,,ჩვენთვის მთავარია ბავშვთა ფეხბურთი” – ინტერვიუ ლევან კობიაშვილთან

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი მიიჩნევს, რომ ფედერაციაში გასაწევრიანებლად კლუბებს არა მხოლოდ კრიტერიუმები უნდა დაუწესდეს, რამედ მათ კონკრეტული შეთავაზებებიც უნდა ჰქონდეთ ამა თუ იმ პრობლემის მოგვარებასთან დაკავშირებით. “აიპრესთან” საუბრისას კობიაშვილი ბავშვთა ფეხბურთის მნიშვნელობაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია, მწვრთნელები ბავშვების აღმზრდელებიც იყვნენ.

-თუ გაიარეს თქვენთან უმაღლესი ლიგის კლუბებმა კონსულტაცია და რა შედეგი მიიღეთ?

-კლუბების წარმომადგენლებს ბათუმში 2015 წლის ბოლოს შევხვდით, წელს კი პირველი ლიგის კლუბების წარმომადგენლებს შევხვდებით. მიხარია, რომ კლუბები პოზიტიურად აღიქვამენ ჩვენს ინიციატივებს. არიან კლუბები, რომლებიც პირდაპირ ამბობენ, რომ ჭირდებათ, აქვთ კადრების მხრივ პრობლემა და ჭირდებათ ფედერაციის დახმარება, თუნდაც ჩვენი პარტნიორების, უეფას ჩართულობა… ამ საჭიროებიდან გამომდინარე, 2016 წლიდან იგეგმება სპორტული მენეჯმენტის სწავლება ქართულ ენაზე.

ერთია, როდესაც სთხოვ კლუბს, შესაბამისი კადრები ჰყავდეს, მეორეა – სთავაზობ სად მიიღოს ეს ცოდნა… კლუბებს რაღაც უნდა შევთავაზოთ, მარტო კრიტერიუმების დაწესება არ არის საკმარისი…

ჩვენ შორის კარგი ურთიერთობა ჩამოყალიბდა და დარწმუნებული ვარ მომავალშიც ასე გაგრძელდება. ბევრ საკითხზე ვისაუბრეთ, 7 საათი ვისაუბრეთ, ხომ წარმოგიდგენიათ რამდენი პრობლემაა, რომ ამდენი დრო დასჭირდა ამ ყველაფერს. მჯერა, ძალიან პროდუქტიული შეხვედრა იყო.

ძირითადი კითხვები დაფინანსებასთან დაკავშირებით იყო, მაგრამ ჩვენც ბევრი შენიშვნა გვქონდა. იგივე დაპირისპირებები გულშემატკივრებს შორის, ფეხბურთელების დამოკიდებულება მსაჯების მიმართ…

-ბატონო ლევან, თქვენ გაპრეზიდენტებამდე ამბობდით, რომ უმაღლესი ლიგის კლუბები ფედერაციის წევრები უნდა იყვნენ და 35 წევრი არის ცოტა. შემოვიდა თუ არა ამ ეტაპზე ფეხბურთის ფედერაციაში რომელიმე კლუბისგან გაწევრიანებაზე განცხადება და დაკმაყოფილდა თუ არა ისინი?

-ჩემი პოზიცია არ შეცვლილა. რაც უფრო მეტი წევრი გვეყოლება, ჩვენთვის უკეთესია. ამ ეტაპზე წერილი შემოსული არ არის. ეს არის მათ სურვილზე დამოკიდებული. თუ ექნებათ სურვილი და შემოვა განაცხადი, რა თქმა უნდა, განვიხილავთ. უბრალოდ, მანამდეც აღვნიშნავდი და მიანტერესებდა ისეთი გუნდი, როგორიც საჩხერეა, რომელიც 2 წლის წინაც ითხოვდა წევრობას და არ დაუკმაყოფილეს განცხადება, რის საფუძველზე შეიძლებოდა არ გაწევრიანებულიყო ფედერაციაში. გვინდა, რომ ფეხბურთის ფედერაციის წევრები, მათი გაწევრიანება აძლიერებდეს ფედერაციას და ჩვენ გვსურს დავაწესოთ კრიტერიუმები. ჩვენ არ გვინდა აღმოვჩნდეთ ისეთ სიტუაციაში, რომ გახდეს კლუბი წევრი და პოზიტივი არ მოჰქონდეს. თუნდაც სტრუქტურა არ ჰქონდეს გამართული, ან კლუბში იყოს თვითონ პრობლემა. ის კლუბი, რომელიც ფეხბურთის ფედერაციაში შემოვა და გახდება წევრი, კონკრეტულ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს, გამართული იყოს, შესაბამისი კადრები ჰყავდეს…

სულ ვამბობდი და ახლაც ვიმეორებ, ფეხბურთის ფედერაციის ის 35 წევრი არის ცოტა და გახდეს უფრო მეტი, მაგრამ მომხრე ვიქნები იმ შემთხვევაში, თუ მისთვისაც პოზიტივი იქნება ფეხბურთის ფედერაციის წევრობა. უბრალოდ, ეწეროს რაღაც საბუთზე, რომ ის წევრია, არც ჩვენ მოგვცემს არაფერს და არც მათ.

