ქონების წართმევა ახალგორის რაიონში – ახალი მომგებიანი ბიზნესი

ახალგორის რაიონის მაცხოვრებლები მათი ქონებრივი უფლებების ხელყოფას უჩივიან. ხალხს წინა მფლობელების სასარგებლოდ ართმევენ უძრავ ქონებას, რომელიც მათ მეორად ბაზარზე შეიძინეს და ამასთან, გადახდილ თანხასაც კი არ უბრუნებენ. ადგილობრივები აცხადებენ, რომ ქონების წართმევა მომგებიან ბიზნესად იქცა, რომელშიც ოსი ჩინოსნები და ძალოვანები არიან ჩართულები, – იუწყება «Эхо Кавказа».

სტატიის ავტორი მკითხველს თამილა ნიკოლეიშვილის მწარე მაგალითს აცნობს: 2007 წელს მან ლალა გოლოევასგან 7 ათას დოლარად სამოთახიანი ბინა შეიძინა, თუმცა მას შემდეგ, რაც ქართულმა მხარემ რაიონზე კონტროლი დაკარგა, წინა მეპატრონემ გადაწყვიტა, ქონებას კვლავ დაუფლებოდა – ამჟამინდელი პატრონის ადგილზე არყოფნით ისარგებლა, უბრალოდ შეამტვრია კარი და შეცხოვრდა. ახალი კანონიერი მფლობელის მოთხოვნას, მისთვის გადახდილი თახა მაინც დაებრუნებინა, გოლოევამ უბრალოდ იგნორირება გაუწია. ახალმა მეპატრონემ ძველს ახალგორის სასამართლოში უჩივლა და პროცესი მოიგო, თუმცა გოლოევამ გადაწყვეტილება ცხინვალის სასამართლოში გაასაჩივრა, სადაც ორიოდ დღის წინ საქმის განხილვა დაიწყო. თამილა ნიკოლეიშვილი, რომელიც პროცესზე დასასწრებად სასამართლოში 11:00 სთ-ზე უნდა ყოფილიყო, წეროვანიდან ადრე დილით გავიდა, მაგრამ ე.წ. საზღვარზე არ გადაუშვეს, მიუხედავად იმისა, რომ ხელთ ჰქონდა საშვი, რომლითაც მანამდე მთელი წლის განმავლობაში უპრობლემოდ გადაადგილდებოდა. გამტარ პუნქტზე უშიშროების რაიონული დე ფაქტო სამმართველოს უფროსის მოადგილე ალან დუდაევი გამოიძახეს.

«მითხრეს, რომ ჩემი საშვი მათი დოკუმენტი არაა და მკითხეს, სად მოვიპოვე იგი, არადა, მანამდე მთელი წლის განმავლობაში ყოველგვარი შეკითხვების გარეშე მატარებდნენ საზღვარზე ამ დოკუმენტით, რომელიც მათვე მომცეს. ახლა მოკლებული ვარ შესაძლებლობას, სასამართლოში ჩემი უფლებები დავიცვა. დარწმუნებული ვარ, მესაზღვრეებს წინასწარ შეატყობინეს ჩემი მონაცემები და საზღვარზე შეყოვნება უბრძანეს სწორედ იმ მიზნით, რომ სასამართლოში და საერთოდ რესპუბლიკის ტერიტორიაზე ვერ მოვხვედრილიყავი და ამ გზით გადაეჭრათ ქონებრივი დავა, რასაც ჰქვია, არასასამართლო გზით» – ყვება თამილა ნიკოლეიშვილი.

ადგილობრივი სამოქალაქო აქტივისტი თამარა მეარაკიშილი იხსენებს, რომ «ლენინგორის [ახალგორის] რაიონის ე.წ. სამხრეთ ოსეთის იურისდიქციის ქვეშ გადასვლის შემდეგ სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტმა კოკოითმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის საფუძველზეც 90-იანი წლებიდან იმ დრომდე დადებული ყველა ქონებრივი გარიგება გაუქმებულად გამოცხადდა».

