ლარის სწრაფი გამყარება დაიწყო?!

უახლოეს ერთ თვეში ლარის ახალი წონასწორული კურსი გვექნება. როგორც გაზეთი “რეზონანსი” წერს, რამდენიმე დღეა “ბლუმბერგის” ელექტრონულ პლატფორმაზე ეროვნულ ვალუტას გეზი გამყარებისკენ აქვს აღებული, გუშინ კი ნახტომისებურად დაიწყო გამყარება. ვაჭრობის მიმდინარეობისას კურსი 2,4620-დან 2,4225-მდე ჩამოვიდა. არის თუ არა ეს დიდი გამყარების დასაწყისი?

დანამდვილებით ძნელია თქმა, რა ელოდება ლარს სამომავლოდ და როგორი კურსი გვექნება უახლოეს პერიოდში, მაგრამ სპეციალისტები დარწმუნებული არიან, რომ დღევანდელი ტენდენცია არჩევნებამდე შენარჩუნდება. ფაქტია, რომ ინვესტიციების გააქტიურებამ და ლარზე სპეკულაციური წნეხის მოხსნამ ეროვნული ვალუტის სტაბილურობას, ხოლო შემდეგ მის გამყარებას შეუწყო ხელი.

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური “რეზონანსთან” ინტერვიუში ირწმუნებოდა, რომ ლარი მალე გამყარებას დაიწყებდა და როგორც ჩანს, ეს დრო უკვე დადგა.

ეკონომისტებიც ადასტურებენ, რომ დევალვაციის პერიოდი ლარმა ჩამოიტოვა და დოლართან მიმართებაში დისბალანსი აღმოფხვრილია. ახლა ეროვნული ბანკის ერთ-ერთ მთავარ გამომწვევად რჩება არსებული ტენდენციის შენარჩუნება. ეს კი, საბოლოოდ იმაზეა დამოკიდებული, რა პოლიტიკას გაატარებს სებ-ის მომავალი პრეზიდენტი და რამდენად შეძლებს იგი ეროვნული ვალუტის დაცვას?

საბანკო სფეროს სპეციალისტი ვახტანგ ხომიზურაშვილი საუბრობს რამდენიმე რეალურ მიზეზზე, რამაც კურსზე არსებითი გავლენა მოახდინა.

“ბოლო პერიოდში ვალუტის გადინების მასშტაბები შემცირდა, რაც საგარეო ვალდებულებების დაფარვის თვალსაზრისით ხდებოდა. ამ პერიოდში დიდი ფულადი ნაკადი აღარ გადის ქვეყნის გარეთ. პირიქით, ადგილი ჰქონდა ინვესტიციის შემოსვლას ენერგეტიკის სექტორში. გარდა ამისა, ბანკები ჩვეულ ჰიპერაქტიურობას აღარ იჩენენ და ამ ყველაფერმა ერთად ლარის გამყარება უზრუნველყო. ფაქტობრივად, ეს იყო მიზეზი, რამაც ლარსა და დოლარს შორის დისბალანსი აღმოფხვრა.

ბანკები მოუთმენლად ელიან, თუ რა პოლიტიკას გაატარებს ეროვნული ბანკის ახალი პრეზიდენტი და რა ორიენტირს დაუსახავს მათ. საგულისხმოა ახალი მონეტარული პოლიტიკაც. ჯერ არავინ იცის, გამკაცრდება თუ არა იგი. ამ მხრივ კობა გვენეტაძის პოზიციას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ცხადია, ბანკებს არ უნდათ, თვალში შეეჩხირონ სებ-ის საბჭოს ახალ წევრს, სანამ თამაშის წესები ხელახლა არ დადგინდება. ამიტომ კომერციული ბანკები ჯერ კიდევ მოლოდინის რეჟიმში არიან”, – განმარტავს ხომიზურაშვილი.

მისი ვარაუდით, გამყარების ტენდენცია მინიმუმ არჩევნებამდე შენარჩუნდება. “მცირე თანხის მოძრაობაც კურსზე გარკვეულ გავლენას ახდენს. ჯერჯერობით ვერ ვივარაუდებთ, რომ ეს დიდი გამყარების დასაწყისია, ამის ილუზია არ უნდა გვქონდეს. ჩემი აზრით, ლარი მეტ-ნაკლებად სტაბილური იქნება არჩევნებამდე მაინც. ამ პერიოდში, როგორც წესი, იწყება თანხების ხარჯვა საარჩევნო კამპანიის ჩასატარებლად.

არჩევნების იქით პროგნოზის გაკეთება კი მიჭირს. მთლად დარწმუნებული არ ვარ, ოქტომბრის შემდეგ ლარი მნიშვნელოვან გამყარებას თუ გააგრძელებს. ეროვნულ ვალუტას ამ ეტაპზე ჯერ არაფერი ეტყობა, რომ სამომავლოდ გაუფასურდება ან პირიქით, სწრაფი ტემპით დაიწყებს დაკარგული პოზიციების დაბრუნებას”, – დასძენს ვახტანგ ხომიზურაშვილი.

