თსუ-ში ხვალ, ერთსა და იმავე დროს სტუდენტთა ორი სხვადასხვა ჯგუფის აქცია გაიმართება

ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან ხვალ, 12:00 საათზე სტუდენტების ჯგუფი უნივერსიტეტის საქმიანობის სამართლებრივ ჩარჩოებში დაბრუნების მოთხოვნით აქციას გამართავს.

აღნიშნულთან დაკავშირებით სტუდენტთა ჯუგფმა განცხადება “ფეისბუქზე” გაავრცელა. სტუდენტები აღნიშნავენ, რომ ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შედეგად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სრული პარალიზების საფრთხის წინაშე დგას.

“ახალგაზრდების მცირე ჯგუფი, რომელთა დიდი ნაწილი არ წარმოადგენს თსუ-ის სტუდენტებს, კვლავ განაგრძობს უნივერსიტეტის სამუშაო პროცესის ჩაშლას. მათ მიერ არათანმიმდევრული მოთხოვნების დაფიქსირება მიმდინარეობს ძალისმიერი და ცილისმწამებლური მეთოდების გამოყენებით. ყოველივე ეს შეუძლებელს ხდის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს სხდომის ჩატარებასა და უნივერსიტეტის სხვა ძირითადი ფუნქციების განხორციელებას. რექტორი კი, რომელიც უნდა წარმოადგენდეს უნივერსიტეტის სამართლებრივ ჩარჩოებში ფუნქციონირების გარანტს, მისი უნიათობითა თუ მიზანმიმართული უმოქმედობით ხელს უწყობს სიტუაციის გამწვავებას. ვლადიმერ პაპავა ვერ უზრუნველყოფს პერსონალისთვის უსაფრთხო სამუშაო პირობების შექმნას და სტუდენტებზე ორიენტირებული გარემოს შენარჩუნებას. შექმნილი არაჯანსაღი მდგომარეობა მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ქვეყნის პირველი უნივერსიტეტის სახელს. მოდი უნივერსიტეტის პირველ კორპუსში 14 მარტს, 12:00 საათზე. ერთად მოვითხოვოთ უნივერსიტეტის საქმიანობის დაბრუნება სამართლებრივ ჩარჩოებში! შეიტანე შენი წვლილი ინსტიტუციური კრიზისიდან უნივერსიტეტის გამოყვანაში! დაიცავი უნივერსიტეტი!”, – წერენ აქციის ორგანიზატორები.

მათივე მტკიცებით, ეს არ არის იმ ჯგუფის წინააღდმეგ მიმართული აქცია, რომელიც უკვე რამდენიმე დღეს თსუ-ში აქციას მართავს და კანცლერობის კანდიდატობიდან გიორგი გაფრინდაშვილმა მოხსნას ოთხოვს. “პირიქით ჩვენი მოთხოვნები და მათი მოთხოვნები დიდწილად ერთმანეთს ემთხვევა. როგორიცაა ოდეერის საკითხი და ამდენი ხანი ამ საკითხზე რექტორის სიჩუმე”, – აცხადებენ ორგანიზატორები.

აქციის მთავარი მოთხოვნებია: უნივერსიტეტის რექტორმა აიღოს პასუხისმგებლობა მიმდინარე მოვლენებზე და აღდგეს უნივერსიტეტის გამართული ფუნქციონირება; გათავისუფლდეს უნივერსიტეტი ОДР-ის და ყველა მსგავსი საბჭოური გადმონაშთისგან; უპირობოდ სცეს პატივი უნივერსიტეტის მართვის დემოკრატიულ პრინციპებს და მიეცეს უნივერსიტეტის უმაღლეს წარმომადგენლობით საბჭოს თავისუფალ რეჟიმში მუშაობის უფლება!
როგორც ცნობილია, სტუდენტების სხვა ჯგუფი, რომელიც რამდენიმე დღეა უნივერსიტეტის ფოიეში ღამეს ათენებს, ზუსტად იგივე დროს, ხვალ, 12:00 საათისთვის უნივერსიტეტში საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავს. მათი მოთხოვნებია, უშიშროების თანამშრომლებმა დატოვონ საუნივერსიტეტო სივრცე, გაუქმდეს სტუდენტური თვითმმართველობის პრივილეგიები; ასევე, უნივერსიტეტის რექტორისა და კანცლერის არჩევის პროცესში მოხდეს სტუდენტებისა და ლექტორების მაქსიმალური ჩართულობა და კანცლერის თანამდებობაზე წარდგენილმა გიორგი გაფრინდაშვილმა კანდიდატურა მოხსნას.

 

,,ინტერპრესნიუსი”

მსგავსი სიახლეები
97 ნახვა