საქართველოს ნატო-ს გენერალური მდივანი ეწვევა

უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევები, რომელთა წინაშეც დადგა მსოფლიო, ალიანსის წევრებისა და პარტნიორებისგან მოითხოვს სტრატეგიული კომუნიკაციის გაუმჯობესებას, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ორდღიანი ფორუმის გახსნაზე განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველო ძალისხმევას არ იშურებს, რომ შეინარჩუნოს ინტეგრაციის პოზიტიური დინამიკა და ალაინსთან ურთიერთობები გახადოს შინაარსობრივად კიდევ უფრო დატვირთული. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საქართველოს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი ამ გზაზე და ხელშესახები შედეგები.

პრემიერმა მადლობა გადაუხადა ფორუმის ორგანიზატორებს – ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრს და მის აპარატს, ასევე ნატო-ს სახალხო დიპლომატიის განყოფილებასა და საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისს და მის ხელმძღვანელს.

”ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ალიანსში გაწევრიანების საკითხზე მიმდინარეობს საზოგადოებასთან ინტენსიური დიალოგი და მოქალაქეთა აქტიური მონაწილეობა ამ პროცესში, რაც, თავის მხრივ, საზოგადოების მხარდაჭერის მნიშვნელოვანი წინაპირობაა. საბედნიეროდ, სახალხო დიპლომატიის ფორუმის ფორმატი იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ განვიხილოთ ახალი გამოწვევები და სტრატეგიები, ერთმანეთს გავუზიაროთ საუკეთესო პრაქტიკა და შევაჯამოთ შედეგები. დღეს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევები და მასშტაბები, რომელთა წინაშეც დადგა მსოფლიო, ალიანსის წევრებისა და პარტნიორებისგან მოითხოვს სტრატეგიული კომუნიკაციის გაუმჯობესებას. ეს არის ეფექტიანი ბრძოლის საშუალება ევროატლანტიკურ სივრცეში და მის საზღვრებს გარეთ მშვიდობისა და სტაბილურობის დასამყარებლად. ამიტომაც იქცა სტრატეგიული კომუნიკაცია ჩვენი პოლიტიკის განუყოფელ ნაწილად.

ჩვენთვის დიდი პატივია, რომ 26-29 მაისს საქართველოში ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა ტარდება და ამავე ღონისძიებაზე ნატო-ს გენერალური მდივნის ვიზიტი იგეგმება. ჩვენ ამას მივიჩნევთ როგორც ნატო-ს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ. ეს ფორუმი არის კარგი შესაძლებლობა, რომ უფრო ფართოდ განვიხილოთ და ერთმანეთს გავუზიაროთ ეს გამოცდილება. გისურვებთ წარმატებულ ფორუმს და გისურვებთ, ჩვენ ერთად შევძლოთ, გავუმკლავდეთ ძალიან სერიოზულ გამოწვევებს, რომლებიც ჩვენს ირგვლივ არსებობს, ვინაიდან, მხოლოდ ერთობით და მათ შორის სახალხო დიპლომატიის ძალიან გააქტიურებით შევძლებთ ერთიანი საინფორმაციო სტრატეგიის განხორციელებას, რაც ესოდენ მნიშვნელოვანია უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

წყარო

მსგავსი სიახლეები
30 ნახვა