„გრიფი „საიდუმლო“ 9 აპრილის შესახებ“ – IDFI საიდუმლო დოკუმენტებს აქვეყნებს

1989 წლის აპრილის ტრაგედიიდან 27 წელი გავიდა. სპეციალურად ამ დღისთვის, IDFI პირველად აქვეყნებს ამერიკის შეერთებული შტატების საარქივო ფონდებში დაცულ საიდუმლო დოკუმენტებს. დოკუმენტები მოიცავს შეერთებული შტატების შესაბამისი სამსახურების მიერ (დაზვერვის დირექტორატი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, მოსკოვში აშშ-ის საელჩო) 1989 წლის აპრილის თვეში საქართველოში მომხდარი მოვლენების შესახებ მომზადებულ ანალიტიკურ ცნობებს.

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის პარტნიორმა ამერიკულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტთან არსებულმა ეროვნული უსაფრთხოების არქივმა, IDFI-ს თხოვნით გამოითხოვა დოკუმენტები, რომლებიც ეხება საქართველოში 1989 წლის 9 აპრილს განვითარებულ მოვლენებს და რომლებიც წლების განმავლობაში გრიფით საიდუმლო ინახებოდა აშშ-ის სახელმწიფო არქივებში.

დოკუმენტები, ეხება არა მარტო 1989 წლის 9 აპრილის მოვლენებს, არამედ იმ პოლიტიკურ დაძაბულობას, რომლის პიკიც იყო 9 აპრილის ტრაგედია. ეს არის ერთ-ერთი პირველი შემთხვევა, როდესაც ქვეყნდება შეერთებული შტატების სახელმწიფო არქივებში დაცული და გასაიდუმლოებული დოკუმენტები საქართველოს უახლესი ისტორიის შესახებ“, – აღნიშნავენ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტში“.

დოკუმენტებში განხილულია 1989 წლის 9 აპრილამდე განვითარებული მოვლენები, რომლებმაც სიტუაციის ესკალაცია გამოიწვიეს:

პირველი დოკუმენტი დათარიღებულია 1989 წლის 6 აპრილით – „პოლიტიკური არეულობა საქართველოში აფხაზეთთან დაკავშირებით”; მეორე დოკუმენტი 1989 წლის 7 აპრილით – “აფხაზეთის პირველი მდივანი გადაყენებულია; თბილისში დემონსტრაციები გრძელდება”; მესამე დოკუმენტი 1989 წლის 8 აპრილით – „საქართველოს რესპუბლიკაში ეთნიკური კონფლიქტი იწყება”.

IDFI ასევე, 9 აპრილის ტრაგედიისა და მისი თანმხლები მოვლენების ანალიზს აქვეყნებს. „საპროტესტო აქციები ძალადობაში გადაიზარდა” – ასე ეწოდება 1989 წლის 10 აპრილით დათარიღებულ დოკუმენტს. 11 აპრილით დათარიღებულ დოკუმენტს კი ასე ჰქვია – „საქართველოში სიტუაცია უკიდურესად დაძაბულია”, 12 აპრილი – „საქართველოში დაძაბული სიმშვიდეა”, 15 აპრილი – „საქართველოს კომპარტიის ახალი მდივანი”, 26 აპრილი – „პროტესტის კონტროლისთვის თბილისში მომწამლავი ნივთიერებები გამოიყენეს”.

„ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო დოკუმენტია ლენინგრადში შეერთებული შტატების საკონსულოს ოფიცრის 1989 წლის 27 მაისს თბილისში ვიზიტის ამსახველი მოხსენება, რომელშიც გადმოცემულია საკონსულოს წარმომადგენლის და ეროვნული მოძრაობის ლიდერ ზვიად გამსახურდიას შორის გამართული საუბრის შინაარსი. ისტორიულ დოკუმენტში კარგად არის ასახული ეროვნული მოძრაობის ლიდერის დამოკიდებულება 9 აპრილის დარბევის, საქართველოს დამოუკიდებლობის პერსპექტივებისა და აფხაზეთში მიმდინარე მოვლენების შესახებ“, – აღნიშნავენ IDFI.

დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი და სპეცსამსახურები ინტენსიურად აკვირდებოდნენ საბჭოთა საქართველოში დაწყებულ ისტორიულ ძვრებს, თუმცა არ ჰქონდათ ადგილზე მიღებული ფაქტობრივი ინფორმაცია და მეტწილად ეყრდნობოდნენ საბჭოთა და საერთაშორისო პრესის მიერ წარმოდგენილ ცნობებს. 9 აპრილის ტრაგედიაზე აშშ-ის საარქივო ფონდებში დაცული საიდუმლო დოკუმენტების უკეთ გასაცნობად იხილეთ ბმული.

 

politcommersant.ge

მსგავსი სიახლეები
1,923 ნახვა