The Guardian – დაივიწყეთ პანამა – აშშ-ში ფულის გადამალვა გაცილებით მარტივია

საგადასახადო სამოთხეზე საუბრისას, ალბათ ეგზოტიკურ ადგილებს წარმოვიდგენთ, მაგრამ იმ ქვეყნებს შორის, სადაც ყველაზე იოლია ფულის დამალვა, პანამა მხოლოდ მე-13 ადგილზეა. აი შეერთებული შტატები კი, მესამე პოზიციას იკავებს.

„პანამის დოკუმენტებთან”, ოფშორული საგადასახადო კომპანიიდან დოკუმენტების ყველაზე დიდ გაჟონვასთან დაკავშირებული ერთ-ერთი მოულოდნელობა ისაა, რომ მხილებულთა შორის ძალიან ცოტა ამერიკელია. რატომ? ალბათ იმიტომ, რომ აშშ-ში ფიქტიური ფირმის ჩამოყალიბება ბიბლიოთეკის ბარათის აღებაზე მარტივია.

დღეისათვის კომპანია „Mossack Fonseca”-ს კლიენტებს შორის 200 ამერიკული მისამართის მქონე ადამიანია გამოვლენილი. ეს ცოტაა ისეთ ქვეყნებთან შედარებით, როგორებიცაა ჩინეთი, შვეიცარია, რუსეთი და დიდი ბრიტანეთი.

ასეთი ანომალია იმით შეიძლება აიხსნას, რომ შეერთებულ შტატებში ფულისა და პიროვნების დაფარვის მექანიზმი ძალიან მარტივია და პანამასთან დაკავშირების არავითარი საჭიროება არ არსებობს. ამის შესახებ ანტიკორუფციული ორგანიზაცია „Transparency International”-ის ვიცე-პრეზიდენტი შრუტი შაჰი საუბრობს.

„რეალურად თქვენ პანამასა და სხვა საგადასახადო სამოთხეში წასვლა არ გჭირდებათ. ეს არაა ერთადერთი ადგილი, სადაც კორუმპირებულ მაღალჩინოსნებსა და სხვა დამნაშავეებს ფულის გათეთრება შეუძლიათ. ამის გაკეთება აშშ-ის ნებისმიერ შტატშია შესაძლებებლია”, – განმარტავს შაჰი.

„აშშ-ის ნებისმიერ შტატში შეიძლება შპს-ის (შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების) ან სხვა იურიდიული პირის ჩამოყალიბება. ამასთან არაა საჭირო იმ ინფორმაციის გამოაშკარავება, ვინ არის ბენეფიციარი. ფაქტობრივად, დელავერის შტატი იმდენად ასოცირდება ანონიმურ და ფიქტიურ კომპანიებთან, რომ „Transparency International” ის კორუფციის ერთ-ერთ სიმბოლოდ დაასახელა”.

„საგდასახადო სამოთხეზე” საუბრისას, თვალწინ, ბელიზისა და კაიმანის კუნძულების მსგავსი შორეული და ეგზოტიკური ადგილები წარმოგვიდგება. 2015 წელს აქტივების დამალვის მსურველებისთვის საუკეთესო საგადასახადო სამოთხეების სიაში შეერთებულმა შტატებმა მესამე პოზიცია დაიკავა, შედეგად კაიმანის კუნძულებსა და სინგაპურს გაუსწრო. მდიდრებისთვის საგადასახადო თვალსაზრისით უფრო მოსახერხებელ ადგილებად შვეიცარია და ჰონგ კონგი დასახელდა. ეს რეიტინგი ორგანიზაცია „Tax Justice Network”-მა გამოაქვეყნა.

ამ რეიტინგში სად იყო პანამა? სად და, მე-13-ე ადგილზე, ანუ ამერიკის შეერთებულ შტატებს 10 პოზიციით ჩამორჩა.

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება დელავერში

რამდენიმე წლის წინ, შაჰმა ქმარს ბიბლიოთეკაში წიგნის ვადაგადაცილებით დაბრუნება სთხოვა. ბიბლიოთეკიდან დაბრუნებულმა ქმარმა მას უთხრა, რომ სამკითხველო ბარათის ვადა გასულია და მის აღსადგენად მართვის მოწმობის, ან კომუნალური გადასახადების ქვითარია წარსადგენი, სადაც მისამართი იქნება აღნიშნული.

