საქართველო-ყაზახეთი 1:1 – ბევრი კითხვა ვლადიმერ ვაისთან

საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე სლოვაკი ვლადიმირ ვაისის დებიუტი ისეთი ვერ გამოდგა, როგორსაც ვისურვებდით.

მართალია, ქართულ ფეხბურთს საუკეთესო წლები არ უდგას, მაგრამ იმის პოტენციალი და ამბიცია ნამდვილად გვაქვს, შინ ყაზახეთს რომ ვუგებდეთ…

ახალი ტაქტიკა

საქართველოს ნაკრებმა მატჩი გამოკვეთილი ფორვარდის გარეშე დაიწყო. ჩვენ წარსულში მრავლად გვქონია ასეთი მაგალითი და ნაკრების მაშინდელ მწვრთნელსაც არ დაჰკლებია კრიტიკა ამის გამო, თუმცა ამჯერად მინდორზე შემტევთა რაოდენობა მცირე არ იყო. ეგაა, ცენტრფორვარდი მაინც აუცილებელი გვგონია და ამაში ვლადიმირ ვაისიც “დაგვეთანხმა” მეორე ტაიმის დასაწყისში.

მწვრთნელის ნოვაციამ პირველ ტაიმში მხოლოდ ერთხელ გაამართლა. არადა, მრავლად იყო მომენტი, გამოკვეთილი ფორვარდი განსაკუთრებულ ხიფათს რომ შექმნიდა მოწინააღმდეგის კართან და იქნებ გოლიც ერთზე მეტი გვეხილა…

მოკლედ, საქართველოს ნაკრებმა ახალი ტაქტიკით ითამაშა. კახა ცხადაძე რა სქემითაც ათამაშებდა გუნდს, ყველას კარგად გვახსოვს. ვაისმა 4-2-3-1 სათამაშო სქემა აირჩია. გამოკვეთილი ცენტრფორვარდის პოზიციაზე “ვიტესის” შემტევი ნახევარმცველი ვაკო ყაზაიშვილი გახლდათ გამწესებული.

ჩემი აზრით, ყაზაიშვილისთვის ეს არ არის ოპტიმალური პოზიცია. ის უფრო მინდვრის სიღრმიდანაა სახიფათო, როცა სივრცეს ითავისუფლებს და ან თავად ემუქრება მოწინააღმდეგის კარს, ან პარტნიორს უკეთებს სახიფათო გადაცემას…

სად დავკარგეთ კომპაქტურობა?

კახა ცხადაძეს (დღეს შედარებებს ვერ ავცდებით) ბევრი მაქებარიც ჰყავს და კრიტიკოსიც – საკმაოდ, მაგრამ ერთს ვერ დამალავ – ცხადაძის მიერ ჩატარებულ ძალიან ბევრ შეხვედრაში საქართველოს ნაკრები ძალიან კომპაქტურად თამაშობდა.

ამჯერად, ასე არ ყოფილა. არაერთხელ მოგვეშალა გუნდური მექანიზმი, თუნდაც – დაცვაში. სწორედ ამის გამო მივიღეთ პირველი გოლი და კიდევ არაერთხელ გადავრჩით უსიამოვნებას. ამდენ გუნდურ ჩავარდნას უკეთესი მეტოქე ნაღდად არ გვაპატიებდა.

თუ ვაისს უნდა, რომ დიდხანს დარჩეს საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე, ასეთი გუნდური ჩავარდნები აღარ უნდა განმეორდეს…

რით იცნობა მწვრთნელი?

ამბობენ, კარგი მწვრთნელი მეორე ტაიმს იგებსო. ვაისის შემთხვევაში ეს ასე არ ყოფილა, თუმცა ვერც იმას ვიტყვით, რომ ეს გამონათქვამი უკანასკნელი ჭეშმარიტებაა და სლოვაკი ცუდი მწვრთნელია.

ეგ არის, მეორე ტაიმში ყაზახეთის ნაკრების ოთხკაციანმა სამწვრთნელო შტაბმა აშკარად დაგვიჯაბნა ქართველთა ახალი თავკაცი. მართალია, გვქონდა ორი აშკარა საგოლე მომენტი, მაგრამ არც ერთი მათგანი არ ყოფილა გუნდური მოქმედების შედეგი.

