საქართველოს ბელგიის სამეფოს ფედერაციული პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარე ეწვევა

საქართველოს 10-14 აპრილს ბელგიის სამეფოს ფედერაციული პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარე, ზიგფრიდ ბრაკე ეწვევა.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში პირველ შეხვედრას ზიგფრიდ ბრაკე დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, ირაკლი კობახიძესთან გამართავს.

შეხვედრის შემდეგ ზიგფრიდ ბრაკე და ირაკლი კობახიძე პრესისთვის ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ. ამავე დღეს, ბელგიის სამეფოს ფედერაციული პარლამენტის წარმომადგენელთა თავმჯდომარე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, პარლამენტის თბილისის სასახლეს დაათვალიერებს. ასევე, დაგეგმილია შეხვედრები ოპოზიციური ფრაქციების თავმჯდომარეებთან და საპარლამენტო უმრავლესობასთან.
ზიგფრიდ ბრაკე შეხვედრებს საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან, პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესთან, საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძესთან, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარესთან, დავით უსუფაშვილთან გამართავს. ასევე, დაგეგმილია ზიგფრიდ ბრაკეს შეხვედრა გოსელინ ჯგუფის მენეჯერთან, ჯონ ბრაიქველთან.

ვიზიტის ფარგლებში, ბელგიის სამეფოს ფედერაციული პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარე გორში გაემგზავრება, სადაც ევროკავშირის მონიტორინგის მისიის წარმომადგენლებს შეხვდება. ამავე დღეს, ზიგფრიდ ბრაკე სოფელ ხურვალეთში, ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლს მოინახულებს.

ბელგიის სამეფოს ფედერაციული პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარე საქართველოს 14 აპრილს დატოვებს.

წყარო

მსგავსი სიახლეები
24 ნახვა