ეკა გიგაური – ცვლილებები, რასაც პარლამენტი სასამართლოს კუთხით განიხილავს, არასაკმარისია

”საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის შეფასებით, ცვლილებები, რასაც პარლამენტი სასამართლოს კუთხით განიხილავს, არ არის საკმარისი.

როგორც გიგაურმა ჟურნალისტებს განუცხადა, ამ მხრივ უფრო მეტი რამ არის გასაკეთებელი.

”დღეს ჩვენ ვიწყებთ ახალ კამპანიას, რომლის მთავარი მიზანია სასამართლოს სიღრმისეული რეფორმა. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული ნაბიჯები ამ მიმართულებით გადადგმულია, მაინც არის საკითხები, რომლებიც მოსაგვარებელია. ყველაზე მნიშვნელოვანი და მწვავე საკითხია მოსამართლეების დანიშვნის საკითხი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მოსამართლეების დანიშვნის პროცესი უნდა გაჩერდეს იქამდე, ვიდრე არ მივიღებთ ახალ კანონმდებლობას. ახალი მოსამართლეები არ უნდა დაინიშნონ იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ეს შესაძლოა მოხდეს კლანური შეთანხმებების საფუძველზე და არა მათი ცოდნის და გამოცდილების. გარდა ამისა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს საქმეების ელექტრონული წესით განაწილების შემოღება, რათა საზოგადოებას არ ჰქონდეს კითხვები, თუ რატომ განიხილავს კონკრეტული მოსამართლე კონკრეტულ საქმეს. ჩვენი მოთხოვნა ასევე ეხება დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხს. სასამართლოში არ უნდა იყოს ისეთი ვითარება, რომ განსხვავებული აზრის გამო ადამიანები იდევნებოდნენ. შესაბამისად, ეს არის ის სამი თემა, რომელსაც მოვითხოვთ. ჩვენ ჩავერთვებით კონსულტაციებში, თუმცა ვფიქრობთ, რომ ის ცვლილებები, რაც პარლამენტში განიხილება, არ არის საკმარისი და უფრო მეტი რამ არის გასაკეთებელი”, – განაცხადა გიგაურმა.

 

ipn.ge

მსგავსი სიახლეები
68 ნახვა