იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღეს მოსამართლეობის კანდიდატებს უყრის კენჭს

იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღეს მოსამართლეობის კანდიდატებს უყრის კენჭს. საბჭოს სხდომა 11:00 საათზეა ჩანიშნული.
დღის წესრიგით მხოლოდ ერთი საკითხი, მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრაა გათვალისწინებული. საბჭოს წევრებს 106 მოსამართლეობის კანდიდატიდან 84-ის შერჩევა მოუწევთ, რადგან საერთო სასამართლოებში ამ ეტაპზე მხოლოდ 84 ვაკანტურ თანამდებობაზეა გამოცხადებული კონკურსი.

მოსამართლეობის კანდიდატებს შორის არიან არაერთი გახმაურებული საქმის მოსამართლეები, მოქმედი პროკურორები და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები, კერძოდ, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ ჩინჩალაძე, მოქმედი პროკურორები რევაზ ნადოი და მაია ჯვარშეიშვილი, ყოფილი მოსამართლე გიორგი ჩემია, რომელიც გირგვლიანის მკვლელობის საქმის მოსამართლე იყო.

მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრა, მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ტალღის ფარგლებში მიღებული კანონით პირველად ტარდება. კანონის თანახმად შეცვლილია კანდიდატების შეფასების სისტემა და საბჭოს წევრებს მათთვის ქულების დაწერა მოუწევთ.

მსგავსი სიახლეები
37 ნახვა