„The Guardian” „ისლამური სახელმწიფოს” საიდუმლო დოკუმენტებს აქვეყნებს

ბრიტანული გამოცემა „The Guardian” „ისლამური სახელმწიფოს” საიდუმლო დოკუმენტებს აქვეყნებს, რომელშიც აღწერილია „სახელმწიფო დაწესებულებები”, რეგიონული თვითმმართველობა, ხაზინა და ცენტრალიზებული ეკონომიკა.

The Guardian-ის მიერ მოპოვებულ 24-გვერდიან დოკუმენტში ნაჩვენებია ISIS-ის მმართველობის სისტემისა და საგარეო ურთიერთობების კონტურები, მძლავრი პროპაგანდისტული კამპანიის გეგმა და ეკონომიკური სისტემის აღწერილობა, რომელიც ნავთობსა და გაზზე ცენტრალიზებულ კონტროლს ემყარება.

დოკუმენტი 2014 წელს შეიქმნა და მას „ისლამური სახელმწიფოს ადმინისტრაციის პრინციპები” ეწოდება. რომლიდანაც ვიგებთ, თუ როგორ გახდა ISIS ბოლო 50 წლის განმავლობაში ყველაზე მდიდარი და დესტაბილიზაციის შემქმნელი ჯიჰადისტური დაჯგუფება.

ეს ხელნაწერები გვაჩვეტნებს, რომ ტერორისტული დაჯგუფება დაკავებულია ისეთი საკითხებით, როგორებიცაა ჯანდაცვა, ვაჭრობა, კავშირგაბმულობა და სამუშაო ადგილები. მოკლედ რომ ვთქვათ – „ისლამური სახელმწიფო” სახელმწიფოს ქმნის.

დღეს, როდესაც დასავლური ავიაცია ISIS-ის წინააღმდეგ ავიადარტყმებს ახორციელებს, კოალიციის მიზანი – გაანადგუროს „ისლამური სახელმწიფო” კიდევ უფრო რთულია. „ისლამური სახელმწიფო” უფრო მეტია, ვიდრე მისი წევრი ტერორისტების რაოდენობა.

დოკუმენტი შექმნილია, როგორც „მმართველობითი კადრების” მოსამზადებელი ინსტრუქცია, მას შემდეგ, რაც აბუ ბაქრ ალ-ბაღდადიმ 2014 წლის 28 ივნისს ერაყსა და სირიაში „ხალიფატი” გამოაცხადა. ხელნაწერის ავტორია ეგვიპტელი სახელად აბუ აბდულა. ინსტრუქციაში გაწერილია რეგულარული ჯარებისა და ვეტერანების საწვრთნელი ცენტრების მშენებლობის გეგმა. დოკუმენტის თანახმად, ვეტერანებმა ყოველწლიურად კვალიფიკაციის ამაღლების ორკვირიანი კურსები უნდა გაიარონ. მათ „ყველაზე თანამედროვე იარაღის გამოყენება, სამხედრო დაგეგმარება და ტექნოლოგიები” უნდა შეისწავლონ. ხელნაწერში ასევე მოცემულია სამხედრო ბანაკების მართვის დეპარტამენტის შექმნის რეკომენდაცია. ეს ბანაკები გაცილებით მძლავრი უნდა იყოს, ვიდრე ალ-ქაედას ჰქონდა 11 სექტემბრის ტერაქტებამდე.

დოკუმენტიდან ვიგებთ, რომ ISIS ბავშვების სამხედრო მომზადებას თავიდანვე გეგმავდა. „ისლამური სახელმწიფოს” პროპაგანდისტულ ვიდეოჩანაწერებში კარგად ჩანს, რომ ბავშვები წვრთნებს გადიან. ისინი ტყვეების სიკვდილით დასჯაშიც კი მონაწილეობენ. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ბავშვებს მსუბუქი იარაღის მოხმარებას შეასწავლიან, მათ შორის გამორჩეულებს კი „უსაფრთხოების უზრუნველყოფის სამუშაოებში ჩართავენ, იგულისხმება ბლოკსაგუშაგოებზე პატრულირებაც”.

ხელნაწერის მიხედვით, „ისლამურ სახელმწიფოს” უცხოელებისა და ადგილობრივების მიმართ ერთნაირი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს. უნდა აშენდეს „ქარხნები სამხედრო საჭიროებისა და სურსათის წარმოებისთვის” და შეიქმნას „იზოლირებული დაცული ზონები” მოსახლეობის საცხოვრებლად.

