პაატა ზაქარეიშვილი: ჩემთვის მნიშვნელოვანია ხალხი და არა ტერიტორიები

ორიოდ დღის წინ მხარეებს შორის 2008 წლის ომის დროიდან ტყვეთა ყველაზე მასშტაბური გაცვლა განხორციელდა. ენგურის ხიდზე, აფხაზეთთან დე ფაქტო საზღვართან ე.წ. სამხრეთ ოსეთის 4 მოქალაქე საქართველოს 12 მოქალაქეში გაცვალეს, რომელიც სხვადასხვა დროს აფხაზური და ოსური მხარეების სასამართლოების მიერ იყო მსჯავრდებული. პროცესს პირადად ესწრებოდა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი. იგი ჭუბურხინჯში გადავიდა, რათა გათავისუფლებულ ქართველებს გასაუბრებოდა. რადიო «თავისუფლებამ» ზაქარეიშვილთან ინტერვიუ ჩაწერა. ქართულ თარგმანს გთავაზობთ:

ბატონო მინისტრო, თქვენ დიდი ხანია, გამოდიოდით ქართულ ციხეებში მყოფი, სამუდამოპატიმრობამისჯილი ოსების გათავისუფლების ინიციატივით. ეს საკითხი არაერთხელ დაუყენებია სხვადასხვა შეხვედრებზე ოსურ მხარეს. თუმცა გყავდათ ბევრი ოპონენტი, მათ შორის – ამჟამინდელ ხელისუფლებაში, რომლებიც შიშობდნენ, რომ ქართული საზოგადოება ვერ გაიგებდა გორის ტერაქტისთვის გასამართლებულთა შეწყალებას. როგორ შეძელით, უპირველესად, თქვენი თანაგუნდლების დარწმუნება?

პაატა ზაქარეიშვილი: პროცესი დიდხანს მიდიოდა და, შესაბამისად, სწორედ ამ პროცესში მდგომარეობდა პროცედურა ყველა იმ ადამიანის დარწმუნებისა, რომელსაც მეტი არგუმენტი, მეტი მტკიცებულება სჭირდებოდა იმისა, რომ ამგვარი მოქმედება დადებით შედეგებს მოიტანდა. საბოლოოდ ჩვენ მაინც მივიღეთ ეს შედეგი და მე ძალიან კმაყოფილი ვარ. ვთვლი, რომ ჩვენი გუნდი პასუხისმგებლობით მოეკიდა ამას და მივიღეთ დადებითი შედეგი. ეს არა მარტო ხალხის გათავისუფლება და სახლებში, ოჯახებთან დაბრუნებაა, რაც თავისთავად ნომერ პირველი შედეგია, არამედ ისიც, რომ ამან აჩვენა, რამდენად არიან კონფლიქტის მხარეები – როგორც ქართულ-აფხაზურის, ისე ქართულ-ოსურის – მზად, თანამედროვეობას აუბან ფეხი და ჩვენ ვხედავთ, რომ არის გარკვეული დინამიკა, სამშვიდობო პროცესების პოტენციალი. შესაბამისად, ამ გაცვლამ [მსჯავრდებულების] შესაძლებლობა მოგვცა, გვეჩვენებინა, რომ მხარეები მზად არიან, გადაჭრან სერიოზული საკითხები, რაც ნებისმიერ შემთხვევაში ძალიან დადებითი მოვლენაა.

განსაკუთრებული მადლიერება გამოხატეთ რაულ ხაჯიმბას მიმართ. და მართლაც, აფხაზეთის პრეზიდენტის მონაწილეობის გარეშე ეს გაცვლა ძნელად თუ განხორციელდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ აფხაზები მსჯავრდებულებს შორის არ იყვნენ, სწორედ რაულ ხაჯიმბამ შეიტანა ყველაზე წონადი წვლილი გაათავისუფლა აფხაზური ციხიდან საქართველოს 8 მოქალაქე, მათ შორის – ჯაშუშობისა და სხვა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებში ბრალდებულები. როგორ გახდა ეს შესაძლებელი?

