სუს-ის ანგარიშს პარლამენტში ხუთშაბათს მოუსმენენ

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშს საქართველოს პარლამენტში ხუთშაბათს გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე მოუსმენენ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრები მოუსმენენ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ განუცხადა.

მისი თქმით, ძირითადად ყურადღება გამახვილდება ტერორიზმის საფრთხეებზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე განხორციელებულ და განსახორციელებელ პრევენციულ ზომებზე და კონტრდაზვერვის საქმიანობაზე, ასევე, სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.

როგორც ბესელიამ აღნიშნა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშის მოსმენის პირველი ნაწილი ღია იქნება, ხოლო მეორე ნაწილი შესაძლოა დაიხუროს, თუმცა ჯერჯერობით ზუსტი ფორმატი შერჩეული არ არის. ”სუსის ანგარიში უკვე მივიღეთ. წინასწარი სამუშაო პროცესი უკვე ჩატარდა და ხუთშაბათს გვექნება ანგარიშის მოსმენა. წარმოდგენილი იქნება ყველა მნიშვნელოვანი მიმართულება. შესაძლებელი იქნება დავსვათ კითხვები იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლის განეიტრალებაზეც მუშაობს უსაფრთხოების სამსახური – ტერორიზმის საფრთხეები, ოკუპირებულ ტერიტორიაზე პრევენციული ღონისძიებები, კონტრდაზვერვითი საქმიანობა და ა.შ. არის საკითხები, რომელზეც ღია ეთერში საუბარი იქნება რთული, ამიტომ ფორმატი შემუშავდება, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, რომ უწყებას მოვუსმინოთ სიღრმისეულად”, – განაცხადა ბესელიამ.

წყარო

მსგავსი სიახლეები
30 ნახვა