ვინც თვლის რომ საქართველოში უნდა დაკანონდეს ერთსქესიანთა ქორწინება, ვეუბნები – არ ვარ თქვენიანი

„რესპუბლიკურ პარტიას“ არასდროს არსად, არც პირდაპირ და არც ირიბად უთქვამს, რომ ის მომხრეა ერთსქესიანთა ქორწინების საქართველოში დაშვების“,– ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, “რესპუბლიკელმა” დავით უსუფაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, “ეს არის სახიფათო თემა, რადგან ძალიან ბევრი პირი საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ცდილობს, აქ გაავლოს ზღვარი ევროპელობასა და არაევროპელობას შორის”.

„არის ხალხი, რომელსაც უნდა, რომ მე ვიყო იმაზე უფრო ლიბერალი, ვიდრე ვინმე უნახავს მსოფლიოში, ან თვითონ არის. პირდაპირ გეუბნებით, არ ვარ ასეთი. ვინც თვლის, რომ საქართველოში უნდა დაკანონდეს ერთი სქესის წარმომადგენელი პირების ქორწინება და ეს მიაჩნია ლიბერალიზმის დროშად, მე მას ვეუბნები, რომ არ ვარ თქვენიანი. ამავდროულად, თუ ვინმეს მიაჩნია, რომ პატრიოტი არ ვარ, მე მას ვეუბმები, რომ ნებისმიერს შევეჯიბრები პატრიოტიზმში, იმიტომ, რომ ჩემთვის პატრიოტიზმი ჩემი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის შრომაა და არა ისტორიის წიგნების კითხვა. ამასთან, როდესაც ვინმე მეუბნება, რომ საქართველოს ვღუპავ, როდესაც საქართველო ევროპისკენ და ნატოსკენ მიმყავს, მას ვეუბნები, რომ საქართველოს გადარჩენის ერთადერთი შანსია ევროპული ცივილიზაციის ნაწილად ქცევა და დიახ, მე ამისთვის ძალიან ბევრ რამეზე მივდივარ“,– განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

ერთსქესიანთა ქორწინებასთან დაკავშირებით საპარლამენტო არჩევენების პარალელურად შესაძლოა, რეფერენდუმი ჩატარდეს. საქმე ოჯახის, როგორც განსხვავებული სქესის მქონე პირთა ნებაყოფლობითი ერთობის კონსტიტუციურ დონეზე განსაზღვრებას ეხება.

 

accent.com.ge

მსგავსი სიახლეები
538 ნახვა