,,რესპუბლიკელი” მინისტრები მთავრობას ვარშავის სამიტის შემდეგ დატოვებენ”

გია ხუხაშვილი: ამ ეტაპისთვის ზოგადი სურათია ისეთია, რომ, სავარაუდოდ მრავალპარტიულ პარლამენტს მივიღებთ, რაც კარგი იქნება. ასეთი გამოცდილება ქვეყანას ნამდვილად სჭირდება. რაც შეეხება  უმრავლესობის მიღებას, ამის ერთადერთი შანსი “ქართულ ოცნებას” აქვს. თუმცა ეს შანსი ძალიან მაღალი არ არის. ვფიქრობ, პარლამენტში 5-6 პარტია უნდა გავიდეს, თუმცა მოვლენების გარკვეული განვითარების შემთხვევაში, შესაძლოა, უფრო მეტიც ვიხილოთ, რასაც ძალიან კონკრეტული მიზეზი აქვს. ამომრჩევლის დიდ ნაწილს, ხმას ვის მისცემს, ჯერ გადაწყვეტილი არ აქვს. უმრავლესობას როგორც “ქართული ოცნების”, ასევე “ნაციონალური მოძრაობის” მიმართ მკვეთრად ნეგატიური განწყობა აქვს. შესაბამისად, ეს ადამიანები საბოლოო ჯამში არჩევნებზე თუ წავიდნენ, არჩევანს დანარჩენი პარტიებიდან გააკეთებენ. ეს ფაქტი გაზრდის შედარებით მომცრო პარტიების შანსს, რომ პარლამენტში მოხვდნენ, რაც მისასალმებელია.  არჩევნების შემდეგ ქვეყანაში საპარლამენტო კოალიციის შექმნის საჭიროება გაჩნდება. კოალიციის შექმნის აუცილებლობა იმ შემთხვევაში დადგება, თუ საპარლამენტო უმრავლესობის მიღებას ვერავინ ვერ შეძლებს, რისი ალბათობაც ძალიან მაღალია.

არსებობენ უმნიშვნელო პარტიები, რომლებიც შესაძლოა გაერთიანდნენ, ეს თეორიულად დასაშვებია, თუმცა დიდი კოალიციის შექმნას არ ველოდები. “ნაციონალური მოძრაობა” კოალიციის ცენტრი იქიდან გამომდინარე ვერ გახდება, რომ სხვა პარტიებისთვის გარკვეულწილად კეთროვანია, “ქართული ოცნება” – ამას არ აპირებს. სხვა პარტიების დაჯგუფებაში კი, დიდ აზრს ვერ ვხედავ.  „ასეთი კითხვა მაქვს,  არიან თუ არა მზად „რესპუბლიკელები“ აღმასრულებელ ხელისუფლებაზე პასუხისმგებლობა გაინაწილონ “ქართულ ოცნებასთან  ერთად? რას ემყარება მათი საარჩევნო კამპანია?  რა მესიჯით მიდიან არჩევნებზე? ამომრჩეველმა ხმა რატომ უნდა მისცეს “რესპუბლიკელებს” და არა “ქართულ ოცნებას? რით განსხვავდებიან   “ქართული ოცნებისგან”?

“რესპუბლიკელი” მინისტრების  მხრიდან თანამდებობების შენარჩუნება აბსურდია და საარჩევნო ლოგიკას არანაირად არ დაექვემდებარება. ვფიქრობ, “რესპუბლიკელ” მინისტრებს მთავრობაში დიდი დღე არ უწერიათ. მაქსიმუმ, ვარშავის სამიტის შემდეგ მთავრობიდან გასვლა მოუწევთ, რაც მათ ინტერესშიცაა იმისათვის, რომ სრულფასოვანი საარჩევნო კამპანიის ჩატარების შესაძლებლობა მიეცეთ“ – დასძენს ექსპერტი.

 

გაზეთი: ,,რეზონანსი”

მსგავსი სიახლეები
98 ნახვა