”ეს შენ გეხებამ” ფარული მიყურადების შესახებ კანონთან დაკავშირებული 300-მდე მოქალაქის სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში გაგზავნა

კამპანიამ ”ეს შენ გეხება” ფარული მიყურადების შესახებ კანონთან დაკავშირებული 300-მდე მოქალაქის სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში გაგზავნა. სარჩელები ფონდ ”ღია საზოგადოება საქართველოს” ოფისიდან ფოსტაში რამდენიმე წუთის წინ წაიღეს. მანამდე კი ფონდში პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც კამპანია ”ეს შენ გეხებას” წარმომადგენლებმა გიორგი ბურჯანაძემ, გიორგი გოცირიძემ, სოფო ვერძეულმა, ლევან ავალიშვილმა და მარიამ ოზაშვილმა სარჩელების შესახებ ისაუბრეს.

მოქალაქეების უკმაყოფილება ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს სუს-ის დაქვემდებარებაში ყოფნას უკავშირდება. კამპანიის წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო სარჩლებზე განმწესრიგებელ სხდომაზევე იმსჯელებს და გამარტივებული პროცედურის შესაბამისად პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს გააუქმებს.

”ეს კანონი არის არაკონსტიტუციური, რადგან პირდაპირ ეწინააღმდეგება საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილებას. ჩვენ მიგვაჩნია, რომ სასამართლომ ეს განმწესრიგებელ სხდომაზევე უნდა გააუქმოს. იმედს ვიტოვებთ, რომ სასამართლოს რეაგირება იქნება სწრაფი და ის სრულად გაიზიარებს ჩვენს პოზიციებს, რადგან ეს არის კარგი საშუალება, რათა მათ დაიცვან საკონსტიტუციო სასამართლოს პრესტიჟი. ის, რაც საქართველოს პარლამენტმა გააკეთა ფარულ მიყურადებასთან დაკავშირებით, ეს იყო საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების უგულვებელყოფა. თუ საკონსტიტუციო სასამართლოს უნდა, რომ მის გადაწყვეტილებას მომავალში რაიმე ძალა და ეფექტი ქონდეს, აუცილებელია გაუქმდეს ყველა ის რეგულირება, რომელიც ჩვენს მიერ არის გასაჩივრებული”, – განაცხადა გიორგი ბურჯანაძემ.

”ეს შენ გეხებას” წარმომადგენლების ინფორმაციით, კამპანიას თავისი სარჩელით შეუერთდება სახალხო დამცველი. ”ეს შენ გეხებაში” იმედოვნებენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს „სასამართლოს მეგობრის“ მოსაზრებით მიმართავს საქართველოს პრეზიდენტი.

ფარული მიყურადების შესახებ კანონთან დაკავშირებული სარჩელები ”ეს შენ გეხებას” წარმომადგენლებმა გასულ კვირას ჩაიბარეს. სარჩელები თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის მასშტაბით შეგროვდა.

წყარო

მსგავსი სიახლეები
33 ნახვა