ექსპორტის პოტენციალის მქონე მცირე და საშუალო მეწარმეთათვის ტრენინგი გაიმართება

ევროპალატის პროექტი „East Invest” გრძელდება. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით, 12 აპრილს, 13:00 საათზე, ქუთაისში, სასტუმროში „ბაგრატი 1003“ პროექტის ფარგლებში გაიმართება ტრენინგი აგრო-სასურსათო და საკვების გადამამუშავებელი სფეროს მცირე და საშუალო კომპანიების წარმომადგენლებისათვის.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” სავაჭრო-სამრეწველო პალატიდან აცნობეს, აღნიშნული ტრენინგის თემას წარმოადგენს „წვდომა ევროკავშირის ბაზარზე“. მოდელად განხილული იქნება საფრანგეთში ექსპორტის წინაპირობები.

”ტრენინგის მიზანია, ევროკავშირში ექსპორტის მსურველების ინფორმირება ევროკავშირსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობისათვის აუცილებელი მოთხოვნების შესახებ. ექსპორტის პოტენციალისა და უცხოურ ბაზარზე კონკურენტუნარიანობის გაზრდის მიზნით, დამსწრე აუდიტორია გაეცნობა ევროკავშირის კანონმდებლობას, ბაზრის სტრუქტურასა და ევროკავშირში ექსპორტთან დაკავშირებულ ვალდებულებებს ქართული კომპანიებისათვის. მოწვეულნი არიან პარიზის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ესპერტები”, – აცხადებენ სავაჭრო-სამრეწველო პალატაში.
მათივე ინფორმაციით, სავაჭრო-სამრეწველო პალატა საქართველოში ევროპალატის მთავარი პარტნიორია. ევროპალატა რეგიონალურ საინვესტიციო და სავაჭრო პროექტ East Invest-ის განხორციელებას განაგრძობს. პროექტის მიზანი ევროპის აღმოსალეთ პარტნიორობის ინიციატივის ფარგლებში, აღმოსავლეთ სამეზობლო რეგიონის ქვეყნების (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვეთის რესპუბლიკა და უკრაინა) ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობაა.

წყარო

მსგავსი სიახლეები
25 ნახვა