– სწორედ ეს შედეგი მეტყველებს მხარეებს შორის წარმოქმნილ ნდობაზე. მე სიხარულით და მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია, გავიმეორო მადლიერების სიტყვები ბ-ნი რაულ ხაჯიმბას და აფხაზური მხარის ყველა წარმომადგენლის მიმართ, ვინც ჩართული იყო ამ პროცესში. მეჩვენება, რომ ისინი მართლაც დარწმუნდნენ,რომ ახალ ქართულ პოლიტიკას «ქართული ოცნების» სახით რეალურად სურს გასვლა კონფრონტაციიდან,დაძაბულობიდან და სერიოზული საკითხების გადაჭრისას იურთიერთოს აფხაზურ და ოსურ მხარეებთან მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი გზით. ამ სამმა წელმა, ალბათ, ყველას მისცა შესაძლებლობა, დარწმუნებულიყო, რომ ჩვენ არა სიტყვით, არამედ საქმით ვაპირებთ, მივყვეთ მშვიდობიან პროცესს. მე პირად აზრს გამოვთქვამ და სიმართლესთან ახლოს ვიქნები, თუ ვიტყვი, რომ აფხაზურმა მხარემ ეს, როგორც ჩანს, დაინახა და ეს გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანი იყო. რეალურად, მათ არაფერი მიუღიათ, კეთილი სახელის მეტი, რაც ალბათ, სხვა ყველაფერზე მნიშვნელოვანია, და ანგარიში გაუწიეს ოსური მხარის თხოვნას. მეჩვენება, რომ ეს კარგი მაგალითია საერთაშორისო თანამშრომლობისთვისაც და ყველასთვის და მან წარმოაჩინა პოტენციალი ქართულ-აფხაზური, ქართულ-ოსური საკითხების გადაჭრაში. ვფიქრობ, საერთაშორისო საზოგადოებამ ამას მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს და მეტი რესურსი დახარჯოს, რადგან ახლა მთელი მსოფლიო გადაერთო სხვა ძალიან მნიშვნელოვან და რთულ საკითხებზე – სირიაზე, რუსეთ-თურქეთის ურთიერთობებზე, ერაყზე, უკრაინაზე, მაგრამ დაუშვებელია, კარგი მაგალითები შუა გზაში მიატოვო. ვფიქრობ, არსებობს სერიოზული რესურსები ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური შერიგებისთვის და ეს შეიძლებოდა, ქცეულიყო მაგალითად სხვა კონფლიქტების მხარეებისთვის – როგორ უნდა გადაიჭრას და სულ მცირე, ტრანსფორმირდეს ისინი. გუშინდელი დღე სწორედ იმის დასტურად იქცა, რომ ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოვადუნოთ ყურადღება.

თქვენ თქვით, რომ მხარეები მზად არიან, თანამედროვეობას აუბან ფეხიცოტა ხნის წინ თქვენ ბრძანეთ, რომ გსურთ ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური ურთერთობების ახალი ეტაპის დაწყება. რას გულისხმობდით?

– ვფიქრობ, ჩვენ პატივი უნდა ვცეთ და გავითვალისწინოთ კონფლიქტის მხარეების ინტერესები და ამოვიდეთ რეალური სიტუაციიდან, რისი გაკეთებაა შესაძლებელი სადღეისოდ. რა თქმა უნდა, კონფლიქტის მხარეებს შორის ბევრი ისეთი თემაა, რომლის გადაჭრა სადღეისოდ შეუძლებელია, მაგრამ ამის გამო ტყვედ არ უნდა გვყავდეს ის საკითხები, რომელთა გადაჭრა შესაძლებელია. გუშინდელმა დღემ გვიჩვენა, რომ არსებობს საკითხები, რომელიც ჰუმანიტარული გზით შეიძლება, გადაწყდეს. ასეთი საკითხი ძალიან ბევრია – სოციალური, ეკონომიკური, კულტურული. ჩვენ მხარს გვიჭერს საერთაშორისო თანამეგობრობა, არსებობს ჟენევის ფორმატი, რომელშიც საკმაოდ მსხვილი აქტორები – გაერო, ეუთო, ევროკავშირი მონაწილეობენ…

