ივანიშვილის კუთვნილი 10-მდე ოფშორული კომპანია და მათი ბიზნესწილები საქართველოში

ოფშორული ბიზნესი – საიდუმო გაცხადდა – მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში, ის საიდუმლო დოკუმენტები მოექცა, რომლებიც „Mossack Fonseca“-ს ეკუთვის. პანამაში მოქმედი კომპანია ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ოფშორულ ზონებში იურიდიულ მომსახურებას სთავაზობს. როგორც სკანდალური დოკუმენტებიდან ირკვევა, ამ კომპანიის მომსახურებით მსოფლიო ლიდერები, ბიზნესმენები და პოლიტიკოსები აქტიურად სარგებლობენ.

ვლადიმერ პუტინი, ილხამ ალიევი, პეტრო პოროშენკო, დევიდ კემერონი, ლიონელ მესი, მიშელ პლატინი – ეს სია 800 ადამიანს მოიცავს, დოკუმენტების რაოდენობა კი 11 მილიონს აღემატება. ამ სიაში, რომლის ფიგურანტების წინააღმდეგაც რამდენიმე სახელმწიფომ გამოძიება უკვე დაიწყო, საქართველოს ყოფილი პრემირი, ახლა კი ორგანიზაცია „მოქალაქის” დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილიც მოხვდა. როგორც „ნეტგაზეთი” წერს, ივანიშვილის შპს “ლინდენ მენეჯმენტი” ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულების ოფშორულ ზონაში 2006 წელს სწორედ „Mossack Fonseca“-მ დაურეგისტრირა. „2012-2013 წლებში, პრემიერ-მინისტრობის პერიოდში, მან ორჯერ შეავსო წლიური დეკლარაცია. ამ 72-გვერდიან დოკუმენტებში მოცემულია მისი და მისი ოჯახის წევრების მფლობელობაში არსებული კომპანიების დასახელებები, მოძრავი და უძრავი ქონება, ფულადი აქტივები. მაგრამ დეკლარაციებში ნახსენები არ არის მისი ბიზნესიმპერიის ერთი ნაწილი: ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულების ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული შპს “ლინდენ მენეჯმენტი”, – წერს გამოცემა. სკანდალური დოკუმენტის დეტალების ნახვა აქ შეგიძლიათ.
„პოლიტკომერსანტმა” კი, „საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს” 2014 წლის ანგარიშს გადახედა. სადაც იმ ოფშორულ ობიექტების ნუსხაა მოცემული, რომლის საშუალებითაც ივანიშვილების ოჯახი საქართველოში ათეულობით კომპანიას ფლობს. ცნობისთვის, როგორც მაშინ „საერთაშორისო გამჭვირვალობა” აღნიშნავდა, რომ ივანიშვილის ქონებრივ დეკლარაციაში ეს კომპანიები მითითებული არ არის. მათ შორისაა:

• კომპანია Finsek-ი (ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები), რომელსაც საქართველოში შპს „კომპლექს სერვისი” და შპს „ლიზინგი ოცდამეერთე” ეკუთვნის;

• კომპანია Vanity Overseas (ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები), რომლის საკუთრებაცაა სამშენებლო კომპანია შპს „ბურჯი” (ამ კომპანიის პროექტებს შორისაა ივანიშვილის რეზიდენცია მთაწმინდაზე და საცხოვრებელი კორპუსები თბილისის ბოტანიკურ ბაღში), ვერტმფრენების ოპერატორი კომპანია შპს „ავიასერვისის” აქციათა 40% (ეს კომპანია ეწევა ვერტოდრომის ექსპლოატაციას ივანიშვილის რეზიდენციაში) და შპს „აკვაცენტრი”;

• Krista Investments Limited (ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულები), რომელიც ფლობს კომპანიას შპს „სათესლე და სარგავი მასალის წარმოების სამეცნიერო-საწარმოო ცენტრი აგრო ქართუ”;