საბანკო სფეროს სპეციალისტი ვაჟა კაპანაძე დარწმუნებულია, რომ დევალვაციის საფრთხემ ჩაიარა და უახლოეს ორ თვეში ლარის გამყარებას ტენდენციის სახე მიეცემა.

“ლარის გამყარება დაიწყო და ეს პროცესი ემთხვევა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ვადის ამოწურვის პერიოდს. გიორგი ქადაგიძესთან უამრავი შეკითხვა დაგროვდა და მან ყველას სათითაოდ უნდა გასცეს პასუხი: პირველ რიგში, თუ რატომ გაუფასურდა ლარი და რა გარიგებაში იყო იგი კომერციულ ბანკებთან? მისი დაუდევრობით უამრავი ადამიანი ჩავარდა გაჭირვებაში და ქვეყანაში ეკონომკური ზრდა შეჩერდა. ადრე თუ გვიან, ქადაგიძეს მოუწევს ამ კითხვებისთვის პასუხის გაცემა.

დანამდვილებით შემიძლია თქმა, რომ გამყარების უფრო ძლიერი ტენდენცია, სავარაუდოდ, მაისიდან გვექნება. ამ პერიოდისთვის საქართველოს ექსპორტ-იმპორტში მნიშვნელოვან ცვლილებას ველოდებით”, – განმარტავს კაპანაძე და დასძენს, რომ უახლოეს ერთ თვეში ლარის ახალი წონასწორობის კურსი ჩამოყალიბდება და ზეწოლა უკვე გამყარებისკენ იქნება.

“თავის დროზე კომერციული ბანკები ბაზარზე სპეკულირებდნენ და ამ პროცესში მათ გიორგი ქადაგიძე უწყობდა ხელს. ჩემი აზრით, ეს გარიგება არცთუ უანგარო იყო. ახლა სად არის გარე ფაქტორები, ასე ერთბაშად მოიხსნა? არავითარ კორელაციაში არ იყო ეს პოცესები ლართან, მაგრამ ბანკებს ბინძური ქმედებებისთვის სჭირდებოდათ.

იმედი მაქვს, მალე, სავარაუდოდ, 1 თვეში ჩამოყალიბდება ახალი წონასწორობის კურსი და ამ პროცესში ეროვნული ბანკი გონივრულ ფარგლებში ჩაერევა. ყოველთვის არ იქნება ჰარმონიული ბალანსი, მაგრამ ეროვნული ვალუტა სწრაფად გამყარდება. დარწმუნებული ვარ, პრობლემა უკან დარჩა და ლარი პოზიციას საგრძნობლად გაიუმჯობესებს”, – აცხადებს ვაჟა კაპანაძე.

განსხვავებული მოსაზრება აქვს ექსპერტ გიორგი ჭეიშვილს. მართალია, ის ფიქრობს, რომ ლარის კურსს მოკლევადიან პერიოდში არაფერი ემუქრება, მაგრამ, იმავდროულად, მოსალოდნელ საფრთხეზეც ამახვილებს ყურადღებას. მისი შეფასებით, ამ მხრივ სერიოზულ გავლენას მოახდენს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მსოფლიოში მიმდინარე პროცესები. კერძოდ, აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის საბაზისო საპროცენტო განაკვეთის ცვლილება და ნავთობის ფასები.

“ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსი სამომავლოდ მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული. რთულია იმის პროგნოზი, თუ როგორი იქნება სავალუტო შემოდინებები ექსპორტის, ფულადი გზავნილებისა და ინვესტიციების თვალსაზრისით. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს კაპიტალის გადინებას, ვგულისხმობ, საგარეო ვალების გასტუმრებას, ინვესტორების მიერ კუთვნილი დივიდენდების გატანას და სხვა.

ასევე მნიშვნელოვანია მსოფლიოში მიმდინარე პროცესებიც. ნავთობის ფასები თუ უცვლელად შენარჩუნდა ან კვლავ განაგრძო კლება, მაშინ ნავთობდამოკიდებული ქვეყნების ეკონომიკაში პრობლემები კვლავ გაგრძელდება. იქედან წამოსული ფულადი ნაკადი კი მცირე იქნება და შესაბამის გავლენას მოახდენს ლარის გაცვლით კურსზეც”, – განმარტავს ჭეიშვილი.

იგი არ გამორიცხავს, შემოდგომაზე ახალი გამოწვევების წინაშე აღმოვჩნდეთ, რადგან წინ არჩევნებია, როცა ყოველთვის იზრდება პოლიტიკური არასტაბილურობა ქვეყანაში. ეს კი ნეგატიურად ზემოქმედებს ბიზნესის განწყობებსა და ზოგადად ეკონომიკურ გარემოზე ქვეყანაში.

 

,,რეზონანსი”

მსგავსი სიახლეები
4,645 ნახვა