ჩანს, ჩვენი ნაკრები ჯერაც ეჩვევა ახალ ტაქტიკურ სქემას და მეორე ტაიმიც, ალბათ, ამის გამო ჩაგვივარდა. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ცუდი ტაიმი საქართველოს ეროვნული გუნდის ბოლოდროინდელ ისტორიაში.

მჭედლიძის ფასი

ვეჭვობ, სულ სხვანაირი იქნებოდა მატჩის სცენარი, ლევან მჭედლიძეს რომ ეთამაშა. საქართველოს ნაკრების თავდასხმაში “ემპოლის” ფორვარდი, უბრალოდ, პრიმა მგონია. გავარკვიეთ, რომ მას თამაში არ შეეძლო ოდნავ გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო…

გავრისკავთ და ვიტყვით, რომ საქართველოს ნაკრები უფრო შინაარსიანად ითამაშებდა და, ალბათ, მეტსაც გაიტანდა, მინდორზე მჭედლიძე რომ ყოფილიყო.

ორი დებიუტანტი

საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ორმა დებიუტანტმა ითამაშა. გიორგი აბურჯანიამ ძირითადში დაიწყო, ნიკა კაჭარავა კი შეცვლაზე შევიდა. აბურჯანიას ჰქონდა შეცდომებიც და კარგი მომენტებიც. კაჭარავამ კი ორი მომენტი ვერ გამოიყენა და ორივე – თითქმის ასპროცენტიანი.

დებიუტანტს ეს ეპატიება. დღევანდელი დებიუტანტი ხვალ გამოიცდება და შესაგდებს აუცილებლად შეაგდებს. კაჭარავას აქვს ყველა ის თვისება, რომ ითამაშოს მაღალი დონის ფეხბურთი.

სად არის ჯანოს ადგილი?

ყველას გვახსოვს საქართველოსა და შოტლანდიის ნაკრებთა თბილისური ევროშესარჩევი მატჩი. მაშინ ჯანო ანანიძემ საყრდენის პოზიციაზე ითამაშა. მაშინ ჯანომ მოგვაგონა “რეალის” ხორვატი საყრდენი ლუკა მოდრიჩი…

გუშინ მე ვერ ვნახე მინდორზე ისეთი ანანიძე, როგორიც მინდოდა (უფრო სწორად – გვინდოდა), რომ მენახა. ის მთელი თამაშის განმავლობაში ეძებდა თავის ადგილს მინდორზე და ლამის ყველა პოზიციაზე ითამაშა, გარდა – შემქმნელი საყრდენისა. არადა, საუკეთესო თამაში ნაკრებში მას სწორედ ამ პოზიციაზე ჰქონდა.

რატომ შეიცვალა ჭანტურია?

რა თქმა უნდა, ამხანაგურ მატჩებში მწვრთნელს ექსპერიმენტების ყველანაირი უფლება აქვს.

და მაინც, ვაისს ძალიან უნდოდა სადებიუტო თამაშის მოგება. მეჩვენება, რომ სლოვაკი მოგვიანებით დაფიქრდა შედეგზე. აბა, რით უნდა ავხსნათ გიორგი ჭანტურიას გაყვანა პირველი ტაიმის შემდეგ? თორნიკე ოქრიაშვილთან ერთად ის ყველაზე აქტიური და მწვავე იყო ეროვნული გუნდის შემადგენლობაში.

მეტი გუნდურობა!

ვაისის გაწვრთნილი გუნდები ყოველთვის გუნდურ ფეხბურთს თამაშობდნენ. სწორედ ამით “გაიტანა ლელო” თავის დროზე სლოვაკეთის ნაკრებმა. გუშინდელი მატჩის მეტ ნაწილში საქართველოს ნაკრებს გუნდური ფეხბურთი არ უთამაშია.

ეს პრობლემა ახალ მწვრთნელს აუცილებლად მოსაგვარებელი აქვს. ჩვენს ბიჭებს ძალიან უყვართ ინდივიდუალიზმი და ისინი გარკვეულ ჩარჩოებში უნდა მოექცნენ.

ამას ცხადაძე ძალიან კარგად ახერხებდა. იმედია, ვაისიც მოახერხებს…

 

sportall.ge

მსგავსი სიახლეები
87 ნახვა