“აპროტესტონ რამდენიც უნდათ” – საპატრიარქოს პასუხი აქციის მონაწილეებს

დღეს საპატრიარქოსთან „ქალთა მოძრაობის” საპროტესტო აქცია გაიმართა. საპატრიარქოს შენობასთან შეკრებილი საზოგადოების პროტესტი ილია მეორის 18 ოქტომბრის ქადაგებამ გამოიწვია, სადაც პატრიარქი ამბობს – „დღეს შემოვიდა საქართველოში მანკიერი წესი – დედები ტოვებენ თავის ოჯახებს, მიდიან უცხოეთში და ქმარ-შვილი უპატრონოდ რჩება”.

“ჯიპზე ამხედრებული სამღვდელოება – მანკიერებაა”, “დედაჩემი მიგრანტია, პატრიარქი – ქალთმოძულე”, მიგრანტი ქალები გმირები არიან” – ეს არის ის ლოზუნგები, რომლითაც “ქალთა მოძრაობის” წევრები პატრიარქის გადაგებას აპროტესტებდნენ.

“მიუღებელია ისეთი ძლიერი ინსტიტუტი, როგორიც ეკლესიაა, და იმ გავლენის მქონე ადამიანი, როგორიც პატრიარქია, ქალების მიმართ სიძულვილის ტირაჟირებას უწყობდეს ხელს. ეს სახიფათოა ქალებისთვის, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც მაღალია ქალების მკვლელობების და ქალთა ძალადობის სტატისტიკა. ამ ქალებს ხშირად არ აქვთ არჩევანი. ძალიან ცინიკური და უტიფარი განცხადებაა, როცა მოოქროვილი სავარძლიდან ეუბნები ამ ქალებს, რომ თურმე სახლში, შვილებთან ყოფნა კარგია. მას არ აქვს უფლება, ამ ქალებს ასე ელაპარაკოს”, – ამბობს „ქალთა მოძრაობის” წევრი იდა ბახტურიძე.

აქციის შესახებ ინფორმაცია არ აქვს პატრიარქის მდივანს მამა მიქაელ ბოტკოველს. მისი თქმით, გაპროტესტება არანაირი პრობლემა არ არის.

„რა აქცია გაიმართა? არ ვიცი, რა გააპროტესტეს? რა იქადაგა პატრიაქმა ასეთი, რომ აპროტესტებენ. ვინ აპროტესტებს ამას. აბა, ტაში უნდა დავუკრათ ქალები, რომ სხვა ქვეყნებში წავლენ და შვილები უდედოდ რომ გაიზრდებიან? აბა, ეკლესიის მეთაურმა არ უნდა თქვას ასეთი რამე… აპროტესტებენ და აპროტესტონ რამდენიც უნდათ, რა პრობლემაა ათი რომ გააპროტესტებს ათი ათასი ამას სიხარულით შეხვდება. ასეთი გამპროტესტებლები ყოველთვის იყვნენ და ყოველთვის იქნებიან. ვიღაცა, რადგან აპროტესტებს სიმართლე არ უნდა ვთქვათ? ეს ხომ სიმართლეა, რომ ბავშვი უდედოდ არ უნდა იზრდებოდეს. დედა არ სჭირდება მას გვერდში? გასაგებია, რომ უჭირს მაგრამ შვილის აღზრდა უფრო დიდი საქმე არ არის? ამას 10 გაიგებს არასწორად და მილიონი გაიგებს სწორად”, – განაცხადა “პოლიტკომერსანტთან” მამა მიქაელ ბოტკოველმა.

 

მსგავსი სიახლეები
293 ნახვა