-ბატონო ლევან, შეიძლება ითქვას, რომ ამ ეტაპზე ფეხბურთის ფედერაციისთვის პრიორიტეტი შიდა ჩემპიონატის გაძლიერებაა?

-ვერ ვიტყვი, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია, მაგრამ ბუნებრივია, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია. ჩვენთვის მთავარია ბავშვთა ფეხბურთი, ინფრასტრუქტურა, ბუნებრივია, ინფრასტრუქტურა ეროვნულ ჩემპიონატზე აისახება. ვერ ვიტყვი, რომ ეროვნული ან ასაკობრივი ნაკრებები არ არის პრიორიტეტული. ყველაფერი პრიორიტეტულია.

ერთ რამეზე ვთანხმდებით, თუ არ გვექნება ინფრასტრუქტურა, მოედნები, ბუნებრივია, ბავშვს ვერ გავზრდით, ფეხბურთს ვერ ვასწავლით, ვერ ითამაშებს. თუ ინფრასტრუქტურა გვექნება და არ გვეყოლება კვალიფიციური კადრი, დიდი პრობლემაა მენეჯმენტის თვალსაზრისით, ასევე მწვრთნელებთან დაკავშირებითაც. პირველ რიგში მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურა, შემდეგ კადრები, რომლებიც გაწვრთნიან ბავშვებს და მოედანზე მხოლოდ სავარჯიშო პროცესი არ არის.

საბოლოოდ, შესაძლოა, მაქსიმუმ 2-3% გახდეს პროფესიონალი ფეხბურთელი, მაგრამ მთავარია, რას ვუზამთ დანარჩენ 97%-ს. ისინი ხომ სწორად უნდა აღვზარდოთ, განათლებაც უნდა მივცეთ. მწვრთნელები მასწავლებლებიც არიან… ეს არის მთავარი და შემდეგ მოდის უკვე ფეხბურთი და ჩემპიონატი. თუმცა არ ნიშნავს იმას, რომ ეროვნული ჩემპიონატი ან ნაკრები ჩვენთვის არ არის მნიშვნელოვანი. ყველაფერი მნიშვნელოვანია, თუმცა, რა თქმა უნდა, განსხვავებები არის, რა უფრო სჭირდება დღეს ქართულ ფეხბურთს.

წარმოიდგინეთ, ეროვნულმა ნაკრებმა წარმატებას რომ მიაღწიოს და გავიდეს დიდ ტურნირზე. დანარჩენი ყველა პრობლება ავტომატურად ძალიან ადვილად მოგვარდება და იმხელა პრობლემა აღარ იქნება, მაგრამ როდესაც არ არის ეს შედეგი ნაკრებიდან, შესაბამისად, ნეგატიურად აისახება ყველაფერზე.

-საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა განაცხადა, რომ სპორტის სამინისტროს დაფინანსების გარდა, მთავრობა სპორტს ინვესტორების მოზიდვაშიც დაეხმარებოდა, მან ასევე აღნიშნა, რომ ცალკე გამოიყოფა თანხები ინფრასტრუქტურის განსავითარებლად. თანამშრომლობთ თუ არა სახელმწიფოსთან ამასთან დაკავშირებით და თავად ფედერაციას თუ აწარმოებს დამოუკიდებლად კერძო ინვესტორებთან მოლაპარაკებებს?

-კერძო ინვესტორთან გვაქვს მოლაპარაკებები, თუმცა კონკრეტიკა ჯერჯერობით არ ყოფილა. ყოველთვის ვამბობდი, რომ დაფინანსების მეთოდს, როგორიც აქამდე იყო, წარმატება არ მოუტანია. ბუნებრივია, უნდა გადასულიყო ცენტრალიზებულ დაფინანსებაზე და ფეხბურთის ფედერაცია უნდა ყოფილიყო ჩართული ამ პროცესში. ამ ეტაპზე ძალიან მისასალმებელია, ფონდის დაარსება და შემდეგი ეტაპი თანხების მობილიზებაა. ამას მარტო ფეხბურთის ფედერაცია ვერ მოახერხებს, ამის რესურსი არ გააჩნია. ველოდებით ამ პროცესს მთავრობისგან. ამ პროექტის დამტკიცებისა და ამუშავების შემდეგ, კერძო ინვესტორს დარწმუნებული ვარ სურვილი გაუჩნდება, რადგან ეცოდინება, რომელიმე კონკრეტულ გუნდს დაფინანსება აქვს… აქამდე კერძო ინვესტორს არაფერი ჰქონდა და ყველაფერს თავისით აკეთებდა და მისი კონკურენტი სახელმწიფო გუნდი იყო, ის იღებდა თანხას. ამ შემთხვევაში ყველა მიიღებს დაფინანსებას და ძალიან სამართლიანია. ვერ ვიტყვი, რომ რიგი დადგება სადმე, მაგრამ ფუნდამეტი არსებობს იმის, რომ დაინტერესდეს.

