თბილისში ჰაერის დაბინძურებამ კრიტიკულ ზღვარს მიაღწია

იმისთვის, რომ დასავლეთმა კარი გაგვიღოს და ევროპულ ოჯახში მიგვიღოს, მხოლოდ პოლიტიკოსთა გადაწყვეტილებები საკმარისი არ არის. მაგალითად ისიც უნდა ვიცოდეთ, როგორი ხარისხის ჰაერს ვსუნთქავთ – ასე დაიწყო „ბიზნესკურიერმა“ სიუჟეტი, რომელიც დედაქალაქში არსებულ ეკოლოგიურ მდგომარეობას ეხება და რომელშიც ყურადღება, პირველ რიგში, ტექნიკურად გაუმართავი ტრანსპორტისა და მშენებლობების სიმრავლეს ეხება.

„21-ე საუკუნის თბილისში სუფთა ჰაერი ისევე ქრება, როგორც მაგალითად ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტი-ტრამვაი ჩაბარდა ისტორიას,“– ნათქვამია სიუჟეტში.

მისი ავტორი აღნიშნავს, რომ პირველად საქართველოში ჰაერის ხარისხის შესამოწმებლად თბილისის ქუჩებში ეგრედწოდებული ინდიკატორული კვლევა ჩატარდა. ეს ევროპაში აპრობირებული მეთოდია, რომელიც გარემოს ეროვნულმა სააგენტომ საქართველოში გამოიყენა. შერჩეული იქნა ადგილები, სადაც ტრანსპორტის ინტენსიური მოძრაობაა. მილები აქ 2 კვირით დამონტაჟდა და შემდეგ ბრიტანეთის ლაბორატორიაში გადაიგზავნა. მიღებული შედეგით თბილისის ზოგიერთ ქუჩაზე საშუალო და კრიტიკულ ზღვართან მიახლოებული მაჩვენებელი გამოვლინდა. „ჩვენი შედეგების მიხედვით თბილისში ჰაერის დაბინძურების მთავარი წყარო არის ტექნიკურად გაუმართავი ავტოტრანსპორტი,“- აცხადებს თამარ ბაგრატია, გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი.

ინდიკატორული კვლევა ჯერ მხოლოდ 2-ჯერ ჩატარდა. 2016 წლის იანვრის მონაცემებით ყველაზე არასახარბიელო მდგომარეობა ტაშკენტის ქუჩაზეა. აქაც ისევე, როგორც სხვა ადგილებში აზოტის დიოქსიდის მოჭარბებული რაოდენობა დაფიქსირდა. ქიმიური ნივთიერების აზოტის დიოქსიდის ჰაერში მოჭარბება ტრანსპორტის უხარისხო საწვავის გამონაბოლქვს უკავშირდება. მანქანები, რომლებიც ტექნიკურად გაუმართავია, ამ მომწავლელ ნივთიერებას აფრქვევს, რომელიც შემდეგ ადამიანის ორგანიზმში ილექება. ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ ამ საკითხზე ზრუნვა სახელმწიფოს კეთილი ნება კი არა, უკვე ვალდებულებაა. უფრო სუფთა ჰაერი ევროპას- ეს ევრო სტანდარტების მოთხოვნაა, თუმცა ამის მიღწევა საქართველოში რთულია მანამდე, ვიდრე ავტომობილების ტექნიკური დათვალიერება არ არსებობს. სახელმწიფო ბენზინის ხარისხს ვერ აკონტროლებს და მცირდება მწვანე საფარი.

იმ 35 ადგილიდან, სადაც ინდიკატორული კვლევა პირველად ჩატარდა და სადაც ჰაერის დაბინძურებამ კრიტიკულ ზღვარს მიაღწია, ერთ-ერთი მზიურის ცენტრალური შესასვლელია, რომლის მოპირდაპირე მხარესაც სკოლაა. რეკომენდებულია, რომ ამ ტერიტორიაზე ბავშვებმა ბევრი დრო არ გაატარონ. მსგავსი მდგომარეობაა ვაკის პარკის ცენტრალურ შესასვლელთანაც. აქაც ტრანსპორტი აბინძურებს ტერიტორიას, სადაც ბავშვების თავშეყრის ადგილია. აზოტის დიოქსიდის რაოდენობა კრიტიკულ ზღვარს მიახლოებულია რუსთაველის გამზირზე, პირველ სკოლასთან, ასევე ბახტრიონისა და გამსახურდიას ქუჩების კვეთაზე, სადაც სკვერია განთავსებული და მოსახლეობა დასასვენებლად იყენებს. გასული წლის ნოემბერში ინდიკატორული კვლევით ასევე დადგინდა, რომ დაბინძურების მაღალ ზღვართან არის ისნის მეტროს მიმდებარე ტერიტორია. მოსახლეობის უკმაყოფილებისა და ქალაქში უხარისხო გამონაბოლქვის მიუხედავად ეროვნული სააგენტოს უფროსი ირწმუნება, რომ ეს შედეგები ჯანმრთელობისთვის საშიში არ არის.