მინდა, გკითხოთ მათი როლის შესახებ, ვინაიდან ჟენევის პროცესს ხშირად აკრიტიკებენ, როგორც არაეფექტურს. მიუხედავად ამისა, მხარეებმა მსჯავრდებულთა გაცვლა ჟენევის დისკუსიების ფარგლებში თანამშრომლობის წარმატების მაგალითად მოიყვანეს

– რეალურად, ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველა არსებული რესურსი და შესაძლებლობა. პირადად ჩემთვის მნიშვნელოვანია შედეგი: ჩვენ მივიღეთ ბევრი ადამიანის გათავისუფლება, გავაბედნიერეთ ბევრი ოჯახი და დავარწმუნეთ მხარეები, რომ საკითხების გადაწყვეტა შესაძლებელია. ამ გათავისუფლების საკითხები იმდენად დიდხანს არ წყდებოდა, რომ სხვა პლატფორმებზეც განიხილებოდა, უპირველესად – ჟენევაში. არავის გამორიცხვა არ მინდა, მაგრამ მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს საკითხი რეგულარულად იყო დაყენებული ჟენევაში და დისკუსიების თანათავმჯდომარეების დღის წესრიგში მუდმივად იდგა.

თქვენ საუბრობთ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართ ახალ სტრატეგიაზე. ამავდროუალად თქვენი ოპონენტები – ქართული ოპოზიცია ხშირად გაკრიტიკებთ იმის გამო, რომ საქართველოს ამჟამინდელმა ხელისუფლებამ შეამცირა საგარეო პოლიტიკური აქტივობა, საქართველოს ტერიტორული მთლიანობის საკითხი საერთაშორისო რადარებიდან გაქრა და რომ თქვენი მოღვაწეობა «ვნებს ქვეყნის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვად ინტერესებს». არ გეშინიათ, კიდევ უფრო მეტი დარტყმის ქვეშ მოხვდეთ? თქვენ ისედაც ოპოზიციის ერთ-ერთი უსაყვარლესი სამიზნე ხართ.

– მე მათ ყურადღებას არ ვაქცევ. აბსოლუტურად არ მაღელვებს, რას ამბობენ ისინი, ვინც საქართველო რუსეთს ჩააბარა და დაუშვა საომარი მოქმედებების განახლება 2008 წელს და ის, რომ რუსეთმა დაიკავა ყველა ის ტერიტორია უკვე არა როგორც მშვიდობისმყოფელმა, არამედ როგორც ოკუპანტმა სახელმწიფომ, ხოლო შემდეგ აღიარა დაკავებული ტერიტორიების დამოუკიდებლობა. ასე, რომ, მათი შესაფასებელი არ არის, რას ვაკეთებ, ამიტომაც არ ვაქცევ მათ არანაირ ყურადღებას. ვთვლი, რომ სწორ გზაზე ვდგავარ. ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის. ეს ჩემთვის პრინციპული საკითხია და მე ანგარიშს მხოლოდ ჩემს სინდისს, გამოცდილებას, ცოდნას, გუნდს გავუწევ როგორც პარლამენტში, ასევე მთავრობაში და მივიღებ სწორედ იმ გადაწყვეტილებებს, რომელსაც შევათანხმებ ჩემს გუნდთან. ეს ოპოზიცია, რომელიც მაკრიტიკებს, გახარებული იქნებოდა, რუსეთს რომ საქართველო კიდევ უფრო მეტ მსხვერპლად ექცია. ჩვენ იმ რადარებიდან გავქრით, რომელზეც საქართველო კრიზისულ სახელმწიფოდ ითვლებოდა. საქართველო ახლა ფეხზე დადგა და თავად შეგვიძლია, გადავწყვიტოთ. გუშინდელი დღე არაჩვეულებრივი დასტურია იმისა, რომ ქართველებსა და აფხაზებს, ქართველებსა და ოსებს ძალუძთ, თავად გადაჭრან გარკვეული საკითხები– მაგალითად, გაათავისუფლონ ერთდროულად რამდენიმე ადამიანი. ხოლო იმ საკითხებში, რომელსაც ვერ წყვეტენ, აუცილებელია მხარდაჭერა და საერთაშორისო თანამეგობრობა უკვე დიდი ყურადღებითა და პასუხისმგებლობით მიუდგება მხარეებს, რომლებიც ასევე პასუხისმგებლობით ეკიდებიან ამას.ძალიან მიხარია, რომ არ ვართ კრიზისული სახელმწიფო, არამედ ვართ ქვეყანა, რომელიც პასუხს აგებს საკუთარ თავზე და შეუძლია საერთო ენის გამონახვა იმ ადამიანებთან, რომლებთანაც გაუცხოებულია. ესაა ჩემი პოზიცია და სურვილიც არ მაქვს, ვუპასუხო იმ ხალხს, რომელთაც საქართველო დააინვალიდეს. ჩვენ ამ სიტუაციის გამოსწორებას ვცდილობთ.

