”ვიშეგრადის ოთხეული“ ევროკავშირს მოუწოდებს, „აღმოსავლეთ პარტნიორობა“ მათ დღის წესრიგში მუდმივად იდგეს, როგორც პრიორიტეტი

”ვიშეგრადის ოთხეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრები მოუწოდებენ ევროკავშირის ინსტიტუტებს, გადადგან ადეკვატური ნაბიჯები იმისათვის, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობა“ მუდმივად იდგეს ევროკავშირის დღის წესრიგში, როგორც პრიორიტეტი, – ამის შესახებ ნათქვამია ”ვიშეგრადის ოთხეულის“ განცხადებაში, რომელიც ვარშავაში ორგანიზაციის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე მიიღეს.

ამასთან, დოკუმენტში ნათქვამია, რომ ”ვიშეგრადის ოთხეული“ ”აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებისთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭებას მხარს უჭერს.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობას“ უნდა ჰქონდეს თვალსაჩინო პოლიტიკური ნარატივი და ახალი სტრატეგიული ხედვა.

”ამ კონტექსტში, „ვიშეგრადის ოთხეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრები თანხმდებიან, რომ ბრიუსელში დაგეგმილი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მომდევნო სამიტის დეკლარაციაში უნდა აისახოს პარტნიორი ქვეყნების განსხვავებული მისწრაფებები და დაინტერესებული პარტნიორებისთვის შეთავაზებული უნდა იქნას ევროპული პერსპექტივა. ამასთანავე, გრძელვადიან პერსპექტივაში „აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის“ უნდა მომზადდეს ამბიციური დღის წესრიგი”, – ნათქვამია დოკუმენტში.

აღნიშნულით „ვიშეგრადის ოთხეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მტკიცე მხარდაჭერა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მიმართ და აღნიშნეს, რომ იგი „ევროპული სამეზობლო პოლიტიკის“ სტრატეგიულ მიმართულებას წარმოადგენს, რაც ხელს უწყობს აღმოსავლეთ ევროპაში სტაბილურობასა და ეკონომიკურ განვითარებას.

ამ თვალსაზრისით, მინისტრები მოუწოდებენ ევროკავშირის ინსტიტუტებს, გადადგან ადეკვატური ნაბიჯები იმისათვის, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობა“ მუდმივად იდგეს ევროკავშირის დღის წესრიგში როგორც პრიორიტეტი.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რთული გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე, „ვიშეგრადის ოთხეულის“ მინისტრები მოუწოდებენ გამოწვევებზე სტრატეგიული რეაგირებისაკენ და ხაზს უსვამენ პარტნიორ ქვეყნებში რეფორმების პროცესის გაგრძელების საჭიროებას შიდა სტაბილურობის, მდგრადობისა და სამოქალაქო უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით.

განცხადებაში ასევე საუბარია ევროკავშირსა და პარტნიორ ქვეყნებს შორის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურული კავშირების განვითარებაზე.

მინისტრების განცხადებით, აღნიშნულ წვლილს შეიტანს არამარტო ეკონომიკური თანამშრომლობისა და ხალხთა შორის კონტაქტების განმტკიცებაში, არამედ გააძლიერებს პოლიტიკურ კავშირებსაც.

ამ კონტექსტში, მინისტრები მიესალმებიან აღმოსავლეთ ევროპული პარტნიორი ქვეყნების პან-ევროპულ სატრანსპორტო ქსელში (TEN-T) ინტეგრირების გადაწყვეტილებას.

წყარო

მსგავსი სიახლეები
36 ნახვა