კახა კალაძე – ,,გაზპრომთან” ხელშეკრულება უახლოეს დღეებში გაფორმდება

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის, ვიცე პრემიერ კახა კალაძის განცხადებით, “გაზპრომთან” ხელშეკრულება უახლოეს დღეებში გაფორმდება.

როგორც კალაძემ პარლამენტში, საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა, სიტყვიერი შეთანხმება “გაზპრომთან” მიღწეულია იმის შესახებ, რომ პირობები დარჩეს იგივე, რაც მდგომარეობს იმაში, რომ საქართველომ მიიღოს 10% ბუნებრივი აირი სომხეთში ტრანზიტის შედეგად.

“ხელშეკრულება “გაზპრომთან” გაფორმებული არ არის, თუმცა, ვფიქრობ, უახლოეს დღეებში გაფორმდება. ჩვენი წინადადება გაჟღერებულია უკვე და გადავუგზავნეთ კიდეც ხელშეკრულების შინაარსი. შეთანხმება სიტყვიერად მიღწეულია ანუ ჩვენ ვრჩებით იგივე პოზიციაზე, რაც ბოლო წლების განმავლობაში იყო – მივიღებთ ბუნებრივ აირს 10% ნედლეულის სახით”, – განაცხადა კალაძემ.

ენერგეტიკის მინისტრმა “სოკართან” მიღწეულ შეთანხმებაზეც ისაუბრა და მას “მნიშვნელოვანი” უწოდა.

“ბოლო თვეების განმავლობაში გაზმომარაგება იყო ძალიან აქტუალური თემა. ენერგეტიკის სამინისტრო რამდენიმე ფრონტზე ახორციელებდა მოლაპარაკებებს იმასთან დაკავშირებით, რომ მომხდარიყო ქვეყნის ბუნებრივი აირით უზრუნველყოფა და ის მოთხოვნა, რაც დღეს საქართველოშია, ყოფილიყო დაკმაყოფილებული. წინა კვირას მოხდა ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმების გაფორმება კომპანია “სოკართან” და ეს არის მისასალმებელი. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა თანამშრომელს, განსაკუთრებით მარიამ ვალიშვილს, რომელიც ჩართული იყო ამ მოლაპარაკებებში. ეს არ იყო მარტივი მოლაპარაკებები, ეს იყო მრავალთვიანი პროცესი. მთავარი და მნიშვნელოვანი არის, რომ ჩვენ მივაღწიეთ საბოლოო შედეგს, რომელიც ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქისთვის არის მნიშვნელოვანი”, – განაცხადა კალაძემ.

მისვე თქმით, “სოკართან” მიღწეული შეთანხმების შედეგად, “სოკარი” საქართველოს დამატებით მოცულობებს მიაწვდის “შაჰდენიზის” მილსადენის მეშვეობით.

“ჩვენ არ ვართ დამოკიდებული მხოლოდ და მხოლოდ ერთ მომწოდებელზე. მე არაერთხელ განვაცხადე და კიდევ გავიმეორებ, რომ აზერბაიჯანი არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი. ბუნებრივი აირის 90 %-ს გვაწვდის აზერბაიჯანი. დამატებითი მოცულობების მოწოდებას ტექნიკურად ვერ უზრუნველყოფდა ე.წ. ყაზახის მილსადენი, რომელიც არის კომპანია “სოკარის” საკუთრება. დღეს, ერთობლივი მუშაობით, ეს პრობლემა არის გადაჭრილი და ჩვენ მომავალი წლების განმავლობაში გვექნება შესაძლებლობა მივიღოთ ბუნებრივი აირი “შაჰდენიზის” მილსადენიდან. არაერთი შეხვედრა გაიმართა იმასთან დაკავშირებით, რომ მომხდარიყო ამ მილსადენში დამატებითი მოცულობების გატარება. ამ მილსადენს ფლობს კონსორციუმი, რომელშიც სხვადასხვა საერთაშორისო ენერგეტიკული კომპანიაა გაწევრიანებული. ასევე მინდა მადლობა გადავუხადო “სოკარს” იმ დიდი ძალისხმევისთვის, რომ მომავალი წლების განმავლობაში საქართველოს უზრუნველყოფა მომხდარიყო ბუნებრივი აირით. კიდევ ერთხელ მინდა განვმარტო – ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა ბუნებრივი აირი მივიღოთ “სოკარის” მილსადენით, “შაჰდენიზის” მილსადენით და ასევე ტრანზიტით, რასაც რუსეთი აწვდის სომხეთს და ჩვენ 10%-ს ვიღებთ”, – განაცხადა კალაძემ.

მანვე წარმოადგინა ბუნებრივი აირის მოხმარების სტრუქტურა 2012 წლიდან დღემდე.

“2012 წელს ქვეყანაში ბუნებრივი აირის მოხმარება იყო 1 969 მილიონი, დღეს კი გვაქვს 2 478 მილიონი კუბური მეტრი გაზის მოხმარება. კომერციული აქედან არის დაახლოებით 1 76 მილიონი, მოსახლეობა მოიხმარს 753 მლნ კუბურ მეტრს, თბოელექტროსადგურები კი – 650 მილიონ კუბურ მეტრს”, – აღნიშნა კალაძემ.

 

,,ინტერპრესნიუსი

მსგავსი სიახლეები
68 ნახვა