„ფიქტიური კომპანიის გასახსნელად კი, მე ეს დოკუმენტები არ დამჭირდებოდა. აშშ-ში მართვის მოწმობისა და ბიბლიოთეკის აბონემენტის ასაღებად უფრო მეტი დოკუმენტია საჭირო, ვიდრე ფიქტიური კომპანიის ჩამოსაყალიბებლად”, – აღნიშნავს შაჰი.

ასეთი ვითარებაა სხვა შტატებშიც, თუ მარტო დელავერში, სადაც ამერიკული კომპანიის უმეტესობაა რეგისტრირებული? „აშშ-ის არც ერთი შტატი ბენეფიციარის საკუთრების ინფორმაციის გამხელას არ ითხოვს. ასეთი წესი პრაქტიკულად ყველგან მოქმედებს”, – ამბობს შაჰი, რომელიც ვირჯინიაში ცხოვრობს. „ზოგიერთ შტატში ეს უფრო მარტივია, ვიდრე სხვაგან. ზოგიერთ შტატში მეტი ფულია, რადგან იქ საგადასახადო თვალსაზრისით უფრო ხელსაყრელი კანონებია. საგადასახადო კანონებით დელავერი, ნევადა და ვაიომინგი კიდე უფრო ცნობილები, ან შეგვიძლია ვთქვათ, სკანდალურად ცნობილები არიან. ასევე მარტივადაა საქმე ტეხასსა და ფლორიდაშიც”.

ფიქტიური კომპანიის შექმნაში არაფერი უკანონო არ არის. ამერიკის შტატები ბიზნესისთვის ხელსაყრელი პოლიტიკით ამაყობენ. მაგალითად, დელავერში ამაყობენ იმით, რომ კორპორაციების რეგისტრაციის თვალსაზრისით აშშ-ის დედაქალაქია. „მილიონზე მეტმა კომერციულმა სტრუქტურამ დელავერი თავის საკანონმდებლო ადგილმდებარეობად აქცია”, – ნათქვამია შტატის იურიდიულ პირებთან ურთიერთობის განყოფილების ვებსაიტზე. „დელავერში იურიდიული მისამართი აქვთ შეერთებულ შტატებში გახსნილი ღია ტიპის სააქციო საზოგადოებების 50%-ზე მეტსა და Fortune 500-ის სიაში შემავალი კომპანიების 64%-ზე მეტს”.

ფიქტიური კომპანიების „მომხიბვლელობა” აშშ-ში

„პანამის დოკუმენტების” სკანდალის შემდეგ, აშშ-ში რეგისტრირებული ფიქტიური კომპანიების რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს. ბელიზში, პანამასა და კაიმანის კუნძულებზე ფულის დამალვის ნაცვლად, კომპანიები და კერძო პირები შეიძლება შეერთებული შტატებისკენ შებრუნდნენ.

„მათ ნამდვილად შეუძლიათ ამის გაკეთება. ეს ასეც იქნება, რადგან აშშ, ევროკავშირისგან განსხვავებით, ამ პრობლემის მოსაგვარებლად არაფერს აკეთებს”, – ამბობს ორგანიზაცია „Global Financial Integrity”-ს წარმომადგენელი ჰიზერ ლოუ.

ფიქტიურ კომპანიას სხვადასხვა დანიშნულება აქვს. მაგალითად, ისინი შეიძლება მიწის ანონიმურად შესაძენად გამოიყენო, თან კონკურენციის გარეშე. შეიძლება შექმნა ფირმა, რომელიც სამომავლოდ კომერციულ უფლებებს დაიცავს, ან დააფუძნო ჰოლდინგი სხვადასხვა კომპანიისთვის. მათი მეშვეობით, ანონიმურად და კანონიერად შეიძლება ფულის პოლიტიკური მიზნებით გამოყენებაც.

