გიორგი კვირიკაშვილი – „ჩვენს ქვეყანაში კრიმინალი დაუსჯელი არ დარჩება“

„ჩვენს ქვეყანაში კრიმინალი დაუსჯელი არ დარჩება“,– ასე ეხმიანება ქვეყნის პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი „თავისუფალი დემოკრატების“ გენერალურ მდივან ალექსი პეტრიაშვილზე განხორციელებულ შეიარაღებული თავდასხმის ფაქტს.

„მინდა, მივმართო შს სამინისტროს, მომხდარი მაქსიმალურად მოკლე ვადებში გამოიძიოს. მე უკვე ვესაუბრე საქართველოს შს მინისტრს, რათა ამ შემზარავ ფაქტზე რეაგირება ძალიან მკაცრი იყოს. სამართალდამცავი უწყებები ყველა საჭირო ზომას მიმართავენ, რათა მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში მოხდეს საქმის გამოძიება, დამნაშავეების დაკავება და სასამართლოს წინაშე მათი წარდგენა. მომხდარით უკიდურესად შეშფოთებული ვარ და ხაზგასმით ვაცხადებ, რომ კრიმინალი ჩვენს ქვეყანაში დაუსჯელი არ დარჩება“,– განაცხადა პრემიერმა.

პეტრიაშვილზე თავდასხმა დღეს დილით განხორციელდა. მას რესპუბლიკურ საავადმყოფოში უკვე ჩაუტარდა ოპერაცია და გადაყვანილია პალატაში. მედიკოსების თქმით, პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

მსგავსი სიახლეები
112 ნახვა