თბილისის რომელ კორპუსებს ემუქრებათ ჩამონგრევა – სამშენებლო მასალების შემოწმება ლაბორატორიებში აღარ ხდება

მოწმდება თუ არა თბილისში მიმდინარე მშენებლობები და არის თუ არა არსებული კორპუსების ჩამონგრევის საფრთხე?!
ორგანიზაცია “მშენებლობა ფალსიფიკაციის გარეშე” ხელმძღვანელის, ანზორ საკანდელიძის განცხადებით, თბილისში ათი წლის წინ აშენებული საცხოვრებელი კორპუსები არამყარია და დროთა განმავლობაში მათი დანგრევის საფრთხეც არსებობს. არგუმენტად კი 2004 წელს ჩატარებული შემოწმება მოჰყავს, რომელშიც მონაწილეობას თავადაც იღებდა.
საკანდელიძის თქმით, იმისათვის, რომ ბეტონის მწარმოებელ ქარხნებს მოგება ენახათ, ბეტონის სიმტკიცე დასაშვებ ნორმაზე გაცილებით დაბალი იყო, ამის მაკონტროლებელი კი “არც იმ დროს და არც დღეს, არავინაა”.

“მე და საკრებულოს ყოფილი დეპუტატი მანუჩარ მაჩაიძე თბილისში ფილაბეტონის ქარხნების დირექტორები ვიყავით. 90-იან წლებში არეულობის დროს დაიწყო ბეტონის საშინელი ფალსიფიკაცია. როდესაც ჩვენ ვუშვებდით ბეტონს, მისი თვითღირებულება ანუ გასაყიდი ფასი 1 კუბური მეტრი დაახლოებით 100 ლარი იყო. მაგრამ სხვებმა დაიწყეს თაღლითობები და ბეტონის ფასი 60-50 ლარამდე დაწიეს, ამით კონკურენცია გაგვიწიეს, გააიაფეს და ხალხიც მათთან მიდიოდა, მაგრამ ბეტონი იყო ფალსიფიცირებული. ასე ხდებოდა ათი წლის განმავლობაში.

საბედნიეროდ, 2004 წელს მოგვეცა ამის შემოწმების საშუალება. როდესაც მანუჩარ მაჩაიძე საკრებულოს დეპუტატი, მშენებლობის კომისიის თავმჯდომარე გახდა, შევარჩიეთ სპეციალისტები, დავიყავით ჯგუფებად და შევესიეთ ამ ობიექტებს, ძირითადაც ვაკე-საბურთალოს რაიონში. ვამოწმებდით პირველ-მეორე სართულებს, რომელზეც დამოკიდებულია შენობების მდგრადობა, სიძლიერე და გამძლეობა. ერთ დღეში 40-მდე ობიექტი შემოწმდა, ეს პროცესი მომდევნო დღეებშიც უნდა გაგრძელებულიყო, მაგრამ ატყდა ერთი ამბავი და აღარ შეგვიშვეს. სამწუხაროდ, შედეგები ზუსტად ისე იყო, რასაც ვფიქრობდი, 40-ივე ობიექტზე ბეტონის სიმტკიცე 300-ის ნაცვლად გამოვიდა 150 მარკა და უფრო ქვევით”, – ამბობს ანზორ საკანდელიძე.

მისი თქმით, შემოწმებული ობიექტების დანგრევა საჭირო იყო მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის. ამბობს, რომ ეს საკითხი განიხილეს, მაგრამ, “რაღაც გზებით” არც შენობების შემოწმება გაგრძელდა, არც მათი დანგრევა და ყურადღებაც არავის მიუქცევია.

“შენობა უცბად კი არ ინგრევა, დროთა განმავლობაში ბზარები უჩნდება, ნელ-ნელა იწყებს დანგრევას და დაშლას, ღმერთმა დაიფაროს, მიწისვძრა რომ მოხდეს, წარმოდგენაც არ მინდა, რა შეიძლება მოუვიდეს. პირველი შემოწმების მერე 10-12 წელი გავიდა და ახლა მაინც შეამოწმონ ეს შენობები, კაციშვილი ყურადღებას არ აქცევს, არადა მათი შემოწმება აუცილებელია. დღესაც იგივე მდგომარეობაა, უპატრონოდაა მიგდებული ყველაფერი და სანამ პატრონი არ გამოჩნდება, არაფერი ეშველება. ამხელა შენობების ასაშენებლად ელიავას ბაზრობის მშენებლები მიჰყავთ და ბევრი მათგანი საერთოდ არ არის მშენებლობის გაგებაში”, – ამბობს ანზორ საკანდელიძე.

არქიტექტორ ნიკოლოზ აბაშიძის თქმით, წლების წინ მშენებლობის დასაწყებად სამშენებლო მასალებზე ორმხრივი კონტროლი იყო, რაც უზუსტობას და საფრთხეს გამორიცხავდა, დღეს კი სამშენებლო მასალები არ კონტროლდება და არქიტექტორი ბეტონის ფალსიფიცირების და ამ მასალებით აშენებული შენობების დანგრევის საფრთხეს არ გამორიცხავს.

“რეგლამენტით ადრე იყო ასე, რომ როდესაც ბეტონი მოდიოდა ბეტონის გადამზიდი მანქანით სამშენებლო ობიექტზე, მშენებელი ვალდებული იყო ბეტონი მიეტანა ლაბორატორიაში და გამოეცადა გარკვეული პერიოდის განმავლობაში, თუ როგორ მიდიოდა მარკირების პროცესი, ანუ იყო თუ არა ის მარკა, რაც დაუკვეთა. დღეს სამშენებლო მოედანზე ასეთი მოთხოვნა აღარ არის, კონტროლის მექანიზმი ორმხრივი არაა.

მსოფლიოშიც ასეთი პრაქტიკაა, ორმაგი კონტროლი ხდება ხარისხის: ერთი – გამომშვებ ქარხანაში, მეორე კი სამშენებლო მოედანზე. ახლა სამშენებლო ადგილზე აღარ მოწმდება ქარხნიდან მიღებული მასალა, არადა ზედამხედველობის სამსახური ამას მუდმივად უნდა ამოწმებდეს”, – ამბობს ნიკოლოზ აბაშიძე.

როგორც მერიის პრესსამსახურში გვითხრეს, თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური ახორციელებს მშენებლობის პროცესის უსაფრთხოების კონტროლს. პროცესის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს განსაზღვრავს “მშენებლობის უსაფრთხოების შესახებ” ტექნიკური რეგლამენტი, ხოლო საჯარიმო სანქცია დადგენილია “პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის” 49-ე მუხლით. რაც შეეხება მშენებლობისას გამოყენებული სამშენებლო მასალის კონტროლს, მერიის არცერთ სამსახურს კანონმდებლობით ეს არ ევალება.

“სამშენებლო მასალის შემოწმება, საკუთარი ხარჯებით, შესაბამის საექსპერტო ორგანოსათვის მიმართვის შემთხვევაში, შეუძლია თვითონ მშენებელს/დამკვეთს (კეთილსინდისიერების მიხედვით) და ასევე მოქალაქეს, რომელსაც შეძენილი აქვს ფართი. რაიმე სახის სავალდებულო შემოწმებას კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.”

 

,,ამბები.ჯი”

მსგავსი სიახლეები
1,602 ნახვა