ცხინვალის იზოლატორიდან გათავისუფლებულთა შორის ერთ-ერთია ძმები ფუხაევებიდან – იგორი, რომელიც ცხინვალში სამშობლოს ღალატისა და ხელისუფლების ძალისმიერი გზით ხელში ჩაგდების მცდელობის ბრალდებით დააკავეს. ძმები იგორ და ბათირ ფუხაევები 2014 წლის ზაფხულში დიმიტრი სანაკოევის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობის გამო დააკავეს. როგორ მოხვდა სიაში ერთი ძმა და რატომ არ მოხვდა მეორე? ბათირ ფუხაევს სწორედ ამ დღეებში უწევდა სასამართლო. საერთოდ რა როლი ქვს თქვენს ახალ სტრატეგიაში სანაკოევის ადმინისტრაციას?

ერთი ძმა სიაში იმიტომ აღმოჩნდა, რომ მეორემ ნებაყოფლობით დაწერა განცხადება, რომ ურჩევნია, ბოლომდე დაელოდოს სასამართლოს და სურს, საკუთარი სიმართლე იქ დაამტკიცოს.

ანუ ეს ბათირია, რომელიც ვერ მოხვდა სიაში?

– დიახ. გათავისუფლების პროცესში მე გადმომცეს მისი განცხადების ასლი. ასევე ვიცი ნათესავებისგან, რომ ეს მისი პრინციპული მიდგომაა. იგორმა თანხმობა განაცხადა და ოსურ მხარეს მისი გათავისუფლებისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია.

რაც შეეხება ადმინისტრაციის [დიმიტრი სანაკოევის] როლს, ვთვლით, რომ მას საკმაოდ დიდი სარგებელი მოაქვს.ნებისმიერ შემთხვევაში, ამ ადმინისტრაციაზე არ არის ის პოლიტიკური დატვირთვა, რომელიც იყო სააკაშვილის დროს. სანაკოევის ადმინისტრაციას უფრო გამოყენებითი ამოცანები აქვს – მაგალითად, ჯანდაცვა. მე ვიცი, რომ ძალიან ბევრი ოსი, რომელიც თაბილისში სამკურნალოდ ჩამოდის, ენდობა ამ სტრუქტურას და მისი მეშვეობით ახდენენ საკუთარი უფლებების რეალიზებას, მიიღონ ხარისხიანი სამედიცინო დახმარება. ავადმყოფები სხვადასხვა წყაროებიდან მოდიან და საბოლოოდ ჩემთან, ჩემს სამინისტროში ხვდებიან, ზოგი – თვითონ, ინდივიდუალურად, ზოგი – არასამთავრობო ორგანიზაციების გავლით. ჩვენ არ გვსურს არანაირი შესაძლებლობის დახურვა, რათა ჩვენი ჯანდაცვისადმი წვდომა არ შევზღუდოთ. შესაბამისად, ბატონი სანაკოევის ადმინისტრაცია ამაში ასევე გვეხმარება.ეს სტრუქტურა წყვეტს სხვა ამოცანებსაც, რომელიც კულტურას, სპორტს ეხება… ვფიქრობ, ახლა ამ პოლიტიკის გადახედვა არ ღირს, რადგან აქ არის გარკვეული რესურსები. არ უარვყოფ, რომ როდესაც ეს სტრუქტურა იქმნებოდა, უმჯობესი იყო, ეს სხვაგვარად გაკეთებულიყო. ყოველთვის ვაკრიტიკებდი ასეთ მიდგომას, მაგრამ უკვე გაკეთებული საქმე ყოველთვის არაა შესაცვლელი, შესაძლებელია, მისი მოდიფიცირება მოახდინო. ჩვენ არ გამოვიყენებთ ამ სტრუქტურებს პოლიტიკური წნეხისთვის, როგორც პოლიტიკურ კომბალს.