ამ დოკუმენტმა „ისლამურ სახელმწიფოში” მომუშავე ანონიმი ბიზნესმენისგან გაჟონა. „The Guardian”-ში კი, მკვლევარის – აიმენ ალ-თამიმისგან დახმარებით მოხვდა. უსაფრთხოებიდან გამომდინარე, გამოცემა არ ასახელებს ბიზნესმენის ვინაობას და არ აქვეყნებს იმ დოკუმენტებს, რომელმაც შესაძლოა, დაინტერესებული პირები ამ პიროვნებაზე გაიყვანოს.

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, ISIS-მა მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადა. ქალაქ რაქაში მცხოვრები სუნიტი არაბების ნაწილი თვლის, რომ დაჯგუფების „მართვის ხელოვნება” ქაღალდზე უფრო შთამბეჭდავად გამოიყურევა, ვიდრე პრაქტიკაში.

აიმენ ალ-თამიმი ამბობს, რომ ეს ინსტრუქცია, ისევე როგორც ISIS-გან მიღებული კიდევ 300 დოკუმენტი, აჩვენებს, რომ დაჯგუფების მთავარი მიზანი ფუნდამენტალისტურ თეოლოგიაზე დაფუძნებული სიცოცხლისუნარიანი სახელმწიფოს მშენებლობაა და მისი სტრატეგია მხოლოდ ბრძოლით არ შემოიფარგლება.

გენერალი სტენლი მაკკრისტალი 2006-2008 წლებში ხელმძღვანელობდა სამხედრო ნაწილებს, რომლებმაც ISIS-ის წინამორბედი დაჯგუფება გაანადგურა. მისი თქმით, ეს დოკუმენტი „ყველამ უნდა წაიკითხოს, განსაკუთრებით დასავლეთში. ჩვენ თუ „ისლამურ სახელმწიფოში” მხოლოდ ფსიქოპათი მკვლელების სტერეოტიპულ დაჯგუფებას დავინახავთ, ძალიან ბევრს დავკარგავთ. „ისლამური სახელმწიფოს მართვის პრინციპებში” ვხედავთ თუ რამხელა მნიშვნელობა ენიჭება განათლებას, რომელიც ბავშვობიდან იწყება და შემდეგაც გრძელდება. ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი ეფექტური სახელმწიფო მმართველობის მნიშვნელობას აცნობიერებენ, პროპაგანდით მანიპულირებისთვის თანამედროვე ტექნოლოგიებს იყენებენ და წინამორბედი ორგანიზაციების შეცდომებზე სწავლობენ. ამდენად ეს „პრინციპები” მაო ძე დუნის ნაშრომებისა და ვიეტ მინის ინდოჩინეთში მმართველობისგან დიდად არ განსხვავდება. ხმაურიანი აქციები მხოლოდ აისბერგის მწვერვალია”, – ამბობს მაკკრისტალი.

ჩარლი უინთერი ჯორჯიის სახელმწიფო უნივერსიტეტის უფროსი მკვლევარია. ის თვლის, რომ დოკუმენტი ISIS-ის გააზრებულ მოქმედებას ადასტურებს. „ეს არაა ირაციონალური, სისხლს მოწყურებული ფანატიკოსების არმია. „ისლამური სახელმწიფო” ესაა რთული პოლიტიკური ორგანიზაციაა, რომელიც ყველა ნაბიჯს საფუძვლიანად გეგმავს”, – ამბობს უინთერი.

დიდი ბრიტანეთის სპეციალური ძალების ყოფილი ხელმძღვანელი გენერალი გრემ ლემი ამბობს, რომ დოკუმენტი სამხედრო სტრატეგებისთვის მნიშვნელოვან გაფრთხილებას შეიცავს. დოკუმენტში ჩანს, რომ „ისლამური სახელმწიფოს” წევრების წარმოდგენით, ეს ორგანიზაცია რეგიონში არაბი მუსლიმანი-სუნიტების ერთადერთი წარმომადგენელია. ლემი ამბობს, რომ დასავლეთმა ISIS-თან ბრძოლისას სუნიტურ ძალებთან უნდა ითანამშრომლოს.

„ვინც ISIS-სა და ხალიფატს აღიქვამს, როგორც სამიზნეს, რომელსაც ტყვია უნდა მოახვედრო, ის ამ ბრძოლას შესაბამისად ვერ აფასებს. ბრძოლა სუნიტმა არაბებმა და რეგიონში მცხოვრებმა სხვა მრავალრიცხოვნამა ტომებმა უნდა აწარმოონ, დასავლეთმა და რეგიონის სხვა რელიგიურმა ჯგუფებმა კი, მათ დახმარება უნდა გაუწიონ. ჩვენ დღეს ISIS-ის საწინააღმდეგო კამაპანიას სხვანაირად წარვმართავთ და ამით ჩვენი პოტენციური მარცხისთვის საფუძველს ვამზადებთ”, – განმარტავს გენერალი ლემი.

 

 

politcommersant.ge

მსგავსი სიახლეები
1,032 ნახვა