ეროვნულ ბიბლიოთეკაში ვაჟა-ფშაველას მუზეუმ-სამკითხველო გაიხსნება, რომელსაც „m2 უძრავი ქონება“ დააფინანსებს

ეროვნულ ბიბლიოთეკაში ვაჟა-ფშაველას მუზეუმ-სამკითხველო გაიხსნება, რომელსაც „m2უძრავი ქონება“ დააფინანსებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“„m2 უძრავი ქონებიდან“ აცნობეს, პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და კომპანია „m2 უძრავ ქონებას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა გიორგი კეკელიძემ და m2-ის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბურდილაძემ მოაწერეს ხელი.

მათივე ინფორმაციით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ეროვნულ ბიბლიოთეკაში ვაჟა-ფშაველას მუზეუმ-სამკითხველო შეიქმნება, რომლის ნაწილის სარემონტო სამუშაოებსაც კომპანია m2 დააფინანსებს. აღნიშნული სივრცე სამკითხველო დარბაზს, მუზეუმს, სტუდენტურ ინოვაციურ კუთხესა და რეგისტრატურას გააერთიანებს. ეროვნული ბიბლიოთეკისა და m2-ის მიერ შემუშავებული კონცეფციის მიხედვით, ეს ადგილი ეროვნული ბიბლიოთეკის ერთ-ერთი მთავარი სივრცე უნდა გახდეს. ის ჩაფიქრებულია, როგორც ახალგაზრდების განვითარებაზე ორიენტირებული ადგილი. ვაჟა-ფშაველას კომპლექსი საღამოობით საჯარო ლექციებს, მასტერკლასებსა და წიგნის პრეზენტაციებსაც უმასპინძლებს.

„ვაჟა-ფშაველას მუზეუმ-სამკითხველოს შექმნა საკუთარი არსით იქნება ერთგვარი ხიდი ტრადიციულ სამკითხველოსა და ინოვაციურს შორის, ერთგვარად ისეთი, როგორიც იყო თვითონ ვაჟა. ამ სივრცის ნებისმიერი შემადგენილი უკიდერსად მნიშვნელოვანი და საჭიროა თანამედროვე ბიბლიოთეკისთვის“, – განაცხადა ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ.

ირაკლი ბურდილაძის თქმით, m2-ის თითოეული თანამშრომლისთვის ძალიან დიდი პატივია ვაჟა-ფშაველას მუზეუმ-სამკითხველოს შექმნაში მონაწილეობის მიღება.

„გვიხარია, რომ საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სივრცე შეემატება. განათლების ხელშეწყობა ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა გარემოზე ზრუნვასთან და ადაპტირებული გარემოს შექმნასთან ერთად“, – განაცხადა m2-ის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბურდილაძემ.

ეროვნულ ბიბლიოთეკაში ვაჟა-ფშაველას დარბაზი შემოდგომაზე გაიხსნება.

წყარო

მსგავსი სიახლეები
29 ნახვა