სომხეთი მუდმივად შიშში უნდა ცხოვრობდეს!

მთიან ყარაბაღში ვითარების ესკალაციის მიზეზების შესახებ რადიო «თავისუფლების» პრაღის ბიურო აზერბაიჯანელ პოლიტოლოგ ჰიქმეთ გაჯი-ზადეს ესაუბრა. გთავაზობთ  ამ ინტერვიუს თარგმანს :

– ჩვენ ერთი და მეორე მხარისაგან ოფიციალური ცნობები გვესმის და სხვადასხვა საიტების მიერ მათი ციტირება. რა თქმა უნდა, ვხედავთ ასევე საგარეო პოლიტიკურ აქტივიზაციას: პუტინმა თქვა რაღაც, მერე ბორდიუჟა წავიდა სომხებთან სასაუბროდ. მე ვფიქრობ, რომ ეს ესკალაცია უფრო სერიოზულია, მანამდე მომხდარებთან შედარებით.თუ ეს ესკალაციაა, მაშინ ყველაზე სერიოზულია ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადების შემდეგ.

რომელი მხარის ინტერესებში უფროა ეს ესკალაცია?

– ფრონტზე, როცა ნერვები ზღვრამდეა დაძაბული, ერთმა პატარა გასროლამ შეიძლება, მთელი ზვავი გამოიწვიოს,ამდენად, მიჭირს რამის თქმა.

– ანუ, თვლით, რომ არანაირი საგარეო აქტორები, მოთამაშეები ამაში ჩართულები არ არიან

– რა თქმა უნდა, არა. რას გულისხმობთ საგარეო აქტორებში?

თურქეთსა და რუსეთს.

– ამას ჯერ-ჯერობით ვერ ვხედავ. შესაძლოა, სამომავლოდ, თუ ასე გაგრძელდება, ჩაერევიაბ რუსეთი ან თურქეთი,მაგრამ ჯერ არა.

გავრცელდა ცნობები, რომ აზერბაიჯანის სამხედრო ბიუჯეტი სომხეთის სახელმწიფო ბიუჯეტის ტოლია. ასეა?

– დიახ, მაგრამ აზერბაიჯანი სომხეთს არ ებრძვის. აზერბაიჯანი ებრძვის სომხეთ-რუსეთის ალიანსს. ამდენად, აქ ბიუჯეტების თანაფარდობა არაფერს ნიშნავს. უნდა შევხედოთ ასევე თანაფარდობას რუსეთის სამხედრო ბიუჯეტთან – რუსულ ბაზებთან, მრჩევლებთან ყარაბაღში, რუს სამხედროებთან სომხეთში, ყველაფერი ეს იქ უნდა დაემატოს, სასწორის მეორე მხარეს. რა ეტაპზე ჩაერთვება რუსეთი? – მე ვფიქრობ, ყველაფერი ეს დათვლილი უნდა ყოფილიყო, გათვლილი, თუ არსებობს რაღაც გეგმა, რა უნდა გაკეთდეს, თუ რუსეთი დაიწყებს ჩარევას: როდის საით შევტრიალდეთ, როდის წავიდეთ უკან, როდის – წინ. იმედი მაქვს, ასეთი გეგმა არსებობს.

მაგრამ ბოლო თვეებში ანკარა მიანიშნებდა, რომ მზად იყო დასახმარებლად

– მინიშნებებიდან საქმემდე დიდი მანძილია. ის, რომ თურქულ თვითმფრინავებს აქ ეფრინათ, როგორც ერთ დროს შესაძლოა, რუსულებმა იფრინონ, ასეთი რამ ჯერ არასოდეს მომხდარა. არ ვიცი, შესაძლოა, მათ ახლა რაიმეზე მოილაპარაკეს, მაგრამ ეს თურქეთისთვის დიდ კონფლიქტში პირდაპირი ჩართვის ტოლფასი იქნებოდა.

ზოგიერთი ექსპერტი აღნიშნავს, რომ კონფლიქტის ხისტი ესკალაცია გარკვეულწილად ალიევის ვაშინგტონში ვიზიტს უკავშირდება.

– არა, ამასთან მას არანაირი კავშირი არ აქვს.

რატომ თვლით ასე?

– იქ, შეიძლება, ითქვას, ვიზიტიც კი არანაირი არ ყოფილა. ეს იყო ვიზიტი ბირთვული უსაფრთხოების სამიტზე.ილჰამ ალიევი იქ არავის შეჰხვედრია. ქერის ესაუბრა 15 წუთი, სურათები გადაიღო და დაბრუნდა. ეს შესაძლოა, უკავშირდებოდეს იმას, რომ, ვთქვათ, აზერბაიჯანმა გადაწყვიტა, რომ რუსეთი ძალიან არის დაკავებული უკრაინაში, სირიაში, ახლა სომხეთისთვის არ სცალია და გაუჭირდება ერთდროულად 6 ფრონტზე რეაგირება. მაგრამ მაინც, რუსეთს საკმარისი ძალა აქვს საიმისოდ, რომ აქაც მოახდინოს რეაგირება – გაგზავნოს თვითმფრინავები,გამოიყენოს სამხედრო-კოსმოსური აპარატები, – არ ვიცი, რა გააჩნიათ კიდევ.

