ირინა იმერლიშვილი – არჩევნებთან დაკავშირებით ”ყველა ვარიანტი განიხილება”

ყველა ვარიანტი განიხილება, – ასე უპასუხა უშიშროების საბჭოს მდივანმა ირინა იმერლიშვილმა ჟურნალისტების შეკითხვას, რამდენად შესაძლებელია პრეზიდენტმა არჩევნების თარიღთან დაკავშირებული განკარგულება, რომელიც კონტრასიგნაციისთვის პრემიერ-მინისტრთანაა გადაგზავნილი, უკან გაიწვიოს და საარჩევნო კამპანია არა 8 ოქტომბერს, არამედ განკარგულების გამოქვეყნებისთანავე დაიწყოს.

“ყველაფერზე მიდის საუბარი, ყველა ვერსიაზე, რაც არის დღეს საკამათო, რაზეც მსჯელობენ არასამთავრობო ორგანიზაციები, პოლიტიკური პარტიები და ა.შ., ოღონდ ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება არ არის მიღწეული. როცა იქნება საბოლოო შეთანხმება, ცენტრალური საარჩევნო კომისია გააკეთებს კალენდარს. მოგეხსენებათ, პრემიერი და პრეზიდენტი შეხვდნენ ერთმანეთს და ეს იყო ერთობლივი გადაწყვეტილება არჩევნების დღესთან დაკავშირებით”, – განაცხადა იმერლიშვილმა გუშინ საღამოს, პარლამენტისა და ცესკოს თავმჯდომარეებთან სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდეგ, რომელიც სწორედ არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხს უკავშირდებოდა.

მისივე განმარტებით, “ჯერ კეთდება ინვენტარიზაცია, თუ რა შეზღუდვები, ბენეფიტები ირთვება, როდესაც აქტი ქვეყნდება, არჩევნების დღე ინიშნება და ა.შ.”

როგორც ცნობილია, საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის შესახებ განკარგულება საქართველოს პრეზიდენტმა 5 აპრილს გამოსცა და პრემიერ-მინისტრს ხელმოსაწერად გადაუგზავნა. თავის მხრივ, პრემიერს კონტრასიგნაციისთვის გადაცემული პრეზიდენტის სამართლებრივი აქტის მთავრობის სხდომაზე გასატანად და განსახილველად 10-დღიანი ვადა აქვს.

გიორგი მარგველაშვილის განკარგულების მიხედვით, საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩევნები 2016 წლის 8 ოქტომბერს გაიმართება. აღნიშნული განკარგულები კი ძალაში 2016 წლის 8 აგვისტოდან შევა, რითაც წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებისა და მასთან დაკავშირებული საარჩევნო რეგულაციების ამოქმედების გადავადება ხდება. სამართლის ექსპერტების შეფასებით, აღნიშნულს სამართლებრივი საფუძველი არ აქვს, რის გამოც, ერთი მხრივ, პრემიერ-მინისტრს ურჩევენ კონტრასიგნაციაზე უარი თქვას, მეორე მხრივ კი, პრეზიდენტს მოუწოდებენ, საკუთარი განკარგულება უკან გაიწვიოს.

 

ipn.ge

მსგავსი სიახლეები
58 ნახვა