აქციის მონაწილეები პარლამენტისგან გარევაჭრობის დაკანონებას მოითხოვენ

გარემოვაჭრეები თბილისში, პარლამენტის წინ ”დემოკრატიის ინსტიტუტის” მხარდაჭერით აქციას მართავენ.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მათი დღევანდელი მოთხოვნა იმ კანონპროექტის მიღებაა, რომელიც საქართველოში გარევაჭრობის ცივილიზებულ ფორმას უზრუნველყოფს. აქციაზე ”დემოკრატიული ინსტიტუტის” ხელმძღვანელი ლაშა ჩხარტიშვილი იმყოფება, რომელმაც განაცხადა, რომ მან აღნიშნული კანონპროექტი 2011 წელს მოამზადა, პარლამენტმა ერთი მოსმენით მიიღო, თუმცა ახლა, მისი თქმით, დაუსაბუთებლად არის შეჩერებული.
”ჩვენ მოვითხოვთ გარევაჭრობას ცივილური ფორმა მიეცეს. აკრძალვის ნაცვლად შეიქმნას კანონმდებლობა. კანონპროექტი, რომელიც თვითონ არ მოამზადეს, მე მოვამზადე 2011 წელს, ერთი მოსმენით მიღებულია პარლამენტის მიერ და ყოვლად დაუსაბუთებლად შეჩერებული. ისმის კითხვა, ან რატომ მიიღეს, ან ახლა რატომ შეწყვიტეს მისი განხილვა. ჩვენ პარლამენტს განცხადებით კიდევ ერთხელ მივმართავთ, რომ შეიქმნას კანონმდებლობა და გარევაჭრობა ისევე იყოს ცივილური ფორმით, ორგანიზებული, როგორც ეს ევროპაშია, რადგან ამ ადამიანებს სხვა გამოსავალი არ აქვთ. საქართველო არ შეიძლება ტოტალური უმუშევრობის ფონზე იყოს ერთადერთი ქვეყანა მსოფლიოში, სადაც გარევაჭრობა საერთოდ არ იქნება დაშვებული. ან დაშვებული იქნება მარტო მაღაზიების დანამატის სახით, რომელიც არის ხელისუფლების მაღალჩინოსნების საკუთრებაში და სავარაუდოდ, აქ ”კარფურის” და ბიძინა ივანიშვილის ინტერესებიც არ არის გამორიცხული”, – განაცხადა ლაშა ჩხარტიშვილმა.
მისივე თქმით, გარევაჭრობა უნდა იყოს, მაგრამ შეზღუდული, რომ ტროტუარები არ იყოს ზედმეტად გადატვირთული, გარევაჭრობის დახლები იყოს დახაზული, შემოხაზული და ორგანიზებული და მუშაობდეს სანიტარული ინსპექცია.
როგორც ”დემოკრატიის ინსტიტუტის” ხელმძღვანელმა ლაშა ჩხარტიშვილმა აღნიშნა, პარლამენტში განცხადებას დღეს შეიტანენ. მან მორიგი აქცია დაანონსა, რომელიც 11 აპრილს, 11:30 საათზე საკრებულოსთან გაიმართება.
”11 აპრილს აქცია საკრებულოსთან გაიმართება, ნარმანიამ უკან თუ არ დაიხია და თუ არ შეეშინდა მისვლა საკრებულოში, ჩვენც მივალთ”, – განაცხადა ლაშა ჩხარტიშვილმა.
აქციის მონაწილეებმა გარევაჭრობის კანონპროექტის განხილვის მოთხოვნასთან დაკავშირებით პარლამენტის წინ ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს.

წყარო

მსგავსი სიახლეები
101 ნახვა