The Washington Post: ვლადიმირ პუტინმა, აშშ-ის ადმინისტრაცია კიდევ ერთხელ გააკვირვა

გავლენიანი ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ სირიიდან რუსეთის სამხედრო კონტინგენტისა და ტექნიკის გაყვანის თაობაზე სარედაქციო სტატიას აქვეყნებს.

ვლადიმირ პუტინმა, როგორც ჩანს, აშშ-ის ადმინისტრაცია კიდევ ერთხელ გააკვირვა, ამჯერად სირიიდან ჯარების გაყვანის თაობაზე მკვეთრი გადაწყვეტილების მიღებით. არადა, პრეზიდენტი ბარაკ ობამა აცხადებდა, რომ რუსეთი სირიის ჭაობში ისე ჩაეფლო, იქიდან ვეღარ ამოვაო და ყირიმის მიერთებაზე და დონბასის ამბებზე ვლადიმირ პუტინს სამაგიერო მიეგებაო“, – ნათქვამია სტატიაში და იქვე ჩამოთვლილია რუსეთის მიღწევები სირიის პრობლემის მოგვარების საკითხში: „ყველაზე აშკარა წარმატებას ვლადიმერ პუტინმა იმაში მიაღწია, რომ სამოქალაქო ომის ხასიათი შეცვალა – გასულ წელთან შედარებით პრეზიდენტ ბაშარ ასადის ხელისუფლება განმტკიცდა, სირიის არმიამ რუსეთის დახმარებით ახლა უკვე დამატებით 400 დასახლებულ პუნქტს აკონტროლებს“. სირიის სამთავრობო ჯარებმა ალეპოს ალყა გაარღვიეს, რუსეთმა აშშ აიძულა ისეთ მოლაპარაკებაზე დათანხმებულიყო, სადაც სირიის ხელისუფლებაც ფიგურირებს. მოკლედ, ამერიკული გაზეთის რედაქციის აზრით, რუსეთმა ახლო აღმოსავლეთში თავისი გავლენა აღადგინა.

მართალია, უფლებადამცველი ორგანიზაციები და დამოუკიდებელი ექსპერტები რუსეთს ჰუმანიტარულ კატასტროფასა და ლტოლვილთა ნაკადის ინიცირებაში ადანაშაულებენ (რომელიც ინტენსიურმა ავიადაბომბვებმა გამოიწვია), მაგრამ ვლადიმირ პუტინი იმედოვნებს, რომ ამ ზაფხულს დასავლეთი რუსეთს, ალბათ, სანქციებს მოუხსნის.

რუსეთის სამხედრო კონტინგენტის გაყვანამ შეიძლება პრეზიდენტ ბაშარ ასადის გემის „აფრებისათვის ქარი შეასუსტოს“, რომელიც დემონსტრაციულად აცხადებდა, სირიის მთელ ტერიტორიაზე კონტროლს აღვადგენო, მაგრამ ვლადიმირ პუტინს ასეთი სიტუაციაც აწყობს: მის ინტერესებშია სირიის კონფლიქტის გაყინვა ისე, როგორც ეს უკრაინასა და საქართველოში მოხდა, როცა რუსეთი სტრატეგიულ პოზიციებს მეტ-ნაკლებად ინარჩუნებს, როცა რუსეთის გარეშე ვერანაირი გადაწყვეტილების რეალიზება ვერ მოხდება. ახლა შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები მარტო არიან დარჩენილნი „ისლამური სახელმწიფოს“ პირისპირ და ბრძოლა უფრო რთული იქნება. დღეს ვლადიმირ პუტინი კი არა, თვითონ ბარაკ ობამა დგას ჭაობში ჩაფობის საფრთხის წინაშე“ – ნათქვამია პუბლიკაციაში.

 

„ნიუსპრესი“

მსგავსი სიახლეები
854 ნახვა