არ შეიძლება მთელი სისტემის იმის გამო დადანაშაულება, რომ ზოგიერთი ადამიანი და კომპანია ფიქტიურ ფირმებს აფუძნებს და აქტივებს იქ მალავს, – ამტკიცებს დელავერის უნივერსიტეტის ჯონ ვაიბერგის სახელობის კორპორატიული მართვის ცენტრის დირექტორი ჩარლზ ნელსონი.

„რეალურად დელავერი საგადასახადო სამოთხე არ არის. დელავერი ესაა ადგილი, სადაც, ძალიან ჭკვიანური კორპორაციული სამართლებრივი რეჟიმის გამო, ამერიკული კომპანიების უმეტესობა რეგისტრირდება. ცხადია იქ საეჭვო კომპანიებიც მიდიან, თუმცა სისტემა მათთვის არ არის შექმნილი. ეს გვერდითი მოვლენაა… თუ ვინმე კორპორაციას ცუდი მიზნებისთვის იყენებს, ამაში დამნაშავე კორპორატიული წესები და კანონები კი არა, ცალკეული პირები არიან”, – ამბობს ნელსონი.

ფიქტიური კომპანიები, სადაც არ უნდა იქმნებოდნენ, ქვეყნის შიგნით თუ უცხოეთში, ისინი აქტივების დამალვასა და დანაშაულის ჩადენას ამარტივებენ, აღნიშნავს შაჰი. მაგალითად, 2000-იანი წლების შუაში, ლუიზიანის ყოფილმა კონგრესმენმა უილიამ ჯეფერსონმა 8 სხვადასხვა ფიქტიური კომპანია დააფუძნა და კორუფციული გზით ნაშოვნი ასობით ათასი დოლარი გადამალა. იარაღის სკანდალურად ცნობილი მოვაჭრე ვიქტორ ბუტმა, რომელსაც „სიკვდილით მოვაჭრეს” უწოდებდნენ, თავისი საქმიანობის დასამალად, დელავერში, ტეხასსა და ფლორიდაში მინიმუმ 12 ფიქტიური კომპანია დააფუძნა.

შაჰი ამბობს, რომ არ არსებობს მიზეზი, რის გამოც ფიქტიური კომპანიის დაფუძნების პროცესი, ბიბლიოთეკის აბონემენტის აღებაზე მარტივი უნდა იყოს. მისი ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალეობა” მოუწოდებს შეერთებული შტატების კონგრესს დაამტკიცოს კონგრესმენ ქეროლინ მელოუნისა და სენატორ შელდონ უაითჰაუსის კანონპროექტი „რეგისტრაციის გამჭვირვალეობისა და კანონის აღსრულებისთვის დახმარების შესახებ”. კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, შტატები აშშ-ში რეგისტრირებული კომპანიების ბენეფიციარების შესახებ ინფორმაციის შეგროვებას, შენახვასა და განახლებას შეძლებენ.

„ორპარტიული კანონპროექტი წარმომადგენლობით პალატას 2008 წელს წარუდგინეს, თუმცა დღემდე არ განხილულა. ეს კანონი არ დაამტკიცეს. იქნება დროა, ეს ახლა გავაკეთოთ”, – აცხადებს შაჰი.

ნელსონი ამ კანონის ამუშავების მიმართ სკეპტიკურადაა განწყობილი. „არ ვიცი როგორ უნდა მოაგვაროს ეს პრობლემა მესაკუთრეობის შესახებ კანონმა. თუ ვიღაც საკმაოდ საზრიანი იყო, რომ სისტემისთვის გვერდი აეარა, ის ამის გაკეთებას ნებისმიერი რეგულაციის პირობებშიც შეძლებს. ეს ძალიან ჭკვიანი ხალხია”, – აღნიშნავს ის.

„ნებისმიერი კანონის მისაღებად აუცილებელია ამერიკული ბიზნესსაზოგადოების მჭარდაჭერა. ამერიკის სავაჭრო პალატა უკვე დიდი ხანია, ანონიმური კომპანიების ამკრძალავი კანონის წინააღმდეგ გამოდის. მან პოზიცია უნდა შეიცვალოს და პატიოსანი და ღია ბიზნესის მხარდაჭერა დაიწყოს”, – აცხადებს „Global Financial Integrity”-ს წარმომადგენელი.

 

politcommersant.ge

მსგავსი სიახლეები
131 ნახვა