რამდენად რეალურია ფულის შოვნა ,,მარტივად” ინტერნეტის საშუალებით

თაღლითური პირამიდები ვირტუალურ სივრცეში

მატერიალისტურ სამყაროში თითქმის ყველაფერი ფულადი ერთეულით იზომება. ფულის გამომუშავების ან შოვნის მრავალი მეთოდი არსებობს. ზოგი დღეში 1-2 საათი წაიმუშავებს,ზოგი კი დილიდან ღამემდე მუშაობით წელში წყდება. ამ ყველაფერთან ერთად, არსებობს ინტერნეტით თანხის შოვნის საშუალებაც.

ფორექსი, სხვადასხვა სახის დავალებები, საიტების მონახულება – ეს მხოლოდ მცირედია იმ შესაძლებლობებიდან რომელსაც ინტერნეტ სივრცე გვთავაზობს. მრავალი ადამიანია ჩართული სარეკლამო ბიზნესში, google-ს გამოყენებით შესაძლებელია ფულის გამომუშავება რეკლამების განთავსებით, როგორც საკუთარ საიტზე, ისე youtube-ს არხზე. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი მეთოდები მოითხოვს მუშაობას და დიდი ენერგიის ჩადებას საქმეში. მოგება შეიძლება მიზერულიც იყოს და ძალიან დიდიც, თუმცა ყველაფერი მომხმარებელზეა დამოკიდებული.

მათთვის კი, ვისაც ეზარება მთელი დღე წვალება და თვეობით მუშაობა, სხვა ვარიანტებიც არსებობს. ფინანსური პირამიდები ახალი ხილი არაა მოსახლეობისთვის. ეს სახელი უმეტესობას ახსენებს წარსულ პერიოდს, როდესაც გაურკვეველი მეთოდებით ხალხი ცდილობდა ფული ეშოვნა. ამაში სხვებსაც ითრევდნენ და საბოლოოდ ყველა მაინც მშრალზე რჩებოდა. თანამედროვე სამყაროში, როდესაც პირადი ცხოვრებაც კი ინტერნეტ სივრცეშია გადატანილი, გასაკვირი არაა რომ ხსენებულმა მეთოდმაც ვირტუალურ სივრცეში გადაინაცვლა.

არსებობს სხვადასხვა ტიპის საიტები, ისინი არსით ჩვეულებრივი პირამიდებია. პროექტებში თანხა ახალი მოთამაშეების ინვესტიციის ხარჯზე, თავად მომხმარებლებს შორის ბრუნავს. ყველა ამ პროექტს სხვადასხვანაირი შინაარსი აქვს, ამას საიტის ლეგენდა ეწოდება. მაგალითად, არსებობს საიტი,სადაც მომხმარებელი უბრალოდ თამაშობს. შეაქვს საიტზე ფული, ყიდულობს ძროხას, ქათამს… შემდეგ მიღებულ პროდუქტს ყიდის და რეალური თანხა ანგარიშზე გამოაქვს. ესაა პირამიდის კლასიკური ვარიანტი, თამაში და სხვა გასართობი მხოლოდ დროის გაწელვაა მისი შემქმნელისთვის. მომხმარებლებს შეაქვთ თანხა, მათ კიდევ ემატებიან ახალი მომხმარებლები თავიანთი ფულით. თანხის რაოდენობა იზრდება. ძველი მომხმარებელი მოგებას იღებს ახლის ხარჯზე, რადგან მისი შეტანილი ფული გამოაქვს. ამგვარ თამაშის სტილის პირამიდებს ზოგადად ფერმის სახელით მოიხსენიებენ.

