ირაკლი კობახიძე ბელგიის სამეფოს ფედერაციული პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საქართველოში ვიზიტით მყოფი ბელგიის სამეფოს ფედერაციული პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარე ზიგფრიდ ბრაკე მიიღო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტიდან აცნობეს, შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობისა და მჭიდრო საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის განვითარებაზე ისაუბრეს. ირაკლი კობახიძემ ბელგიელ კოლეგას საქართველოში მიმდინარე რეფორმები გააცნო და სიღრმისეულად ისაუბრა საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობის, მიზნებისა და პრიორიტეტების შესახებ.

პარლამენტის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციის საკითხი განიხილეს. ბელგიის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა.

თავის მხრივ, ირაკლი კობახიძემ ზიგფრიდ ბრაკეს მადლობა გადაუხადა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისა და ქვეყნის დამოუკიდებლობის მხარდაჭერისთვის.

პარლამენტის ცნობით, შეხვედრაზე ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მიმდინარე წელს საქართველო და ბელგიის სამეფო დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 25 წლისთავს აღნიშნავს. მხარეებმა მზადყოფნა გამოთქვეს, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები და საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობა კიდევ უფრო მჭიდრო და ნაყოფიერი გახდეს. ამ კონტექსტში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საპარლამენტო დიპლომატიის გააქტიურებაზე როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში.

შეხვედრას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე სერგი კაპანაძე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა, ბელგიის სამეფოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი დავით სონღულაშვილი და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ნიკოლოზ სამხარაძე ესწრებოდნენ.

წყარო

მსგავსი სიახლეები
29 ნახვა