ონლაინ სესხების წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 500-1000%-მდეა

რა პირობებით იღებს რეალურად მოსახლეობა ონლაინ-სესხებს

ონლაინ-სესხების გამცემი საკრედიტო ორგანიზაციები საზოგადოებისთვის დიდი ხანია “თავის ტკივილად” იქცა, როგორც ონლაინ სესხების გამცემი ვებ–გვერდები იუწყებიან, მათი გაცემული პირველი კრედიტი უპროცენტოა და ამ ფაქტის რეკლამირებას აქტიურად ახდენენ, თუმცა მეორედ და მესამედ აღებულ სესხები საპროცენტო განაკვეთებზე არაფერს საუბრობენ.

ონლაინ საკრედიტო ორგანიზაციები მომხმარებელზე მოკლევადიან მცირე სესხებს ყოველგვარი უზრუნველყოფის გარეშე, მხოლოდ პირადობის მოწმობის საფუძველზე გასცემენ, რომლის დამტკიცებასაც 15 წუთიდან 1 საათამდე დრო სჭირდება. სესხის ასაღებად ერთადერთი მოთხოვნა კლიენტის ასაკია. საკრედიტო ორგანიზაციები კლიენტის მინიმალურ ასაკად 20–21 წელს ასახელებენ.

აღსანიშნავია, რომ პირველი უპროცენტო სესხი მხოლოდ ზოგიერთ ონლაინ საკრედიტო ორგანიზაციებს აქვთ, ხოლო უმეტესობას არც მსგავსი შეღავათი აქვს მომხმარებლისთვის.

პირველი რაც ონლაინ-სესხების გამცემი ორგანიზაციების შესახებ მომხმარებელმა უნდა იცოდეს ისაა, რომ მსგავსი ძვირადღირებული კრედიტები საქართველოში არ არსებობს. ამის ნათლად წარმოსაჩენად ჩვენ რამდენიმე საკრედიტო ორგანიზაციის სესხების წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთები გამოვთვალეთ ეროვნული ბანკის სესხის ეფექტური საპროცენტო განაკვეთის კალკულატორით, რომლის თანახმადაც მიღებულმა შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა. ონლაინ სესხების სრული უმრავლესობის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 500-დან 1 000%-მდეა, რაც ქართული საკრედიტო ბაზრისთვისაც არნახულად ძვირი საკრედიტო რესურსია.

განვიხილოთ კონკრეტული მაგალითები, ყველასათვის კარგად ცნობილ ონლაინ საკრედიტო ორგანიზაცია vivus.ge-ზე, მართალია პირველი სესხის აღება უპროცენტოა და ამაზე აქცენტსაც ხშირად აკეთებენ კომპანიის წარმომადგენლები, თუმცა, თუკი განმეორებითი სესხის აღებას გადაწყვეტთ მაშინ თქვენ საკმაოდ მაღალი, 450%-ის გადახდა მოგიწევთ.  ვებ გვერდზე კლიენტს 10–დან 650 ლარამდე სესხი აღება შეუძლია მაქსიმუმ 30 დღის ვადით. თუ კლიენტი 400 ლარს 30 დღის ვადით აიღებს,  60 ლარის საკომისიოს გადახდა მოუწევს, შესაბამისად მომხმარებელს 1 თვის შემდგომ 460 ლარის დაბრუნება უწევს. ეროვნული ბანკის სესხის ეფექტური საპროცენტო განაკვეთის კალკულატორის თანახმად ამ კრედიტის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 450%–ია.

მკითხველს კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ კრედიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი აჩვენებს სესხის რეალურ ღირებულებას, რომელშიც ასახულია ყველა ის ხარჯი, რაც კლიენტს კრედიტის დასაფარად უწევს. გამომდინარე იქიდან, რომ ხშირად ბანკები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები თუ ონლაინ საკრედიტო ვებ გვერდები კლიენტებს უცხადებენ, რომ სესხი უპროცენტოა, ხოლო ამ კრედიტის მომსახურებისათვის საჭირო თანხებს საკომისიოდ მოიხსენიებენ. სწორედ ამ დროს სესხის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი ყველაზე ნათლად წარმოაჩენს კრედიტის სიძვირეს და მის დასაფარად საჭირო თანხების ოდენობას.

კიდევ ერთ ონლაინ სესხების ვებ გვერდ  Emma’s Credit–ის ვებ გვერდზე კლიენტს 10–დან 300 ლარამდე სესხი აღება შეუძლია მაქსიმუმ 30 დღის ვადით. თუ კლიენტი 300 ლარს 30 დღის ვადით აიღებს, როგორც ვებ გვერდი იუწყება 50 ლარის საკომისიოს გადახდა მოუწევს, შესაბამისად მომხმარებელს 1 თვის შემდგომ 350 ლარის დაბრუნება უწევს. ეროვნული ბანკის სესხის ეფექტური საპროცენტო განაკვეთის კალკულატორის თანახმად ამ კრედიტის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 555%–ია.

კიდე უფრო მაღალი საპროცენტო განაკვეთი ონლაინ საკრედიტო ორგანიზაცია moneyman.ge-ს, ვებ-გვერდზე 50-დან 500 ლარამდე სეხის აღება შეგიძლიათ 31 დღის ვადით. თუ მომხმარებელი 500 ლარს აიღებს 30 დღის ვადით, 104 ლარი საკომისიოს გადახდა მოუწევს. ეროვნული ბანკის სესხის ეფექტური საპროცენტო განაკვეთის კალკულატორის თანახმად ამ კრედიტის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 902%–ია.

აღსანიშნავია, რომ ზემოთ მოყვანილი დათვლები გათვლილია სესხების პირნათლად, 30 დღის ვადაში დაფარვის შემთხვევაში. ხოლო თუ კლიენტმა აღებული თანხის დაბრუნება 1 თვის ვადაში ვერ შეძლო ყველა ონლაინ საკრედიტო ვებ გვერდს კრედიტის გადავადებისათვის დამატებითი საკომისიოები აქვთ.

ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალი და რამოდენიმე მაგალითია იმ ონლაინ საკრედიტო ორგანიზაციებისა, რომლებიც დღესდღეობით ქართულ ბაზარზე არსებობენ და საქართველოს მოსახლეობას არარეალურად მაღალი საპროცენტო განაკვეთით სთავაზობენ სესხებს.

 

,,ბანკები და ფინანსები”

მსგავსი სიახლეები
134 ნახვა