მოძრაობამ „სახელმწიფო ხალხისთვის“ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია დატოვა

მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ თავჯდომარე ნიკა მაჭუტაძემ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია დატოვა.

როგორც მოძრაობის ლიდერმა დღეს გამართულ პრესკონფრენციაზე განაცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი არის ის, რომ კომისია ცდილობს კონსტიტუციაში მმართველი პარტიის ვიწროპოლიტიკური და ბიძინა ივანიშვილის ინტერესები ასახოს.

ამასთან, ნიკა მაჭუტაძის თქმით, მისი პარტია იწყებს ინტერპარტიულ კონსტიტუციურ მოძრაობას ქართული კონსტიტუციის დასაცავად და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში შემავალ სუბიექტებს მოუწოდებს, გაემიჯნონ კომისიას.

”საქართველოში მიმდინარე ე.წ. საკონსტიტუციო რეფორმის რეალური მიზანია არა კონსტიტუციის, როგორც მთავარი დოკუმენტის დახვეწა, არა მისი დამკვიდრება, როგორც ხელუხლებელი ღირებულებათა კრებულისა, არამედ მეტი კონსტიტუციური გარანტიის შექმნა ქართული დემოკრატიისთვის, არამედ მისი მთავარი მიზანია არაფორმალური მმართველობის განვრცობა სახელმწიფო დემოკრატიული ინსტიტუტების შთანთქმის საფუძველზე. კომისიას გადაწყვეტული აქვს ქართველი ხალხის ნების ნაცვლად კონსტიტუციაში მმართველი პარტიის
ვიწროპოლიტიკური და ბიძინა ივანიშვილის ინტერესები ასახოს. ვტოვებთ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას და ვიწყებთ ზეპარტიულ, ინტერპარტიულ კონსტიტუციურ მოძრაობას, ქართული კონსტიტუციის დასაცავად.

მოვუწოდებ ჩემს კოლეგებს საკონსტიტუციო კომისიაში, გაემიჯნონ კომისიას და არ მიიღონ მონაწილეობა ფარსში და ხელისუფლება მარტო დატოვონ,” – განაცხადა მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ თავჯდომარე ნიკა მაჭუტაძემ.

სარწმუნო ინფორმაცია გვქონდა იმასთან დაკავშირებით, რომ პრეზიდენტი ცალკეულ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან მართავდა კონსულტაციებს მათ მიერ კომისიის დატოვებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტისა და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო კომისიის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, სამწუხაროა, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება, თუმცა, ის პროცესი, რომელიც საკონსტიტუციო კომისიამ დაიწყო, წარმატებით დასრულდება.

წყარო

მსგავსი სიახლეები
37 ნახვა