ნაბიჯი უნდა გადადგას წინ და საერთაშორისო სტანდარტების მორიგი არჩევნები უნდა ჩაატაროს, – ამის შესახებ ამერიკის ელჩი საქართველოში იან კელი გაზეთ “რეზონანთან” ინტერვიუში აცხადებს.

მისი თქმით, 2012 წლის არჩევნები და ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლილება მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იყო დემოკრატიის განვითარების თვალსაზრისით.

“ახლა შემდგომი ამოცანაა, რომ ქვეყანამ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგას წინ და საერთაშორისო სტანდარტების მორიგი არჩევნები ჩაატაროს”, – აცხადებს კელი, რომლის განმარტებითაც, ამ პროცესში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ამომრჩევლის ინფორმირებულობას, რათა შესაძლებელი იყოს ობიქტური და მაქსიმალური ინფორმაციის მიღება არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ ძალებსა და ცალკეულ პოლიტიკოსებზე.

ამერიკელი დიპლომატის აზრით, ეს მოგვცემს საშუალებას, გაკეთდეს ინფორმირებული არჩევანი.

“კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ამ პროცესში განსაკუთრებული მისია აკისრია თავისუფალ მედიას, რომელიც ხელმისაწვდომი უნდა იყოს საზოგადოებისთვის. შესაბამისად, ხალხს ექნება ობიექტური ინფორმაცია და შესაძლებლობა, რომ გააკეთოს ისეთი არჩევანი, რაც მაქსიმალურად გამოხატავს მის ინტერესებს. ჩვენი მისია ამ პროცესში არის ის, რომ ვიყოთ დამოუკიდებელი დამკვირვებლები, ისევე, როგორც სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები”, – აღნიშნავს ელჩი.

ამასთან, ინტერვიუში კელი საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხთან დაკავშირებითაც საუბრობს და აღნიშნავს, რომ საქართველო მაშინ გახდება ნატოს წევრი, როდესაც თავად ნატო იქნება მზად ამისთვის.

“საქართველო ნატოს მნიშვნელოვანი პარტნიორია, ჩვენ გვჯერა, რომ თქვენი ქვეყანა გახდება ალიანსის წევრი და მესამე მხარეს ვეტოს უფლება არ აქვს ამ გადაწყვეტილებაზე. საქართველო აქტიურადაა ჩართული ნატოს სხვადასხვა პროგრამასა და მისიაში და ყველა ინსტრუმენტი აქვს, რომ რეფორმები გააგრძელოს და ორგანიზაციის სტანდარტები დააკმაყოფილოს. დამიჯერეთ, მე კარგად ვიცი ნატოს სუსტი და ძლიერი მხარეებიც, რადგანაც ამ ორგანიზაციაში 3 წელი ვიმუშავე. სისუსტე ალბათ ისაა, რომ რამე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მისაღებად ყველა, 28 წევრის თანხმობაა საჭირო, რაც არ არის მარტივი პროცესი. მაგრამ არსებობს ძლიერი მხარეც – თუ ერთხელ პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ალიანსი ამას მტკიცედ დაიცავს”, – განაცხადა იან კელიმ.

 

ipn.ge

მსგავსი სიახლეები
127 ნახვა