«მაშინ რაიონში გვესმოდა, რაზე მიდიოდა საუბარი. 90-იან წლებში ზვიადისტები და ნაციონალისტების მანტიას ამოფარებული კრიმინალები ქონებას ოსებს ართმევდნენ. სახლებს თითქოს ყიდულობდნენ, ხშირად – სიმბოლურ ფასად,ხანდახან საბუთებში ადექვატური თანხები აისახებოდა, მაგრამ ქონების მეპატრონეებს მათ უბრალოდ არ უხდიდნენ, ზოგჯერ კი სახლებს ხალხს უბრალოდ ართმევდნენ. შემდგომში ეს უძრავი ქონება რამდენჯერმე გადადიოდა ხელიდან ხელში. როდესაც კოკოითის ბრძანებულება გამოიცა, რაიონში ვფიქრობდით, რომ ის სწორედ ასეთ ქონებას შეეხებოდა. მარტო კოკოითს კი არა, მეც მინდა, საქართველოს ხელისუფლება ოდესმე დაინტერესდეს ამ ისტორიებით. ყველა ცოცხალია, ყველა ადგილზეა, მეზობლებს შორის შეიძლება, მოწმეები მოიძებნონ… მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, არსებობენ ცუდი ადამიანებიც, რომლებმაც ისარგებლეს პრეზიდენტის ბრძანებულებით და დაიწყეს პატიოსანი მყიდველების გამოყრა სახლებიდან. არის ბევრი შემთხვევა, როდესაც ახალი მეპატრონეები სრულად იხდიდნენ საბაზრო ღირებულებას, გარიგებას ნოტარიულად ამოწმებდნენ, თანაც არა ახალგორში ან ცხინვალში, არამედ ვლადიკავკაზში, სადაც უძრავი ქონების გამყიდველები სთხოვდნენ თანხის ჩატანას, ეშინოდათ რა, რომ სამხრეთში გაძარცვავდნენ. ახლა ბევრი მათგანი ევაჭრება ახალ მეპატრონეებს იმედით, მათგან დამატებითი თანხები მიიღოს.

გარიგების გაუქმება ნებისმიერს შეუძლია, ვინც ამ წლებში ქონება გაყიდა?

– არა, ჩინოსნების მფარველობის გარეშე ეს შეუძლებელია. შემიძლია, ვთქვა, რომ პროტექციის გარეშე არ მიდის საქმე არც იმ შემთხვევებში, როდესაც სასამართლო ქონებას ახალ მეპატრონეებს უტოვებს.

სხვათა შორის, თამილა ნიკოლეიშვილის მიერ გადახდილი 7 ათასი დოლარი სამოთახიანი ბინისთვის ადექვატური ფასი იყო იმ დროს და არც ამ დროისთვის შეცვლილა.

«მეჩვენება, რომ ქონების ჩამორთმევისა თუ გამოძალვის ეს ისტორია – ის მცირედია, რაც ლენინგორისა და ცხინვალის მაცხოვრებლებს, ქართველებსა და ოსებს აერთიანებთ. 200-ზე მეტი ცხინვალელი, რომელიც ომის შემდეგ შინ დაბრუნდა, სახლებში ახალ მეპატრონეებს წააწყდა. აგერ უკვე 7 წელია, ისინი ინსტანციიდან ინსტანციაში დარბიან სამართლიანობის აღდგენის იმედით, მაგრამ როგორც თავადაც ხვდებიან, ნულოვანი პექსპეტივა აქვთ. ახლა ამ წრეზე ლენინგორელები დარბიან. ვერაფერს იზამ – რესპუბლიკაში ასეთი ინტეგრაცია გამოდის» – წერს სტატიის ავტორი.

 

accent.com.ge

მსგავსი სიახლეები
147 ნახვა