აფხაზეთმა და სამხრეთ ოსეთმა რუსეთის ფედერაციასთან სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებები გააფორმეს და მათი ინტეგრაცია ყოველწლიურად სულ უფრო მჭიდრო ხდება. სამხრეთ ოსეთში ლეონიდ თიბილოვმა განაცხადა, რომ ჩაატარებს რეფერენდუმს რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში გაერთიანების საკითხზე. როგორ წარმოგიდგენიათ თქენი ახალი სტრატეგიის წარმატება რუსეთთან ურთერთობებში წარმატების მიღწევის გარეშე?

– ხელმოწერილი შეთანხმებები უკანონოა. ისინი არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობას და ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ნორმებს. ანუ, მათ არ აქვთ სამართლებრივი საფუძველი – ისინი წმინდა პოლიტიკურია.ასე, რომ რაც ნაკლებ ყურადღებას მივაქცევთ ამ შეთანხმებებს, მით უკეთესი, რადგან ისინი არაფრითაა გამყარებული. მთელს მსოფლიოს არაღიარების პოლიტიკა აქვს, შესაბამისად, ყველა ეს ქაღალდი საერთაშორისო საზოგადოებისთვის არანაირი ვალდებულების მატარებელი არაა. ჩვენ უნდა ამოვიდეთ რეალური სიტუაციიდან და არა იმიდან, რა წერია იქ. რეალობაში, ის, რომ მსგავსი ქაღალდები მზადდება, იმაზე მეტყველებს, რომ რუსეთს შეეშინდა საქართველოს ახალი სამშვიდობო პოლიტიკის და იმის, რომ ადრე თუ გვიან, ეს სამშვიდობო პოლიტიკა შეუქცევადი გახდება. ამდენად, სწორედ აქ უნდა ვიმუშავოთ – ქაღალდებს კი არ მივაქციოთ ყურადღება, არამედ გავაგრძელოთ პოლიტიკა, რომლის გამოც ეს ქაღალდები იქმნება, რათა მკაფიოდ დავაფიქსიროთ, რომ მშვიდობა ყველაზე მთავარია, არანაირი ომი, არანაირი საფრთხე და მუქარა, არამედ მხოლოდ საკუთარი მოქალაქეების მსახური, ჩვენ კი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მაცხოვრებლებს სწორედ ასეთებად ვთვლით. მინიმუმამდე უნდა იქნას დაყვანილი კონფრონტაცია და გაუცხოება, ყოველ შემთხვევაში – საქართველოს მხრიდან. ანუ, ჩვენ ერთი ხელით უნდა გვეჭიროს და შევთავაზოთ ქართველებსა და აფხაზებს დანარჩენი საქართველო, მეორეთი კი ვქმნიდეთ და ვაძლიერებდეთ ქართულ დემოკრატიულ სახელმწიფოებრიობას, რომელიც ევროპისა და ნატო-სკენ მიდის. მათ მკაფიო არჩევანი უნდა ჰქონდეთ. საერთაშორისო სამართალსა და საქართველოს არანაირი არჩევანი არ აქვთ – ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ ეს ტერიტორიები საერთაშორისოდ საქართველოს ტერიტორიებადაა აღიარებული,მაგრამ ხალხი ამაში უნდა დარწმუნდეს. ჩემთვის მნიშვნელოვანი ხალხია და არა ტერიტორიები.

 

,,აქცენტი”

მსგავსი სიახლეები
266 ნახვა