ერდოღანის მომხრეები რეფერენდუმის შედეგებს ზეიმობენ – დათვლილია ხმათა 99%

თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მომხრეები რეფერენდუმის შედეგებს ქუჩაში ზეიმობენ. დათვლილია ხმათა 99%.

BBC-ის ცნობით, ამ დროის მონაცემებით, რეფორმას მხარს უჭერს ამომრჩეველთა 51.3%; წინააღმდეგია – 48.7%.

ქვეყნის პირველმა პირებმა უკვე მიულოცეს ერთმანეთს არსებული შედეგები. ცნობილია, რომ ოპოზიცია რეფერენდუმის შედეგებს მხარს არ უჭერს და გასაჩივრებას აპირებს.

საარჩევნო უბნები თურქეთში დღეს ადგილობრივი დროით დილის 08:00 საათზე გაიხსნა და 17:00 საათზე დაიხურა.

თურქეთის დაახლოებით 55 მილიონმა მოქალაქემ სარეფერენდუმო კითხვას გასცა პასუხი. ქვეყნის მასშტაბით 167 ათასი საარჩევნო უბანი იყო გახსნილი. ამის გარდა, 461 უბანი გაიხსნა ციხეებში. საარჩევნო უბნებს 380 ათასი პოლიციელი იცავდა. ცვლილებები ითვალისწინებს საპარლამენტოდან საპრეზიდენტო რესპუბლიკაზე გადასვლას, პრემიერის თანამდებობის გაუქმებას, საპარლამენტო მანდატების რაოდენობის გაზრდას (550-დან 600-მდე) და უზენაესი სასამართლოს და პროკურორების კოლეგიის რეფორმირებას.

თუკი მოსახლეობა ამ ცვლილებებს მხარს დაუჭერს, მორიგი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები 2019 წლის 3 ნოემბერს ერთად გაიმართება.

მსგავსი სიახლეები
108 ნახვა