სხვა ვარიანტებიც არსებობს, ესაა რამოდენიმე დღიანი ან კვირიანი პროექტები. საიტი ჩნდება სწრაფად, აქვს ფანტასტიური შემოთავაზებები-„შემოიტანე 1000$ და სამ დღეში გაასამმაგე!“-ს ტიპის. ეს საიტები რეალურად მუშაობენ, ზოგი მომხმარებელი ასამმაგებს კიდეც თავის თანხას, მაგრამ რა თქმა უნდა სხვა მომხმარებლის ხარჯზე. ვინც პირველი გააკეთებს ინვესტირებას, მას მეტი შანსი აქვს რომ რაიმე მოიგოს, ბოლო ინვესტორი კი გარანტირებულად ყველაფერს კარგავს. მაღალი პროცენტისა და სწრაფი ტემპის გამო,მსგავსი საიტები რამოდენიმე დღეში, ან 1-2 კვირაში იძირება.

ბოლო დროს პირამიდის ახალი და მეტად გონივრულად აგებული სახეობა გამოჩნდა. იწყება პროექტი, რომელიც სთავაზობს მომხმარებელს დროში გაწერილ მოგებას. დამფუძნებლები არ აღიარებენ, რომ პირამიდის პრინციპზეა დამყარებული მთელი ეს სისტემა. საიტისთვის ქმნიან დამაჯერებელ ლეგენდას. მაგალითად: თქვენი ფულით საფონდო ბირჟაზე ივაჭრებენ და მოგებას მიიღებთ, გაასესხებენ და მოგებას გინაწილებენ, დუბაიში მანქანას იყიდიან და დღიურად გააქირავებენ, წილს კი მოგცემენ…მრავალი ასეთი ისტორია არსებობს.რეალობა მხოლოდ ერთია, არანაირი მანქანის გაქირავების სერვისი არ არსებობს, ჩვეულებრივი სტრუქტურის პირამიდაა. მომხმარებელთა მიერ შეტანილი თანხა ისევ ამ მომხმარებლებს უბრუნდებათ პროცენტების დამატებით, რა თქმა უნდა ახალი მომხმარებლების ხარჯზე. როდესაც დრო მოდის (სარისკო პერიოდია ზაფხული და საახალწლო დღეები) მომხმარებელი იკლებს, შესაბამისად ფულის წყაროც. ხალხისთვის ფულის მიცემა იზღუდება, მცირდება. ჩნდება ახალი საბონუსე და წამახალისებელი პროგრამები რომ როგორმე კიდევ მოიზიდონ ხალხი. თუმცა ყველაფერი მაინც ლოგიკური ფინალისკენ მიდის, პროექტი იძირება მთელ ფულთან ერთად. ზოგიერთი ძველი ინვესტორი მოგებული გამოდის საქმიდან, ზოგი ძლივს იბრუნებს ჩადებულს… ბევრი კი საფლავში აყოლებს მის შენატანს.

როგორც ხედავთ, პირამიდებში ინვესტიციები ტოტალიზატორში თამაშს გავს, რისკი ძალიან მაღალია. მსგავსი საიტები მომხმარებელს უმეტესად ჩვეულებრივ ადამიანებში ეძებენ. მათში, ვისაც წარმოდგენა არ აქვს, თუ რა ხდება და მართლაც გონია, რომ ვირტუალური ძროხის რძით შოულობს ფულს. არის ხალხი, რომელიც კარგადაა გარკვეული ამ სფეროში და სხვადასხვა პროექტები მათთვის ფსონის დადებასავითაა, ისინი იგებენ იმ ხალხის ხარჯზე, რომელთაც თავად იწვევენ პროექტში (მათ რეფერალები ეწოდებათ). ზოგჯერ მოწვეულიც იგებს და მიმწვევიც, ხშირ შემთხვევაში კი წყლიდან მშრალად გამოსვლას მხოლოდ რეფერალები ახერხებენ. ამიტომაც გაფრთხილდით სანამ რაიმე პროექტში გადაწყვეტთ მონაწილეობას, გაითვალისწინეთ რისკები და ამგვარად შესაძლებელია მოგებულიც კი დარჩეთ.

 

bfm.ge

მსგავსი სიახლეები
239 ნახვა