რისთვის ქმნის პუტინი რუსეთის ეროვნულ გვარდიას?

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა შსს-ს ბაზაზე ეროვნული გვარდიის ჩამოყალიბების შესახებ განაცხადა, რომელიც უშუალოდ ქვეყნის პირველ პირს დაექვემდებარება.

«გადაწყვეტილება მიღებულია, შსს-ს ჯარების ბაზაზე ვქმნით აღმასრულებელი ხელისუფლების ახალ ფედერალურ ორგანოს – ეროვნულ გვარდიას, რომელიც ტერორიზმთან, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლით დაკავდება და ამასთანავე, შსს-სთან მჭიდრო თანამშრომლობით გააგრძელებს იმ ფუნქციების შესრულებას, რომელსაც სპეცდანიშნულების ქვედანაყოფები ОМОН-ი, СОБР-ი და სხვები ახორციელებდნენ», — განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

ახალი სტრუქტურის ხელმძღვანელად კი პუტინმა არმიის გენერალი ვიქტორ ზოლოტოვი დანიშნა, რომელიც ბოლო წლებში შსს-სშინაგანი ჯარის სარდალი გახლდათ, 2013 წლამდე კი – პრეზიდენტ პუტინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი.პუტინთან ახლო ურთიერთობა ზოლოტოვს 1990-იანი წლებიდან ჩამოუყალიბდა, როდესაც ეს უკანასკნელი სანქტ-პეტერბურგის მერის, ანატოლი სობჩაკის დაცვაში მუშაობდა.

პოლიტოლოგი, ეკონომიკური და პოლიტიკური რეფორმების ცენტრის ხელმძღვანელი ნიკოლაი მირონოვი მიიჩნევს, რომ პუტინის მიერ ეროვნული გვარდიის შექმნა 2 ფაქტორს უკავშირდება: რუსეთის ელიტისადმი «ასაკობრივ» უნდობლობასა და არჩევნებს.

«ეს თავის ერთგვარი დაზღვევაა პუტინის მხრიდან. ვფიქრობ, ასაკის მატებასთან ერთად იგი სულ უფრო ნაკლებად ენდობა ყველას, გარდა უახლოესი გარემოცვისა. არ ვიზიარებ მოსაზრებას, რომ საქმე შს მინისტრ კოლოკოლცევისადმი განსაკუთრებულ უნდობლობაშია, უბრალოდ ზოლოტოვს პუტინი უფრო მეტად ენდობა. აქ სუბიექტური, წმინდა პიროვნული ფაქტორი მუშაობს, თორემ ძნელად წარმომიდგენია, კოლოკოლცვმა რაღაც მომენტში პუტინს უღალატოს. ზოგადად, ასაკობრივად უნდობლობის ზრდა ბევრი მონარქის, პრეზიდენტის, ავტორიტარული მმართველის ლოგიკაში ჯდება: მათ სურთ, ყოველი შემთხვევისთვის გვერდში ჰყავდეთ ელიტური, კარგად ორგანიზებული ძალა, რომელიც მათ ექვემდებარება და თავის რეალურ მისიას საჭირო დროსა და მომენტში შეასრულებს. მეორე ფაქტორი აქ 2016-ის შემოდგომაზე დაგეგმილი საპარლამენტო და 2018-ისთვის დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნებია. ელიტის ნაწილი მზადაა, კონფრონტაციაზე წავიდეს, ნაწილი პრეზიდენტის ერთგული რჩება. თუ მასობრივი საპროტესტო აქციები 2011 წელს გაიმართა, როდესაც დღევანდელის მსგავსი კრიზისი არ იყო, რატომაც არ უნდა გაიმართოს ისინი ახლა?! იგივე უკრაინული ვარიანტი რომ ავიღოთ, იქ ძალიან ძლიერი იყო ე.წ. კონტრელიტა და გარდა ქვეყნის ფარგლებს გარედან მუშაობისა, დიდი სამუშაო იქნა გაწეული თავად ქვეყნის შიგნით. ასე, რომ პუტინი, რომელიც, როგორც ჩანს, აცნობიერებს, რომ როგორ ჩაივლის არჩევნები, კაცმა არ იცის, თადარიგს იჭერს და წინასწარ ემზადება – არა დეკემბრისთვის, როგორც ეს 2011 წელს მოხდა, არამედ უკვე სექტემბრისთვის» – აღნიშნა მირონოვმა ტელეკომპანია «Дождь»-თან საუბრისას.

მოგვიანებით პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა დაადასტურა, რომ ეროვნული გვარდია პასუხისმგებელი იქნება, მათ შორის, საპროტესტო აქციების დროს წესრიგის დაცვაზეც. ამასთანავე, მისი მტკიცებით, გვარდიის ჩამოყალიბება არც საპარლამენტო და არც საპრეზიდენტო არჩევნებს უკავშირდება.

 

accent.com.ge

მსგავსი სიახლეები
282 ნახვა