განხორცილდება თუ არა ცვლილებები „ოკუპაციის შესახებ კანონში“?

კარასინის არადიპლომატიური განცხადებების შემდეგ, გაუქმებაზე არა, მაგრამ „ოკუპაციის შესახებ კანონის” გადახედვაზე თბილისში აქტიურად ალაპარაკდნენ. ისე საეჭვო დამთხვევა კი არის… როგორც საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ „ოკუპაციის შესახებ კანონში” ცვლილება შესაძლოა იმისთვის გახდეს საჭირო, რომ საქართველოში დაგეგმილ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე რუსეთის დელეგაციამ ჩამოსვლა მოახერხოს.

საქმე იმაშია, რომ „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის” მიხედვით (რა თქმა უნდა, ეს კანონი სხვა მუხლებსაც მოიცავს, მაგრამ ახლა ჩვენ ეს გვაინტერესებს) საქართველოში შემოსვლის უფლება არ აქვთ იმ პირებს, ვინც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ისე შედიან, რომ საქართველოს ხელისუფლებისგან ამის ნებართვა არ აქვთ მუღებული. ცნობილია, რომ ეუთო-ს რუსული დელეგაციის წევრები კი, სწორედ ამ კატეგორიის დამრღვევებს მიეკუთვნებიან.

ქართული მხარე ცვლილებების მიზეზად არა კარასინის მოწოდებას, არამედ ეუთო-ს მოთხოვნას ასახელებს. საგარეო საქმეთა სამინისტროსა და პარლამენტში კანონის გაუქმებას კატეგორიულად უარყოფენ, თუმცა გარკვეულ ცვლილებებს მაინც არ გამორიცხავენ.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ნიკოლოზ ვაშაკიძე „პოლიტკომერსანტთან” საუბარში ამბობს, რომ ქვეყანამ, რომელიც საკუთარ თავს პატივს სცემს, ეუთო-ს მოთხოვნის მიუხედავად კანონმდებლობას არ უნდა გადახედოს.

„ეს ძალიან უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება და ტერიტორიული მთლიანობის რღვევის პროცესზე კიდევ უფრო ნეგატიურ გავლენას მოახდენს. როგორც ვიცი საგარეო საქმეთა სამინისტრომ საწინააღმდეგო განცხადება გააკეთა, თუმცა როდესაც ეუთო-ს მოთხოვნებზე საუბრობდნენ ალბათ რაღაც გამონაკლისის დაშვებას გულისხმობდნენ. მიმაჩნია, რომ ისეთი სახელმწიფო, როემლიც საკუთარ თავს პატივს სცემს, ეუთო-ს მოთხოვნას არ უნდა დაეთანხმოს და თავის მიერ მიღებულ კანონს პატივი უნდა სცეს. მიმაჩნია, რომ ეუთო-ს სამდივნოს პოზიციის მიუხედავად, მან მაინც თავის კანონი უნდა აღასრულოს”, – განმარტავს ნიკოლოზ ვაშაკიძე.

„ჩვენი მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლები, ისევე როგორც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია და საპარლამენტო ასამბლეის გენერალური მდივანი მოგვმართავს თხოვნით, რომ შევქმნათ პირობები იმისთვის, რათა თბილისში 1-5 ივლისს დაგეგმილ ძალიან ფართომასშტაბიან ფორუმზე რუსეთის დელეგაციის ჩამოსვლას პრობლემა არ შეექმნას. ეს არის საკითხი, რომელსაც ჩვენ ვიხილავთ. თუ ამისთვის კანონში შესატანი იქნება დეტალი იმის თაობაზე, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე თუ არის ნამყოფი ადამიანი და ის ამავე დროს რომელიმე ქვეყნის დელეგაციაში საერთაშორისო ორგანიზაციიდან მოვლენილი, შეიძლება განვიხილოთ მისი დაშვების საკითხი, თუ ეს სახელმწიფოს ინტერესებშია”, – ასე განმარტავს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი ცვლილებებს.

„რაც ეს კანონი დაიწერა, რუსეთი ითხოვს მის გაუქმებას. ჩვენც რომ მოვედით ხელისუფლებაში, ერთ-ერთი პირველი მესიჯი რუსეთიდან სწორედ ეს იყო. ვიდრე არ აღდგება ტერიტორიული მთლიანობა და არ მოხდება დეოკუპაცია, გამორიცხულია “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” კანონი გაუქმდეს. სხვა საკითხია კანონში ამა თუ იმ ცვლილებების შეტანა. ჯერ კიდევ სააკაშვილის დროს ამ კანონის მიღება ვერ მოასწრეს ის, 8-ჯერ შეცვალეს. ამაში ტრაგედია არაფერი არ არის. ჩვენ ჯერ არ შეგვიცვლია კანონი. ჩემი სამინისტროდანაც იყო ინიცირება, რომელიც მეორე მოსმენაზე გაჩერდა მიზეზთა გამო. მე მიმაჩნია, ის ცვლილებები რომ განხორციელებულიყო და იმედია, ახლა მაინც განხორციელდება, მაშინ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ჩატარებაზე თბილისში საკითხი არ დაისმებოდა. ამიტომ ყველაზე კარგი გზა ახლა არის, პარლამენტმა მიიღოს ცვლილებები მეორე და მესამე მოსმენით”, – აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი.

სამართლის დოქტორი გია მეფარიშვილი აცხადებს, რომ საქართველოს პარლამენტმა „ოკუპაციის შესახებ კანონი” 2008 წლის სამხედრო კონფლიქტის შემდეგ, მძიმე პირობებში მიიღო, ახლენდელმა ხელისუფლებამ კი გადაწყვეტილება გეოპოლიტიკის და ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესების გათვალისწინებით უნდა მიიღოს.

„ჩვენ კარგად უნდა ავწონ-დავწონოთ რა გვიღირს და რა არის მომვალი კონფრონტაციის პერსპექტივა. როგორც ჩანს, კონფრონტაციას პერსპექტივა არ აქვს, არავითარ შემთვევაში. მაგრამ არცთუ დიპლომატიურია საკითხის ისე დაყენება, რომ გინდა თუ არა ეს გააუქმეთ, თუ არა და ჩვენთან ურთიერთობა გართულდება. პარლამენტმა საქართველოს ინტერესების გათვალისიწინებით უნდა მიიღოს პოლიტიკური გადაწყვეტილება. ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრობლემა არის ტერიტორიული მთლიანობა, ყველაფერი დანარჩენი არის მეორეხარისხოვანი”, – განაცხადა გია მეფარიშვილმა.

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა თბილისში 1 – 5 ივლისს ჩატარდება. საქართველოში 54 ქვეყნის საპარლამენტო დელეგაცია უნდა ჩამოვიდეს.

 

politcommersant.ge

მსგავსი სიახლეები
79 ნახვა