მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა ონლაინ სესხების რეგულირების საკითხზე მუშაობა დაიწყეს

მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა ონლაინ სესხებთან დაკავშირებით რეგულაციების შემოღების აუცილებლობაზე საუბრობს, ამ დრომდე ქმედითი ნაბიჯი არ გადადგმულა. შესაბამისად, არც კონკრეტული გეგმა ან საკანონმდებლო ინიციატივა ამ დრომდე მთავრობას არ წარუდგენია. ამასობაში კი, ქვეყანაში ონლაინ მსესხებელთა რაოდენობა მკვეთრად იზრდება.

სიტუაციას ისიც ართულებს, რომ ეს სფერო უკონტროლოა. შესაბამისად, ბაზარზე მოქმედი ონლაინ კომპანიები მომხმარებელს თამაშის საკუთარ წესებს სთავაზობენ – საპროცენტო განაკვეთსაც თავად ადგენენ და ერთი შეხედვით მარტივი პირობებით გაცემული სესხი საბოლოო ჯამში მსესხებელს მძიმე ტვირთად აწვება.

კამპანია „არა ონლაინ სესხებს საქართველოში” მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ამ ეტაპზე საქართველოს მთავრობაში და ეროვნულ ბანკში ონლაინ საკრედიტო ორგანიზაციების რეგულაციებში მოქცევის შესახებ მუშაობა მიმდინარეობს. მათივე ინფორმაციით, რეგულაციების ამოქმედების შემდეგ, ონლაინ საკრედიტო ორგანიზაციების უმეტესობას საქმიანობის შეჩერება მოუწევს. საბოლოო ჯამში კი, რეგულაციების დაწესების შემდეგ, საქართველოში მხოლოდ 4 ონლაინ საკრედიტო ორგანიზაცია იფუნქციონირებს და ისიც შეზღუდული პირობებით. ეს ის ონლაინ საკრედიტო ორგანიზაციები არიან,რომლებიც საქართველოს გარდა სხვა ქვეყნებშიც ფუნქციონირებენ.

„მათ აღარ ექნებათ უფლება დააწესონ ჯარიმები და პროცენტები მხოლოდ მათი სურვილის გათვალისწინებით.ამასთან, აღნიშნული შ.პ.ს-ების მფლობელებს მოუწევთ მკაცრად გააკონტროლონ თუ როგორ მიუდგებიან მათი თანამშრომლები მსესხებლებს, იგივე მოუწევთ ე.წ პრობლემური სესხების ამომღებ კომპანიებსაც. ამასთანავე ჩვენთვის ცნობილია რომ ონლაინ საკრედიტო ორგანიზაციების მფლობელები ცდილობენ მთავრობას და კერძოდ ბიზნეს ომბუცმენ გიორგი გახარიას შესთავაზონ საკუთარი კანონპროექტი თუ როგორ უნდა დარეგულირდეს ონლაინ სესხების მუშაობა,თუმცა მისგან უარს იღებენ , ვინაიდან როგორც ზემოთ აღვნიშნეთ,მთავრობაში ამ საკითხზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს”, – ნათქვამია განცხადებაში.

თუმცა, „პოლიტკომერსანტთან” პირად საუბარში ონლაინ კომპანიების წარმომადგენლებმა აღნიშნული ინფორმაცია არ დაადასტურეს. „პრაქტიკულად, ეს გამორიცხულია. საქართველოში ონლაინ კომპანიებს არავინ დახურავს და არც შეზღუდავს. რადგან საერთაშორისო კომპანიები არიან. გარდა ამისა, კომპანიების უმრავლესობას მთავრობისგან და ხელისუფლებისგან „მწვანე შუქი” აქვს ანთებული. ამიტომ, ნუ დაიჯერებთ, რომ მთავრობა ონლაინ კომპანიებს რაიმე რეგულაციებს დაუწესებს. ეს სასაცილოა. ამას მხოლოდ გულუბრყვილო თუ დაიჯერებს”, – გვითხრა ერთ-ერთ კომპანიის წარმომადგენელმა, რომელმაც ვინაობის დაკონკრეტებაზე უარი თქვა.

მუშაობს თუ არა მთავრობა „ეროვნულ ბანკთან” ერთად ონლაინ საკრედიტო ორგანიზაციებისთვის რეგულაციების დაწესების საკითხზე, ამის გარკვევა „პოლიტკომერსანტმა” „ეროვნულ ბანკში” სცადა. მართალია, ეს ინფორმაცია დაგვიდასტურეს, თუმცა, ამ საკითხთან მიმართებაში კონრეტულად რა ხედვები აქვთ, „ეროვნული ბანკი” ონლაინ კომპანიებს სრულად გააკონტროლებს თუ ნაწილობრივ, ამაზე ჯერ არ საუბრობენ.

„ამ თემას შესწავლა სჭირდება. მეც ვთქვი, რომ რაღაც რეგულაციების შემოღება აუცილებელია. ბანკებთან, ლომბარდებთან და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან დაკავშირებით კანონი მივიღეთ, რაც მართლა სერიოზული თემაა, მაგრამ ეს ონლაინ სესხებს არ შეეხო. ჩემი აზრით, ეს საკითხიც ამ კანონის ფარგლებში უნდა მოექცეს. თუმცა, კონკრეტულად ამ საკითხე მუშაობენ თუ არა, არ ვიცი”, – ამბობს „პოლიტკომერსანტთან” საუბარში პარტია „ქართული ოცნების” წევრი და დეპუტატი პაატა ბარათაშვილი.

„ამ კანონის მიღებას ხელს არაფერი უშლის, ყველაფერს თავისი დრო აქვს. ამჟამად პარლამენტში განსახილველად მთელი რიგი კანონპროექტებია შემოსული – მოგების გაუქმებასთან დაკავშირებით, დეკრიმინალიზაციაზე, დღგ-ზე. ასევე, დაყადაღების თემა იხსნება, სასამართლომ 48 საათის განმავლობაში ნება თუ არ მისცა, მაშინ ყადაღას ვერ დაადებენ. ასეთი კანონებია შემოსული და იმის თქმა, რომ არაფერს ვაკეთებთ, სწორი არ იქნება. ვისაც რა აინტერებს ყურადღებას იმაზე ამახვილებს. ძალიან ბევრი კანონები შემოდის და ჩემი აზრით, ონლაინ სესხებთან დაკავშირებით რეგულაციების შემოღების დროც დადგება”, – აცხადებს ბარათაშვილი.

რაც შეეხება კამპანია „არა ონლაინ სესხებს საქართველოში” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს რეგუალციების ამოქმედების შემდეგ, კომპანიების უმრავლესობა იძულებული გახდება საქმიანობა შეაჩეროს და მხოლოდ რამდენიმე კომპანია დარჩება ბაზარზე, ბარათაშვილის თქმით, ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.

 

politcommersant.ge

მსგავსი სიახლეები
284 ნახვა