„რეზონანსი” – ლარს გაუფასურება აღარ ემუქრება

ლარის სეზონური გაუფასურების პერიოდი დასრულდა და ახლო მომავალში მოსალოდნელია ეროვნული ვალუტის გამყარებაც კი.
როგორც გაზეთი „რეზონანსი” წერს, ფინანსისტების აზრით, ამას ხელს შეუწყობს ტურისტული სეზონი და მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება.

ლარმა წლის ყველაზე კრიტიკულ თვეებს გაუძლო და ახლა ყველას აინტერესებს, რამდენად შეინარჩუნებს საშუალოვადიან და შემდეგ უკვე გრძელვადიან პერიოდში სიმყარეს.

სპეციალისტები ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას საგარეო მოვლენებს უკავშირებენ და აცხადებენ, რომ ეს ფაქტორები მეტ-ნაკლებად მოახდენს გავლენას კურსის ცვლილებაზე.

ქართველი ფინანსისტები ამჯერად ყურადღებას ამახვილებენ ევროპაში მიმდინარე პროცესებზე, კონკრეტულად კი საფრანგეთის არჩევნებზე. მათი აზრით, ახლა ეროვნული ვალუტა შედარებით უკეთეს სიტუაციაშია და კურსი არ დაეცემა, თუკი საგარეო ფაქტორები მკვეთრად არ გაუარესდება. რაც შეეხება გამყარებას, ეს სავალუტო შემოდინებაზეა დამოკიდებული.

ეკონომისტი აკაკი ცომაია “რეზონანსთან” აცხადებს, რომ საფრანგეთში არჩევნებმა მშვიდად ჩაიარა და ამ ეტაპზე საგარეო ფაქტორები ლარის კურსზე გავლენას არ მოახდენს. ამიტომ უახლოეს მომავალში ეროვნული ვალუტის გამყარებაც მოსალოდნელია. ტურიზმის გააქტიურება და მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება ამ მხრივ შედეგს აუცილებლად გამოიღებს.

“საფრანგეთის არჩევნების შემდეგ უნდა ველოდოთ თუ არა რამე ცვლილებას? შესაძლოა, ნაწილობრივ გავლენა მოახდინოს უცხოურ ინვესტიციებსა და საგარეო ვაჭრობის მოცულობაზე, რამაც შეიძლება მცირედ იმოქმედოს ლარის კურსზე. სხვა მხრივ, რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილება მოსალოდნელი არ არის.

უახლოესი თვეების განმავლობაში არ ჩანს გაუფასურების ტენდენცია. ამ პერიოდში უნდა გაიზარდოს ტურისტების ნაკადი და ეს დადებითად იმოქმედებს ლარის გამყარებაზე. პარალელურად, მონეტარული პოლიტიკაც გამკაცრდა და ამანაც უნდა შეუწყოს ხელი გამყარებას. სხვა თანაბარ პირობებში, თუ რამე რადიკალური არ მოხდება (მაგალითად, ინვესტიციების მოცულობა მკვეთრად არ შემცირდება და ა.შ.) პირადად მე უახლოეს მომავალში უფრო მეტად ლარის გამყარებას ველოდები, ვიდრე გაუფასურებას”, – აღნიშნა “რეზონანსთან” ცომაიამ.

ფინანსისტი ნიკა შენგელია ფიქრობს, რომ ერთკვირიან შუალედში ლარის მერყეობა მოსალოდნელია, თუმცა ზოგადად გაუფასურების საფრთხე მოხსნილია.

“საფრანგეთის არჩევნებში მარინ ლე პენს რომ გაემარჯვა, ევრო დოლართან მიმართებით 1,03-მდე დაეცემოდა. შესაბამისად, მოხდებოდა დოლარის ინდექსის მატება, რაც გამოიწვევდა ამერიკული ვალუტის პოზიციების გამყარებას სხვა ვალუტებთანაც. ასეთ პირობებში ლარი თავისუფლად შეიძლებოდა დაცემულიყო 2,50-იან ნიშნულზე.

ახლა ეს საფრთხე მოხსნილია, მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ მაკრონმა გაიმარჯვა, მაინც შეინიშნება ევროს შესუსტება. ამას გარდა, 24 აპრილს წარმოქმნილი გეპი (წყვეტა, ანუ პაუზა ფასების დიაგრამაში, რომელიც შეიძლება გამოიწვიოს მკვეთრმა დაცემამ ან მატებამ) ჯერაც შეუვსებელია. შესაბამისად, ერთკვირიან შუალედში შეიძლება მივიღოთ ლარის მერყეობა (2,39-2,48-ის შუალედში). ზოგადად, კურსი ამ საზღვრებში იმერყევებს.

რამდენიმე დღის შემდეგ მოსალოდნელია ნავთობის ფასის დაწევაც. 1 ბარელი ნავთობი თუ 43 დოლარამდე ჩამოვიდა, შემდგომი გაჩერება 37-38 დოლარის ნიშნულზე იქნება”, – განუცხადა “რეზონანსს” შენგელიამ.

 

წყარო

მსგავსი სიახლეები
140 ნახვა