New York Times – რა უნდა მოიმოქმედოს ევროპამ ბრიუსელის ტერაქტების შემდეგ

ბრიუსელში მომხდარ ტერაქტებსა და პარიზის ტერაქტების სავარაუდო ორგანიზატორის – სალაჰ აბდესლამის დაკავებას შორის კავშირის შესახებ ცნობილი არაფერია. ბელგიის ვიცეპრემიერის დიდიე რეინერდსის განცხადებით, აბდესლამი ბრიუსელში „თავიდან დაწყებას” გეგმავდა.

ცნობილია, რომ აბდესლამი ნოემბრიდან საერთაშორისო ძებნაში იმყოფებოდა. ის ბრიუსელის მახლობლად – მოლენბეკში იმალებოდა, სადაც დაიბადა და ძალოვანებს ხელიდან იოლად უსხლტებოდა. მოლენბეკის პოლიცია და სპეცსამსახურები არაორგანიზებულები არიან, ენობრივი ბარიერების გამო კი, მუშაობა კიდევ უფრო უჭირთ, სწორედ ამიტომ, ამ სამსახურების სასწრაფო რეფორმირებაა საჭირო.

გარდა იმისა, რომ ბელგიის პოლიციის მუშაობას გაუმჯობესება სჭირდება, ევროკავშირმა აეროპორტებში, სადგურებში, საქალაქო მეტროპოლიტენსა და საერთაშორისო სარკინიგზო სისტემებზე უსაფრთხოების ზომები უნდა გაამკაცროს. ბრიუსელის ტერაქტის შემდეგ, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბერნარ კაზნიოვმა განაცხადა, რომ სასაზღვრო გამშვები პუნქტებისა და სატრანსპორტო კვანძების დასაცავად მისი ქვეყანა 1 600 პოლიციელს გზავნის. ბელგიის საზღვართან დაცვის გაძლიერების შესახებ განცხადება გააკეთეს გერმანიაშიც.

ბელგიამ და საფრანგეთმა კონტრტერორისტული ბრძოლა გააძლიერეს. თუმცა ხშირად საკანონმდებლო, პრაქტიკული და ტერიტორიული მიზეზებით, უწყებათაშორისი კონკურენციის გამო, ეს ბრძოლა მარცხით მთავრდება. გასული წლის აპრილში ევროკომისიამ ევროპის უსაფრთხოების პროგრამა დაამტკიცა, რომელიც ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებში თანამშრომლობის გასაუმჯობესებლად შეიქმნა. მაგალითად ამ დოკუმენტის თანახმად, საზღვარგარეთ „ტერორისტული მიზნით” გამგზავრებაც უკანონოდ უნდა გამოეცხადებინათ. თუმცა, ეს პროგრამა პრაქტიკულად არ მუშაობს.

მაგრამ მთავარი ისაა, რომ უფრო მკაცრ ზომებსაც კი ვერ ექნება შედეგი, სანამ სათანადო ყურადღება არ მიექცევა იმ მიზეზებს, რის გამოც ევროპის ახალგაზრდა მოქალაქეები წევრიანდებიან „ისლამურ სახელმწიფოში” – ორგანიზაციაში, რომელმაც პარიზსა და ბრიუსელში განხორციელებულ ტერაქტებზე პასუხისმგებლობა აიღო. ტერორისტების დოსიედან ირკვევა, რომ ეს ტერორისტები ევროპაში დაბადეული, ღარიბ უბნებში მცხოვრები, ძირითადად მუსლიმანი ემიგრანტების ოჯახებში გაზრდილი ახალგაზრდები არიან. სანამ ტერორიზმზე გადავიდოდნენ, ისინი ჯერ მცირე დანაშაულებს ჩადიოდნენ და ნარკოტიკებით ვაჭრობდნენ.

ასეთ რაიონებში, პოლიციას არ ენდობიან და სამართალდამცავებს საფრთხედ აღიქვამენ. ეს კი, აბდესლამის მსგავსი ტერორისტების დაკავებას კიდევ უფრო ართულებს. პოლიციის მიერ მოსახლეობის ეთნიკური ნიშნით გარჩევისა და მუსლიმანების საცხოვრებლებსა და საწარმოებზე განხორციელებული აგრესიული რეიდების გამო, რაც საფრანგეთსა და ბელგიაში ნოემბრის შემდეგ ხშირი მოვლენაა, ეს ადამიანები დანარჩენი საზოგადოებიდან კიდევ უფრო გარიყულად გრძნობენ თავს.

არადა სწორედ ამ მუსლიმანებს, ტერორისტების დასამარცხელბლად, განსაკუთრებული როლი ენიჭებათ. პარიზის ტერაქტების სულისჩამდგმელი აბდელჰამიდ აბააუდი, საფრანგეთის დედაქალაქის გარეუბანში, ნაქირავებ ბინაში მას შემდეგ დააკავეს, რაც ამ ტერორისტის ბიძაშვილის მეგობარმა ის დაინახა და პოლიციას მისი ადგილსამყოფელი აცნობა. როგორც ფრანგული გაზეთი „Le Monde” წერს, დაახლოებით ასევე დააკავეს აბდესლამი. მან მეგობარს დაურეკა და სამალავის მოძებნაში დახმარება სთხოვა, მეგობარმა კი პოლიცია გამოიძახა.

ახალგაზრდა ქალი, რომელმაც აბააუდი პოლიციას ჩააბარა, ამბობს რომ სახლი და სამსახური დაკარგა, და ახლა, საფრანგეთის მთავრობისგან მცირე ფინანსურ დახმარება იღებს. ევროპის იმ ქვეყნებში, სადაც მოწმეთა დაცვის ნაციონალური პროგრამები არსებობს, მოწმეთა და მათი ოჯახების დასაცავად ბევრს ვერაფერს აკეთებენ. ეს კი მოსახლეობის სამართალდამცავებთან თანამშრომლობას ხელს ნამდვილად არ უწყობს.

ევროპამ მოქალაქეების დასაცავად სასწრაფო ზომები უნდა მიიღოს. მაგრამ ტერორიზმის დასამარცხებლად, სახელმწიფოებმა მუსლიმანი მოქალაქეების უმრავლესობის ნდობა უნდა მოიპოვონ. როგორც მუსლიმან მოქალაქეებთან დაკავშირებით, დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ტერეზა მეიმ განაცხადა – მუსლიმანები ტერორიზმის საფრთხის გამო „ისევე არიან შეშფოთებულები, როგორც დანარჩენები”…

 

politcommersant.ge

მსგავსი სიახლეები
81 ნახვა