ლევან გაჩეჩილაძე – ილია კიკაბიძე არის ქურდი, რომელმაც ლოგო მოიპარა

შპს “სტუდია მაესტროს” გენერალური დირექტორი ლევან გაჩეჩილაძე “მაესტროს” ლოგოს ეთერში გამოყენების აღდგენას ითხოვს. როგორც “მაესტროს” “ფაქტორში” გაჩეჩილაძემ განაცხადა, ეთერიდან ლოგოს გაქრობის ბრძანება ემსახურებოდა მხოლოდ იმას, რომ თანამშრომლებს შემოსავალი დაეკარგათ და ვიღაცეებს, 10 მლნ ლარი “შეეტყაპუნებინათ”.

“ვინ მოხსნა ლოგო… ვისი ბრძანებით მოიხსნა… მე ვარ “მაესტროს” გენერალური დირექტორი, მე ეს ბრძანება არ გამიცია. პასუხისმგებლობას ვიღებ ხალხის, ხელისუფლების, ყველას წინაშე, რომ ახლავე აღდგეს “მაესტროს” ლოგო ამ ეთერში. რამდენადაც მე ვარ შპს “სტუდია მაესტროს” გენერალური დირექტორი, მინდა ვთხოვო ყველა იმ ადამიანს, ვინც ეს ლოგო მოაშორა ეთერს, ეს ლოგო დაუბრუნდეს ეთერს და მე მაინტერესებს, ვინ გასცა ეს ბრძანება”, – განაცხადა გაჩეჩილაძემ.
მისივე თქმით, “მაესტროს” თანამშრომლები, რომლებიც რედაქციულ დამოუკიდებლობას ითხოვდნენ, რედაქციული ტერორის ქვეშ არიან.

ლევან გაჩეჩილაძის მტკიცებით, ის რამდენიმე დღეა ითხოვს, “მაესტროს” პირდაპირ ეთერში მისვლას, თუმცა მასთან პირდაპირ ეთერში საუბარი ვერავინ გაბედა.
გაჩეჩილაძემ პირობა დადო, რომ ილია კიკაბიძე ლოგოს გაქრობისთვის პასუხს აგებს და ყველას მიმართა, საბოტაჟში მონაწილეობა არ მიეღო.

“ილია კიკაბიძე არავინ არ არის ჩემთვის, გარდა იმისა, რომ ის არის ქურდი, რომელმაც მოიპარა ლოგო. ილიამ გიბრძანათ ამ ლოგოს მოხსნა? აქ მიდის მიზანმიმართული გაკოტრება, მიდის მცდელობა, რომ 10 მლნ ლარი შეიტყაპუნონ, ჯერ “ემ ინვესტმენტის” მეშვეობით და შემდეგ სტუდია “მაესტრო” დაჯარიმდეს და ეს ყველაფერი თანამშრომლების სახელით კეთდება. ვინც მოხსნა იმას მივმართავ, დაბრუნდეს ლოგო. ილია კიკაბიძეს აქვს სასამართლოს განჩინება, რომ ლოგო ვერ გამოიყენოს და არა იმაზე, რომ ლოგო აუკრძალოს ვინმეს. ილია კიკაბიძე აგებს პასუხს ამისთვის. უმძიმესი ამბავია ეს. არანაირად არ ეხება შპს “სტუდია მაესტროს”. აღდგეს ლოგო. ეს არის მცდელობა ყველა თანამშრომელმა დავკარგოთ შემოსავალი”, – აღნიშნა გაჩეჩილაძემ.
გუშინ შპს “ტელეკომპანია მაესტროს” ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, “მაესტრო” ეთერში ლოგოს გარეშე გავიდა.

 

ipn.ge

 

მსგავსი სიახლეები
114 ნახვა