და ხომ არ უკავშირდება ეს ყველაფერი ვითარებას თავად აზერბაიჯანში? ჯერ კიდევ მანათის პირველი დევალვაციის დროს იყო საუბრები იმაზე, რომ ამას შესაძლოა, კონფლიქტის ესკალაციისთვის ბიძგი მიეცა.

– დიახ, ასე ამბობენ, მაგრამ მე ასე არ ვფიქრობ, რადგან დიდი აღშფოთება, სახალხო აჯანყება დევალვაციის თაობაზე არ არის. რომ ყოფილიყო, შეიძლებოდა, მეფიქრა, რომ ომი მის ჩასახშობად დაიწყო.

აჯანყება არ არის, მაგრამ არის უკმაყოფილების ტალღა და მოქალაქეების  თვითმკვლელობების გახშირება…

– რა ტალღა, სად? მოხდა 3, 4 თუ 5 თვითმკვლელობა. უკმაყოფილება არის, მაგრამ ჩვენ ხომ დემოკრატიულ საზოგადოებაში არ ვართ, რომ მსგავსი ტალღები დიქტატორულ მთავრობაზე ზემოქმედებდეს?! დემოკრატიული მთავრობა რეაგირებს მოსახლეობის განწყობებზე, დიქტატორული – მაინცდამაინც არა. ვხედავ, გსურთ, გიამბოთ დიდ სტრატეგიულ ჩანაფიქრზე, ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს, «მოსადის» ჩართვაზე, მაგრამ მე მსგავსს ჯერ-ჯერობით ვერაფერს ვხედავ.

მომავალ კვირას ვენაში ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების საგანგებო სხდომა იგეგმება. რას უნდა ველოდოთ ამ შეხვედრისგან?

– რას უნდა ველოდოთ განსაკუთრებულს? მხარეები ისევ წაუყენებენ ერთმანეთს ბრალდებებს, მერე აზერბაიჯანი მოითხოვს, რომ სომხებმა გაიყვანონ ჯარები აზერბაიჯანული ტერიტორიიდან და დაიშლებიან. საუკეთესო შემთხვევაში კიდევ ერთი ზავი დაიდება – ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. საუკეთესო რეზულტატი ამ შეხვედრისგან მხოლოდ ეს შეიძლება, იყოს. რა თქმა უნდა, აქაც ცეცხლის დროებით შეწყვეტაზეა საუბარი, შემდეგ ესკალაციამდე.მსგავსი სამიტები ბევრია, მაგრამ შედეგი არ არის – აზერბაიჯანული მხარე მოითხოვს ჯარის გაყვანას, სომხური კი ირწმუნება, «ჩვენ არაფერ შუაში ვართ, ეს ყარაბაღია, რომელიც დამოუკიდებლობას მოითხოვსო» და ა.შ. მინდა, ვთქვა, რომ იმისთვის, რომ ამ ოპერაციაში აზერბაიჯანის გეგმები გავიგოთ, ილჰამ ალიევის ბოლო გამოსვლის ციტატას უნდა დავაკვირდეთ: «ჩვენ გვინდა, რომ სომხეთი მუდმივად გრძნობდეს საფრთხეს. ჩვენ გვინდა, რომ ის მუდმივად ცხოვრობდეს შიშში». რას ნიშნავს ეს? იმასთან ერთად, რაც ახლა გაცხადაა, რომ აზერბაიჯანი საბრძოლო მოქმედებებს წყვეტს, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ მუდმივად შევაწუხებთ სომხეთს მსგავსი პატარ-პატარა ოპერაციებით.დიდი ომი, შესაძლოა, არ მოხდეს, მაგრამ იქნება მსგავსი მცირე ოპერაციები – «დაე, მუდმივად გრძნობდნენ შიშს,რომ აქ ან იქ მოულოდნელად აზერბაიჯანული ჯარი გარღვევას დაიწყებს, დაიღუპება ბევრი ახალგაზრდა, იცხოვრონ შიშში», – აი, ეს არის ჩატარებული ოპერაციის გეგმა.

მან ისიც აღნიშნა, რომ ბაქო კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას უჭერს მხარს, მაგრამ «არ აპირებს მონაწილეობას «მოლაპარაკებებში მოლაპარაკებებისთვის».

– დიახ, იგი გულისხმობდა იმას, რომ მშვიდობიან გზას არაფრამდე მივყავართ და უკვე 20 წელია, მიმდინარეობს უაზრო მოლაპარაკებები, ამიტომაც იძულებულები ვართ, ვიმოქმედოთ იმ ხერხით, რომელზეც გითხარით.

 

accent.com.ge

მსგავსი სიახლეები
561 ნახვა