პრობლემები, რომლის გამოც გლეხებს მიწის დარეგისტრირება უჭირთ

სულ მალე პარლამენტი მიწის რეგისტრაციის გამარტივებულ ვარიანტს განიხილავს
უძრავი ქონების, მათ შორის მიწის რეგისტრაციის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებები ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის ცხარე კამათის მიზეზი გახდა. ამის გამო კანონპროექტი პარლამენტიდან გამოიწვიეს და მასზე მუშაობა დღემდე გრძელდება. მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, ოპოზიციაც და მმართველი გუნდიც აღიარებს, რომ მიწის აღრიცხვის საკითხი ქვეყანაში უნდა მოწესრიგდეს, რომ უნდა ვიცოდეთ, რა არის სახელმწიფოს საკუთრება და რა – კერძო პირებისა. მთავრობა გვაიმედებს, რომ უკვე შემუშავებულია სპეციალური ფინანსური ინსტრუმენტი, რომელიც მოქალაქეებს მიწის რეგისტრაციაში დაეხმარება და ამ პროცესს გაამარტივებს. ცნობილია, რომ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით არ არის დადგენილი აზომვითი საქმიანობის ერთიანი სტანდარტი. ახალი პაკეტი ამ ხარვეზის მოწესრიგებასაც ითვალისწინებს, რაც მრავალ გაუგებრობას მოაგვარებს.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრ გია ჟორჟოლიანის თქმით, აღნიშნული კანონპროექტის პარალელურად, იუსტიციის სამინისტროში შემუშავდა მთელი პაკეტი ცვლილებებისა:
გია ჟორჟოლიანი – პარლამენტის წევრების აქტიური მონაწილეობით, რომელთა შორის მეც ვარ, შემუშავდა ცვლილებათა პაკეტი, რომელიც მოქალაქეებს მიწის რეგისტრაციას ძალიან გაუადვილებს. მთავრობამ გადაწყვიტა, ეს ორი კანონპროექტი ერთმანეთთან ჰარმონიაში მოიყვანოს და მიწის რეგისტრაცია ბევრად უფრო ხელსაყრელი გახადოს – როგორც ფინანსურად, ასევე პროცედურული თვალსაზრისით. ვიმედოვნებთ, რომ მიწის რეგისტრაციის წესები მომავალში კიდევ უფრო გამარტივდება.

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი კი ამბობს, რომ ვისაც საბუთები წესრიგში აქვს, მიწის დარეგისტრირება არც ახლა გაუჭირდება.
– საუბარია იმაზე, რომ მივიღოთ ახალი მექანიზმი, რომელიც შესაბამისი დოკუმენტის არმქონე გლეხებს, ფერმერებს, თუ მესაკუთრეებს თავის მფლობელობაში არსებული ქონების დარეგისტრირებას გაუადვილებს. მოგეხსენებათ, რომ დღეს არსებული მიწების პირველადი რეგისტრაცია უფასოა, საკმარისია ადამიანს პირადობის მოწმობა და აზომვითი ნახაზი ჰქონდეს, მიბრძანდეს ნებისმიერ იუსტიციის სახლში და მიწას უპრობლემოდ დაუმტკიცებენ. ამ შემთხვევაში მიწის რეგისტრაცია უფასოა, მაგრამ ხშირად მოქალაქეებს ორი სახის პრობლემა აქვთ: ან უფლების დამდგენი დოკუმენტი არა აქვთ, დაკარგეს, ან გაუნადგურდათ, ეს არის ყველაზე უფრო გავრცელებული შემთხვევა, მაგრამ არის მეორე შემთხვევაც: შეიძლება ადამიანს საჭირო დოკუმენტი აქვს, მაგრამ ამ დოკუმენტში და პირადობის მოწმობაში შეტანილი მონაცემები ერთმანეთს არ ემთხვევა. ეს არის ორი ყველაზე გავრცელებული შემთხვევა. თანაც, ზოგმა თენგიზ სიგუას დროს მიიღო მიწაზე მფლობელობის უფლება, ზოგმა შევარდნაძის და ზოგმაც – სააკაშვილის დროს. როგორც უკვე გითხარით, ზოგს საბუთები საერთოდ დაკარგული აქვს.

ახლა მთავარი სწორედ ამ ორი პრობლემის გამარტივებაა და ამის მისაღწევად კანონპროექტში დამატებითი ცვლილებები უნდა შევიდეს. დანარჩენს კანონპროექტს რომ გამოვიტანთ საჯარო განხილვისთვის, მერე მოგახსენებთ. ეს კი მარტის ბოლოს, ან აპრილის დასაწყისში მოხდება. ამ დროს გამარტივების მექანიზმი უკვე საბოლოო სახეს მიიღებს. როგორც ყოველთვის, ოპოზიცია შეეცადა ეს თემა სათავისოდ გამოეყენებინა, მაგრამ იმას რატომ არავინ ამბობს, რომ რეგისტრაცია უფასოა, თუკი საჭირო დოკუმენტები გიდევს ჯიბეში? მართალია, გლეხები იმ ხარჯებზე ჩივიან, რომელიც მიწის რეგისტრაციის პროცესს თან ახლავს, თუმცა ეს არ არის საგანგაშო თანხა“, – ამბობს ზაქარია ქუცნაშვილი.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მთავარი სპეციალისტი სოფლის მეურნეობის საკითხებში აკაკი ღლონტიც ფიქრობს, რომ მიწის დარეგისტრირება პრობლემა არ იქნება, მით უმეტეს, თუ აზომვითი საქმიანობის ერთიანი სტანდარტი დადგინდება:
აკაკი ღლონტი – ჩვენთან მაგალითად, აზომვითი ნახაზის გაკეთება 50 ლარი ღირს, ხოლო მიწის რეგისტრაცია – 51 ლარი. დაახლოებით 100 ლარად შეიძლება დაირეგისტრირო ნაკვეთი, სულ ერთია 1 ჰექტარი იქნება ის, თუ – ათი. ვფიქრობ, რომ ეს არ არის დიდი თანხა. საქართველო მცირემიწიანი ქვეყანაა და მიწის თითოეული გოჯი უნდა გამოვიყენოთ. ვიცი, რომ ზოგიერთ კომპანიას აღებული აქვს იჯარით 40, 50, 100 ჰექტარი მიწა, იმის მაგივრად, რომ ეს მიწა გამოიყენონ და ხალხი დაასაქმონ, არც თვითონ ამუშავებენ და არც სხვას უთმობენ. ამ დროს ბევრს უნდა მიწა ჰქონდეს, დაამუშაოს, მისგან შემოსავალი მიიღოს, მაგრამ აქ ვერაფერს აკეთებს და უცხოეთში მიდის სამუშაოდ. ჩემი აზრით, ეს მიუღებელია. ჩემი აზრით, მიწის რეგისტრაციის გამარტივება ამ პრობლემების მოსაგვარებლად აუცილებელია.

 

,,ბიზნესპრესნიუსი”

მსგავსი სიახლეები
241 ნახვა