• Ringold Finance Limited (ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულები), რომლის საკუთრებაა სამშენებლო და სამშენებლო მასალების მწარმოებელინ კომპანია შპს „ელიტა ბურჯი” (კომპანიის პროექტებს შორის იყო თბილისის ფილარმონია და ბათუმის დელფინარიუმი), შ.პ.ს. „ჰორიზონტის” აქციათა 75% (კომპანიის მფლობელობაშია თბილისში ივანიშვილის რეზიდენციასთან არსებული მიწის მცირე ფართობი), შპს „ნიუ სერვისი” და აქციათა 17,73% სადაზღვევო კომპანიაში „ქართუ”;

• Limestone Finance International SA (პანამა), რომელიც ფლობს შპს „ინვესტ კაპიტალს” და შპს „ნიუ კაპიტალის” აქციათა 64%-ს (შპს „ქართულ ოცნებასთან” ერთად);
• Fresno Management Limited (ბელიზი), რომელიც ფლობს შპს „ინტერკონსალტინგს”, შპს „ინტერკონსალტინგ +”-სა და შპს „ქართუ მენეჯმენტს”, რომელმაც ცოტა ხნის წინ შეწყვიტა საქმიანობა” Vasilia Enterpreises (ბელიზი), რომლის საკუთრებაცაა შპს „ფინსერვისი” და შპს „ფინსერვისი XXI” (ამ უკანასკნელის საკუთრებაა ქონების უდიდესი ნაწილი იმ ტერიტორიაზე, სადაც ივანიშვილის რეზიდენცია მდებარეობს, ვერტოდრომის ჩათვლით);

• Sargans Limited (იურისდიქცია უცნობია), რომელიც 2012 წელს დროებით ფლობდა აქციებს „ქართუ ჯგუფში”;

• Tarpan Management Limited (ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულები), რომლის საკუთრებაა შპს „მენეჯმენტ სერვისი”;
„ქართუ ბანკის” 2012 წლის ანგარიშის მიხედვით, რომელიც ეროვნულმა ბანკმა გამოაქვეყნა, უტა ივანიშვილი სს „აგრო სერვისის”, სს „ინტერინვესტის”, Tarpan Management Limited-ის, Krista Investment Limited-ისა და Sargans Limited-ის ბენეფიციარი მესაკუთრეა. 45 „ქართუ ბანკის” წლიურ ანგარიშში დამატებით არის მოყვანილი კომპანიები, რომლებიც 2012 წელს „ქართუ ბანკის” პირდაპირი აქციონერები იყვნენ. ის გარემოება, რომ 2013 წელს უტა ივანიშვილი ოფიციალურად გახდა ბანკის ერთადერთი ბენეფიციარი მესაკუთრე (ეს ბანკი 2012 წლის დასაწყისამდე მამამისის, ბიძინა ივანიშვილის, საკუთრება იყო), მიუთითებს, რომ ივანიშვილის ოჯახი აკონტროლებს ასევე შემდეგ ფორმალურ კომპანიებს (მათი რეგისტრაციის იურისდიქცია უცნობია): Sanworth Holding Limited; Benefield Investments Limited; Charwood Finance Limited; Drawfield Investments Limited; Ropwind Investments Limited; Breckland Holdings Limited; Allerdale Investments Limited; Laveney Holdings Limited; Padbury Holdings Limited; Felwey Holdings Limited; Marsten Holdings Limited”, – აღნიშნულია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” 2014 წლის ანგარიშში, რომელიც საქართველოში მედიამფლობელების კვლევის ფარგლებში გამოქვეყნდა.

გასაჯაროებული დოკუმენტით ამ ნუსხას კიდევ ერთი „ლინდენ მენეჯმენტი” შეემატა, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით იმ ქსელის ნაწილია, რომლის მეშვეობითაც ბიძინა ივანიშვილი ამერიკულ ფარმაცევტულ კორპორაცია “რაპტორში” წილებს ფლობს. ივანიშვილი თავისი ოფშორული კომპანიებითა და დაახლოებული პირებით ფარმაცევტულ კორპორაცია “რაპტორში” დღეისთვის 20%-მდე წილს ფლობს.

 

politcommersanti.ge

მსგავსი სიახლეები
42 ნახვა