-რაც შეეხება საგარეო და შიდა ვალებს, თქვენ აღნიშნეთ, რომ უეფასთან შეთანხმება მიღწეულია. მიღწეულია თუ არა შეთანხმება VTB ბანკთან და რაზე შეთანხმდით?

-მოლაპარაკების დროს შეთანხმებას მივაღწიეთ და მოხდა თანხის გადავადება. ყველანაირად გვერდში დაგვიდგნენ და ამ მხრივ პრობლემა არ გვაქვს. რაც შეეხება უეფას, კონკრეტული ვალდებულება გვქონდა, რომელიც სუპერ თასის შემდეგ დაგროვდა და უნდა დაგვეფარა წელს. ჩვენი თხოვნით, 2016 წლის გაზაფხული-ზაფხულამდე გადატანილიყო.

პრობლემა ისაა, რომ ის თანხები, რომელიც კონკრეტული პროექტებიდან 2016 წელს უნდა შემოსულიყო უეფადან, წინასწარ არის აღებული და ფაქტობრივად, ჩვენ იმ თანხასთან ხელი არ მიგვიწვდება. ცენტრალური დაფინანსება, რომელიც 5 წელს მოიცავდა, იქიდან ფაქტობრივად 4 წლის ათვისებულია და 1 წელი რჩება, 2017-ის.

-2017 წელს საქართველოს და ფეხბურთის ფედერაციას საკმაოდ მნიშვნელოვანი გამოწვევა აქვს. საქართველო მასპინძლობს 19 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს. სად ჩატარდება მატჩები, არის თუ არა მზად ჩვენი ქვეყანა მსგავსი ტურნირის მასპინძლობისთვის და რა ინფრასტრუქტურა გააჩნია საამისოდ ქვეყანას?

-პირველ ეტაპზე უეფას წარმომადგენლები იყვნენ ჩამოსულები. მოინახულეს 2 სტადიონი, ასევე რუსთავი, გორი, მცხეთაშიც იმყოფებოდნენ. შეაფასეს სტადიონების მდგომარეობა. ეს ნამდვილად იქნება დიდი გამოწვევა ჩვენთვის, რადგან ბევრი ადამიანი ჩამოვა იქედან გამომდინარე რომ ჩემპიონატზე 8 გუნდი მონაწილეობს… ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ პირველ რიგში დავასრულოთ რუსთავის აკადემია, რადგან ძირითადი სავარჯიშო მოედნები იქ იქნება. რაც შეეხება დანარჩენ სტადიონებს, სავარაუდოდ, თებერვლის შუა რიცხვებამდე კიდევ გვექნება სამუშაო შეხვედრები, სადაც საბოლოოდ ჩამოვყალიბდებით, რომელ სტადიონებზე გაიმართება მატჩები. მიახლოებით რაც ვიცით, არის, ფეხბურთის ფედერაციის 2 მოედანი, გორის სტადიონი და მეოთხე მოედანზე ჯერ გადაწყვეტილება არ მიგვიღია. სიმართლე გითხრათ, ფეხბურთის ფედერაციას თავისი ბიუჯეტით სტადიონის აშენება გაუჭირდება… გვჭირდება დახმარება, სპორტის სამინისტროს გვერდში დგომა და მინიმუმ 1 მოედანიც უნდა დაემატოს, ან ახალი ან ძველის რეკონსტრუქცია უნდა მოხდეს. სერიოზული ღონისძიებაა 2017 წელს, ევროპის ჩემპიონატი, მაგრამ ამ წლის ბოლოს ძალიან მნიშვნელოვანი მატჩები გველის, მათ შორის იმ ასაკობრივი გუნდისთვის, რომელიც 2017 წლის ევროპის ჩემპიონატში ირებს მონაწილეობას 4-თა ტურნირი ტარდება. 2016 წელი არანაკლებ მნიშვნელოვანი იქნება, ვიდრე 2017. სამუშაო პროცესია, რადგან ზუსტად თარიღიც არ ვიცით, როდის ჩატარდება 2017 წლის ევროპის ჩემპიონატი, სავარაუდოდ, ივნისი-ივლისი იქნება… ჯერჯერობით ბევრი რამაა, რაც ბოლომდე არ არის გადაწყვეტილი.

 

,,აიპრესი”

მსგავსი სიახლეები
111 ნახვა