ტოქსიკოლოგი ინგა ღვინერია კი ირწმუნება, რიმ ჰაერში აზოტის დიოქსიდის საშუალო მაჩვენებელიც ჯანმრთელობისთვის შესაძლოა საშიში აღმოჩნდეს. ღვინერიას თქმით, ამას მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაც ამტკიცებს. გარემოს დამცველები გამოსავალს პირველ რიგში სატრანსპორტო სისტემის მოწესრიგებაში, მწვანე საფარის გაზრდასა და მშენებლობის ნორმების დაცვაში ხედავს. სხვანაირად ქალაქი ვერ განიავდება და შესაძლოა უარესი შედეგიც დადგეს. ევროპული გამოცდილება კი ასეთია-მაგალითად ავსტრიის დედაქალაქ ვენაში საზოგადოებრივი ტრანსპორტი ისე მოწესრიგდა, რომ მსუბუქი ავტომობილების რაოდენობა შემცირდა. ეს არის ქალაქი, სადაც არ არის საცობები. ჰაერის დაბინძურების შემცირება ელექტრო ავტობუსებით და ტროლეიბუსის ხაზების გაზრდით მოხერხდა. ვენაში მრავლადაა მწვანე საფარი, რეკრეაციული ზონები და ამიტომაც ეს ქალაქი ცხოვრების მაღალი დონით მსოფლიოში ლიდერის პოზიციას წლიდან წლამდე არ კარგავს. თბილისში კი ცხოვრების დაბალ დონეს დაბინძურებული ჰაერიც განსაზღვრავს.ვიდრე თბილისში ტრანსპორტი ბოლავს, მწვანე საფარი ნადგურდება და ჰაერში ცათამბჯენები იჭრება, ევროპის წინაშე აღებული ვალდებულება შეუსრულებელი მისიაა.

იმ ფონზე, როდესაც თბილისის უამრავ უბანში ეკოლოგიური თვალსაზრისით რთული ვითარებაა, ხელისუფლებამ გაურკვეველი დროით გადადო პროექტები, რომელთა განხორციელების გარეშე პრობლემის მოგვარება შეუძლებელია.

მაგალითად, ცნობილი გახდა, რომ მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაციის აკრძალვა, რამაც მანქანების რაოდენობის შეზღუდვა უნდა გამოიწვიოს, მიმდინარე წლის 1 მარტის ნაცვლად მომავალი წლიდან უნდა ამოქმედდეს.

მთავრობის ერთერთ ბოლო სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ გაზზე მომუშავე სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო ინსპექტირება, რომელიც მიმდინარე წლის 1 აპრილიდან უნდა ამოქმედებულიყო, წელს არ შევა ძალაში.

ბოლო მონაცემებით, მომავალი წლისთვის გადაიდო ავტომობილების სავალდებულო ტექდათვალიერების ამოქმედებაც.

პრობლემად რჩება თბილისში მუნიციპალური ტრანსპორტის  პრობლემაც – მართალია, სექტემბრიდან იგეგმება ახალი ავტობუსების შემოყვანა, თუმცა მოხდება არა ძველი პარკის ჩანაცვლება, არამედ დამატებითი ხაზების ამოქმედება, რაც იმას ნიშნავს, რომ თბილისში მოძრავი, ტექნიკურად სრულიად გაუმართავი ავტობუსების რაოდენობა არ შემცირდება. იმ ვითარებაში, როდესაც ძველი ავტობუსების არც ტექდათვალიერება მოქმედებს და არც მათი გამონაბოლქვის შემცირებაზე არავინ ზრუნავს, თბილისში ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორების პერსპექტივები ისევ არ ჩანს. ამის თქმის საფუძველს ის მშენებლობებიც გვაძლევს, რომლებიც ქალაქში სრულიად ქაოსურად მიმდინარეობს.

წინა ხელისუფლების მსგავსად, ამ მიმართულებით ქმედითი ნაბიჯების გადადგმის გამბედაობით არც ამჟამინდელი ხელისუფლება გამოირჩევა.

ამწუხაროდ, თბილისი „ეკოლოგიური ევროინტეგრაციის“ გზაზე ჯერ არც კი შემდგარა.

 

commersant.ge

მსგავსი სიახლეები
141 ნახვა